“ხალხისგან დამალული” და “სხვა ხარჯებით” გამოტენილი ბიუჯეტის მიმართ პროტესტი არ ცხრება. ეს იმიტომ, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის ყველაზე გაუმჭვირვალე ბიუჯეტი, რაც კი აქამდე ოდესმე წარმოუდგენია.
“თავისუფალი დემოკრატებისა” და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ორგანიზებით ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიეძღვნა და მას “თავისუფალი დემოკრატებისა” და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლების გარდა, ექსპერტებიც ესწრებოდნენ.
ონოფრიშვილის აზრით, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში ძირითადი პრობლემა გაუმჭვირვალობაა. “ეს ბიუჯეტი არის ყველაზე გაუმჭვირვალე. მესამე განხილვამდე წარმოდგენილია მხოლოდ ხელფასის ხარჯები, დანარჩენი ხარჯი კი “სხვა ხარჯებშია” მიწერილი.
თითოეული სამინისტროსა თუ უწყების ხარჯები გაშიფრულია მხოლოდ ხელფასის ნაწილში და არ არის მითითებული, თუ რა ხარჯი გაიწევა “საქონელისა და მომსახურების” კატეგორიაში, სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში. მთელ რიგ უწყებებში არ სახელდება ხელფასის გარდა, რაში იხარჯება ბიუჯეტი”, - აღნიშნა ონოფრიშვილმა და დასძინა, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, ეს ბიუჯეტი არის ხალხისგან დამალული, არატრანსპარენტული.
აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის შესრულებაზე თვალყურის დევნება ძნელია, როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე მოსახლეობისათვის.
“მოსახლეობას აქვს უფლება თვალყური ადევნოს ბიუჯეტის შესრულების პროცესს, რადგან ეს არის სწორედ მოსახლეობის გადასახადებისაგან აკრეფილი თანხა. ბიუჯეტის ეს პროექტი ასევე ძალიან შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისაგან. ჩვენ გვაქვს შენიშვნები, რომელთა გათვალისწინება შეიძლება”, - აღნიშნა ონოფრიშვილმა და დასძინა, რომ ბიუჯეტის ხალხისგან დამალვა მიზანმიმართულად ხორციელდება.
მისი თქმით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროქტის მიხედვით, შემოსულობები 7 მილიარდ 673 მილიონი ლარი იქნება. “ამ თანხის დაახლოებით 85 პროცენტი შემოსავლებზე მოდის, რომლის მოცულობა 2011 წელთან შედარებით, 300 მილიონი ლარით იზრდება და 6,6 მილიარდ ლარს უტოლდება” - აღნიშნა ონოფრიშვილმა.
აფბა-ს პრეზიდენტის, ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის ძირეული პრობლემა ბიუჯეტის პროგრამულობის საკითხია. აფბა-ში მიიჩნევენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პროგრამულობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა.
“ბიუჯეტის 16% გაწერილია “სხვა ხარჯებში”, წინასწარ არ არის ცნობილი რაში დაიხარჯება დაახლოებით 1 მლრდ ლარი. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ბიუროკრატიული ხარჯების მაღალი მაჩვენებელი. სახელმწიფო სექტროში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წელს მცირდება, სახელფასო ფონდი კი 50 მლნ ლარით იზრდება”, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის მიიჩნევს, რომ მათი შენიშვნების გათვალისწინება ბიუჯეტის პროექტში აუცილებლად უნდა მოხდეს. დღეს ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა დოკუმენტი, რომელშიც სწორედ შენიშვნები შევიდა და პარლამენტს გადაეცემა.
მართალია, ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება, მაგრამ 2012 წელს ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები მცირდება. “აქ იგულისხმება ის, რომ ყველა ის შემოსავალი, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა წყაროებიდან იღებს, მცირდება. 2011 წლის ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები განსაზღვრული იყო 8360 მილიონი ლარით, 2012 წელს კი ეს ციფრი 7673 მილიონი ლარი იქნება, შემოსულობების მოცულობა 687,2 მილიონი ლარით მცირდება”, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
შენიშვნები 2012 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აქვთ ეკონომიკის ექსპერტებსაც. ირაკლი ლექვინაძის განცხადებითაც, ბიუჯეტის პროექტის მთავარი სუსტი წერტილი “სხვა ხარჯებია”.
“სხვა ხარჯებს” ბიუჯეტის პროექტში ბევრად მეტი პროცენტი უკავია, ვიდრე ეს საერთაშორისო სტანდარტებით არის გაწერილი. აუცილებელია, იმ მუხლების სიცხადე, რომელიც მოქცეულია “სხვა ხარჯების” კომპონენტში”, - აცხადებს ლექვინაძე.
და კიდევ ერთი მონაცემი. 2012 წლის ბიუჯეტში საგარეო და საშინაო ვალზე გადასახდელმა თანხამ უკვე 580 მილიონ ლარს მიაღწია...
785
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85