ინფორმაციული ომი, ანუ როგორ იქმნება მტრის ხატი.

ინფორმაციული ომი, ანუ როგორ იქმნება მტრის ხატი.

"2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომს მესამე წელია რუსეთ-საქართველოს არანაკლებ მწვავე საინფორმაციო დაპირისპირება აგრძელებს... რუსული უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა საქართველოს ღირსების შელახვასა და დისკრედიტაციაზე სრული დატვირთვით მუშაობს. მისი სამოქმედო სივრცე რუსეთის საზღვრებს კარგა ხანია გასცდა და ანტიქართული განწყობის შექმნას ახლა სხვა ქვეყნებში ცდილობს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (25 ნოემბერი - 8 დეკემბერი, 2011) სტატიაში სათაურით ინფორმაციული ომი, ანუ როგორ იქმნება მტრის ხატი.

"ცოტა ხნის წინ თურქეთში დაიბეჭდა და თურქულ ენაზე გამოვიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე წიგნი, რომლის ქართული დასახელება ასეთია - "სამხრეთ ოსეთი. გენოციდი". წიგნის ავტორია ფატიჰ ტვანბა და მასში თავმოყრილია 2008 წლის ომთან დაკავშირებული რუსული, თურქული და აფხაზური საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მასალები, აგრეთვე თურქეთში მოქმედი კავკასიური კლუბების განცხადებები... 2008 წლის მოვლენათა ტენდენციური გაშუქება ახალი ამბავი არ არის. ხუთდღიან ომზე რუსეთში დაბეჭდილ გამოცემათა უმრავლესობა აქცენტს საქართველოზე აკეთებს, ხოლო მეორე მხარესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს მიზანმიმართულად გვერდს უვლის და თან ცდილობენ, რაც შეიძლება "დაჩაგრულად" წარმოადგინონ. შეძლებისდაგვარად მოხერხდა რამდენიმე წიგნისა და კვლევის გაცნობა. მათ შორისაა სტატიების კრებული - Танки августа, ორჰან ჯემალის Война. Хроника пяти дней, სერგეი ვორონცოვის Осетия в огне, კრებული - Война в южной Осетий, სტატიების კრებული - День катастрофы-888 და კიდევ მრავალი სხვა", - აღნიშნავს გამოცემა.

"პრაქტიკულად ყველა გამოცემა რამდენიმე საკითხზე ერთსა და იმავე პოზიციას გამოხატავს, ყველგან ლაპარაკია ე. წ. რეგიონზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, მაგრამ შეგნებულად გვერდი აქვს ავლილი იმ ჭეშმარიტებას, რომ ორივე რეგიონი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. რუსი მკითხველისთვის კი ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რაღაც ქვეყნებად არის წარმოდგენილი, რომლებსაც საქართველოსთან საერთო მხოლოდ საზღვარი აქვს და სხვა არაფერი... ავტორთა უმრავლესობა თავს არიდებს რუსული სამხედრო პოტენციალის სრულად წარმოდგენას და ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთის არმიათა შესაძლებლობები ერთ სიბრტყეში მოაქციონ, ანუ ომი თანაბარი შესაძლებლობების მქონე ორ არმიას შორის განიხილონ.... მთლიანობაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები წარმოდგენილია, როგორც დასავლეთის ყაიდაზე მომზადებულ ქართულ არმიასა (ავტორთა ერთი ნაწილი ასე აღიქვამს საქართველოს არმიას) და რუსული სამხედრო სკოლას შორის მომხდარ ომად, სადაც ამ უკანასკნელმა თავისი სიძლიერე ისევ დაამტკიცა და გაიმარჯვა", - განმარტავს სტატიის ავტორი. 

"ქართულ არმიაში ორი ჰაუპტვახტია, ერთი სენაკში, მეორე კი ვაზიანში. ორივე შენობა შეესაბამება ევროსტანდარტებს, მაგრამ ბევრი საკითხი დარეგულირებას მოითხოვს. არ არსებობს მარეგულირებელი ნორმატიული აქტი, რომელიც ჰაუპტვახტის წესებს განსაზღვრავს, ამიტომ იქ წესებს ადმინისტრაცია ან სამხედრო პოლიცია თვითნებურად ადგენს. ეს არასწორია, რადგან ჰაუპტვახტი არის საპატიმრო, სადაც ადამიანები ხვდებიან სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და სისტემა ვინმეს პირადი შეხედულებისამებრ არ უნდა იმართებოდეს. სხვადასხვა დროს ჩატარებული მონიტორინგით დადგინდა, რომ ვაზიანისა და სენაკის ჰაუპტვახტებში სხვადასხვა სტანდარტია და სიტუაციაც ინდივიდუალურად იმართება. ზოგიერთ შემთხვევაში დისციპლინარულ პასუხისგებაში მიცემული პირი ისეთივე პირობებშია, როგორშიც სისხლის სამართლის დამნაშავე. უფრო მეტიც, ზოგჯერ ჩვეულებრივ ციხეში მყოფი ეჭვმიტანილი გაცილებით უკეთეს პირობებშია, ვიდრე ჰაუპტვახტში მყოფი სამხედრო მოსამსახურე, რაც დაუშვებელია. არის შემთხვევები ღირსების შემლახველი მოპყრობისა, რაც შეიძლება წამებასაც კი უტოლდებოდეს. არმიის საპატიმრო დაწესებულებებში ასეთი ხარვეზები იმიტომ ხდება, რომ ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას კომპეტენტურ კადრებს არ არჩევენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, სტატიაში სათაურით რა ხდება ქართულ ჰაუპტვახტებში...

"გასულ თვეს ბრიტანეთის საიმიგრაციო სააპელაციო კომისიამ რუსული წარმოშობის ეკატერინე ზატულივეტერის საქმის მოსმენა დაიწყო. მკითხველს შევახსენებთ, რომ ზატულივეტერს ჯაშუშობის ბრალდება ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა 2010 წლის დეკემბერში წაუყენეს და მისი დეპორტაცია მოითხოვეს... "კატია", როგორც მას მოფერებით ეძახიან, პარლამენტის წევრ მაიკ ჰენკოკის ასისტენტი იყო... კომისიის სხდომაზე ზატულივეტერმა აღიარა, რომ თავის უფროსთან, მაიკ ჰენკოკთან რომანი ჰქონდა, რასაც ადრე ორივე კატეგორიულად უარყოფდა", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით რუსეთის საგარეო დაზვერვა: მარცხი მარცხს მოსდევს.

"უკვე დამტკიცებულია, რომ მაიკ ჰენკოკთან მუშაობისას ზატულივეტერი თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებულ ათობით საპარლამენტო თხოვნას გზავნიდა, მათ შორის, ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ნავების დისლოკაციისა და ქვეყნის ატომური პოტენციალის შესახებ... კა-გე-ბეს ვეტერანებსა და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კატია ზატულივეტერმა გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა დიდ ბრიტანეთს, ვიდრე რუსეთის საგარეო დაზვერვის მთელმა რეზიდენტურამ. კერძოდ კი, კატიამ მოიპოვა ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განლაგებულ ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ბაზებზე. ის სვამდა კითხვებს მნიშვნელოვან სამხედრო თემებზე, პარლამენტის წევრი მაიკ ჰენკოკი კი ამ შეკითხვებს შესაბამის ორგანოებში გზავნიდა. მოდიოდა პასუხები, ზატულივეტერი მას კითხულობდა, იწერდა, აკეთებდა ასლებს და რუსეთის დაზვერვას უგზავნიდა... ჯერ კიდევ გასარკვევია, ჰენკოკი უნებლიეთ ეხმარებოდა "კატიას" სადაზვერვო საქმეებში თუ თვითონაც რუსეთის გავლენის აგენტი იყო", - აღნიშნავს გამოცემა.

"40 წლის წინ ყველაფერი ობიექტურად რომ შეფასებულიყო, მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის (მათ შორის - NATO-ს წევრი თურქეთის) შეიარაღებაში დღეს გორკის (ახლანდელი ნიჟნი-ნოვგოროდი) საავტომობილო ქარხნის წარმოებული საქვეყნოდ ცნობილი БТР-70-ები და БТР-80-ები კი არა, ქუთაისში აწყობილი ჯავშანტრანსპორტიორები იქნებოდა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი სტატიაში სათაურით შეუმდგარი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი / ანუ რატომ არ დაიწყო ქუთაისის ავტოქარხანამ საბჭოთა არმიისთვის ყველაზე მასობრივი ჯავშანტრანსპორტიორების წარმოება...

"1954-57 წლებში საბჭოთა კავშირის ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების აკადემიის რამდენიმე მეცნიერმა და ინჟინერმა იმ დროისთვის თანამედროვე რვათვლიანი ჯავშანტრანსპორტიორის პროექტირება დაიწყეს... 1958 წელს გამოვიდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება, რომლის თანახმადაც ყველა სამუშაო გადაეცემოდა ქუთაისის ავტოქარხნის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ მ. რიჟიკი, დ. ქართველიშვილი და ს. ბათიაშვილი", - წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს:

"ვიეტნამში ბრძოლების გაჩაღებისთანავე უსტინოვმა მოსკოვში დაიბარა ქუთაისის ქარხნის მთავარი კონსტრუქტორი დიმიტრი ქართველიშვილი და მას ობიექტი-1040-ის დიდი სერიებით გამოშვება უბრძანა... ქუთაისელ ავტომშენებლებს ასობით საზენიტო კომპლექსი უნდა დაემზადებინათ. ეს კი ძალიან რთული და შრომატევადი საქმე იყო, ქუთაისელები ნამდვილად ვერ გასწვდებოდნენ. ქუთაისის ავტოქარხანაში საგანგებოდ ჩავიდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე, რომელმაც დაათვალიერა საბრძოლო მანქანების ამწყობი სპეციალური საამქრო და ესაუბრა ქარხნის დირექციას. გადაწყდა, ქუთაისის ქარხანა უარს ამბობდა თვითმავალი საზენიტო დანადგარების სერიულ გამოშვებაზე და საცდელ კომპლექსებს რუსეთის ერთ-ერთ ქარხანას გადასცემდა".

"მაშინდელი საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უხვად იძლეოდა დაფინანსებას სამხედრო პროექტებზე... მაგრამ მიუხედავად ასეთი დიდი პერსპექტივისა, ქუთაისელებმა მაინც უარი თქვეს, რაც შეიძლება განპირობებული ყოფილიყო კიდევ ერთი ნიუანსით - სერიული წარმოების ასაწყობად რუსეთიდან ქუთაისში აუცილებლად უნდა ჩამოეყვანათ არანაკლებ 600 სპეციალისტი ოჯახებით. თუმცა დღეს უკვე ძნელია თქმა, ზემოხსენებული არგუმენტის გამო განაცხადა უარი საქართველოს მაშინდელმა პირველმა პირმა - მჟავანაძემ თუ უბრალოდ სამხედრო გეგმის ჩავარდნისა შეეშინდა. რუსეთში გაგზავნილმა ქუთაისურმა ობიექტი-1040-მა მალე სახე იცვალა - მას ერთი ღერძი მოაკლეს, შეალამაზეს და მალე დღის სინათლე იხილა სახმელეთო ჯარების ПВО-ს ერთ-ერთმა მთავარმა კომპონენტმა - მობილურმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა ОСА-მ, რისთვისაც სახელმწიფო პრემიები და ჯილდოები ქართველი კონსტრუქტორების მაგივრად სხვებს ხვდათ წილად", - განმარტავს გამოცემა.

"სერჟანტ კელვინ გიბსს, რომელსაც ბრალად 2010 წლის იანვარში ყანდაარის პროვინციაში სამი მშვიდობიანი ავღანელის "სპორტული ინტერესით" მკვლელობა ედებოდა, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 26 წლის ამერიკელს შეწყალების მოთხოვნა, სულ ცოტა, ათწლიანი პატიმრობის შემდეგ შეეძლება. ბრალდების მხარე სერჟანტისთვის, რომელმაც დანაშაული არ აღიარა, სამუდამო პატიმრობის მისჯას შეწყალების მოთხოვნის უფლების გარეშე ითხოვდა. გამოძიების თანახმად, სერჟანტი კელვინ გიბსი ხუთკაციან ჯარისკაცთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ყანდაარის პროვინციაში მშვიდობიან ავღანელებს "გართობის" მიზნით ხვრეტდა, ხოლო დახოცილთა სხეულის ნაწილებს კი "სამახსოვროდ" ინახავდა", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით ავღანელთა "სპორტული ინტერესით" მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

"აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ჰიპებგერითი ბომბი AHW-ი გამოსცადა, რომლის წყალობით ამერიკელ სამხედროებს დარტყმის განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ერთი საათის განმავლობაში შეეძლებათ. პენტაგონი გამოცდის დეტალებს არ ახმაურებს, ცნობილია მხოლოდ, რომ AHW-ი ატმოსფეროს ზედა ფენაში რაკეტმზიდმა გაიტანა. რაკეტასთან დაშორიშორების შემდეგ ბომბი, რომლის მოხსენიება მანევრირებად ქობინად ან ზებგერით აპარატად უდრო მართებული იქნებოდა, ჰიპერბგერითი სიჩქარით სამიზნისკენ გაემართა. პროექტ AHW-ზე მუშაობა, გაცილებით მასშტაბური პროგრამის _ სწრაფი გლობალური დარტყმის ფარგლებში მიმდინარეობს", - აღნიშნავს გამოცემა სტატიაში სათაურით ერთ საათში დედამიწის ნებისმიერ ადგილს დაბომბავენ...