ე.წ. უცხოელი ინვესტორები ქართულ მიწებს დიდი სისწრაფით ყიდულობენ. განსაკუთრებით დიდ ინტერესს იჩენენ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიმართ. მათი პირველი სამიზნე კახეთის მიწებია, შემდეგ კი ქართლსაც “არ ტოვებენ უყურადღებოდ”.
“თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უცხოელ ინვესტორებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა მიმდინარეობს. მიწების უცხოელებზე მიყიდვის მცდელობაზე საუბრობენ შიდა ქართლშიც. სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის პროცესი ახალი წლიდან გააქტიურდა, ანუ მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნული უფლებით აღიჭურვა.
დედოფლისწყაროში ვაჩნაძის ქუჩის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ 15 წელია, საუბნო მიწას ამუშავებენ, რომელიც შირაქში ნაზარლების ტერიტორიაზე მდებარეობს. ამჟამად 19 ოჯახიდან უმეტესობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მიწების პრივატიზებას ვერ ახერხებს და საარსებო ლუკმის გარეშე რჩება.
როგორც ვაჩნაძის ქუჩის მცხოვრებნი აცხადებენ, მიწის დასაკანონებლად იმდენად დიდი თანხაა საჭირო, რომ ისინი პრივატიზებას ვერ შეძლებენ. არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლებას ამ მიწების ხელში ჩაგდება და უცხოელებზე გაყიდვა სურს, ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
“სოფელ ზემო ქედის, არხილოსკალოს მოსახლეობას ეკონომიკის სამინისტრომ 3050 ჰექტარი მიწა გაუყიდა, სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობა დღემდე 1050 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის გაყიდვას აპროტესტებს, თუმცა უშედეგოდ. ქიზიყელი ხალხი ოდითგანვე თავს მიწების დამუშავებით ირჩენდა, ახლა კი მათ ეს საშუალება მთავრობამ წაართვა და უსახსროდ დატოვა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიწების სოლიდურ ნაწილს უცხოელი ინვესტორები ფლობენ”, - აცხადებენ “თავისუფალ საქართველოში”.
ექსპერტის პაატა კოღუაშვილის ინფორმაციით, ბურებმა კახეთში 3 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდეს. მათვე შეიძინეს ლაგოდეხში ჭიაურის ტყის დიდი ნაწილიც.
არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” თავმჯდომარე ალექსანდრე ლომოური მიიჩნევს, რომ გლეხებს მიწები საერთოდ უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს, ხოლო ხელისუფლებამ მიზანმიმართული სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის განხორციელებით, მათ ხელი უნდა შეუწყოს - გასაღების ბაზრების მოძიებით, შხამ-ქიმიკატების ფალსიფიკაციასთან ბრძოლით, სარწყავი წყლის პრობლემის გადაჭრით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უზრუნველყოფითა და სხვა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უფასოდ უნდა გადავცეთ, ხოლო ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს”, - ამბობს ალექსანდრე ლომოური.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უცხოელებზე მიწა საერთოდ არ უნდა გაიყიდოს, ვინაიდან მათი მიზანი იქნება მოწეული პროდუქცია მთლიანად სხვა ქვეყნებში გაიტანონ, ადგილობრივ ბაზარს კი დაბალი ხარისხის გენმოდიფიცირებული პროდუქტი წალეკავს. ექსპერტების თქმით, ხელისუფლების მიზანი, ადგილობრივ ბაზარზე ზრუნვა და ადგილობრივი ფერმერული მეურნეობების შექმნა უნდა იყოს.
2194
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85