კონდოლისა რაისი:„თქვენ ვერ გამოიყენებთ ძალას და მოაწერეთ პირობას ხელი მანამ, სანამ გაქვთ საერთაშორისო მხარდაჭერა“

კონდოლისა რაისი:„თქვენ ვერ გამოიყენებთ ძალას და მოაწერეთ პირობას ხელი მანამ, სანამ გაქვთ საერთაშორისო მხარდაჭერა“

კონდოლისა რაისის წიგნმა „ვაშინგტონში ჩემი წლების მემუარები” საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გადავწყვიტე მთლიანად მეთარგმნა თავი, რომელშიც კონდოლისა რაისი აგვისტოს ომზე, ამერიკა - რუსეთის ურთიერთობებსა და მსოფლიო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოწყობაში ამ მოვლენის გავლენაზე საუბრობს. თავს ჰქვია: „საქართველოში ომი დაიწყო“ და ის მთლიანად საქართველოს თემას ეხება, თუმცა კონტექსტის აღწერისას, წიგნის ავტორი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი მსოფლიოში იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებზეც საუბრობს, მის პირად კომუნიკაციაზე სერგეი ლავროვთან თუ მიხეილ სააკაშვილთან. წიგნი სულ 58 თავისგან შედგება და კონდოლისა რაისის თეთრ სახლში მოღვაწეობის პერიოდში მისი მონაწილეობით მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი მოვლენების გახსენება და ანალიზია. წიგნი საუბრობს ტერორიზმთან ბრძოლაზე, და ზოგადად ამერიკის და კერძოდ, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დამოკიდებულებებზე მსოფლიო მოწყობისა და წესრიგის მიმართ. რაც შეეხება თავს საქართველოს შესახებ, ის იწყება კოსოვოს თემით და სრულდება საქართველოსთვის გამოყოფილი ერთი მილიარდ დოლარიანი რეკონსტრუქციის თანხებით.

„წინა წელს ჩვენსა და პუტინის რუსეთს შორის ურთიერთობის საკვანძო თემა სოჭი იყო. 2008 წლის ზაფხულისთვის კოსოვოს გარშემო ვნებათაღელვა იზრდებოდა და რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დუღილის პიკს აღწევდა. ჩვენი რუსეთთან და ნატოსთან კოალიციური ძალების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ერთი წლით ადრე შედგა, კოსოვოს საკითხის ბოლო საფეხური ახლოვდებოდა. ბალკანეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, მეოცე საუკუნეში იქ წამოწყებული ომების გამო, აღიქმებოდა როგორც დენთის კასრი, შედარებით მშვიდობიანი იყო მთელი ჩვენი მართვის პერიოდის განმავლობაში. ზოგიერთი ქვეყანა - ალბანეთი, ხორვატია, მაკედონია და სლოვენია, საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობას. ბოსნია და ჰერცოგოვინა კი, სამი პრეზიდენტით და სამი განსხვავებული უსაფრთხოების ძალებით, მაშინ და ახლაც საკმაოდ არეულია. დეიტონის შეთანხმებებმა ტრაგიკული ბოსნიური ომი დაასრულა, მაგრამ მან ასევე ორი მთავრობა და ერთი ავტონომიური მხარე დაამკვიდრა: ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ფედერაცია, ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკა, რომელიც სერბებითაა დასახლებული და მესამე თვითმართვადი რეგიონი, რომელიც ეკუთვნის როგორც ფედერაციას, ასევე ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკას. ბრეკოს მუნიციპალიტეტი ძირითადად მუსლიმურია.

2005-2006 წლებში სახელმწიფოს ინტეგრაციისთვის ამ ერთობების კონსტიტუციური რეფორმის აუცილებლობაში დარწმუნებას ვცდილობდი. არსებული კონსტიტუციური მოთხოვნებით, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის საპრეზიდენტო პოსტს სამი ინდივიდი - ერთი როტაციის პრინციპით ცვლადი და ორი მუდმივი წევრი იკავებს. სახელმწიფოს მეთაური ერთი ხორვატისგან, სერბისგან და ბოსნიელისგან ფორმირდება. 2005 წელს სახელმწიფო დეპარტამენტში სამი პრეზიდენტი რომ გამოცხადდა, ვიცოდი, რომ მეტი ინტეგრაციის მიღწევის მცდელობა არაფერს მოგვცემდა. ერთადერთი უნდა მეცადა, რომ ყველა მათგანს ესაუბრა და მე ჩემი მხრივ, მათი ხსენებისას, თოთოეული სახელით მომეხსენიებინა. ეს ყველაფერი არსაით მიდის, ვიფიქრე. და ეს ასეც იყო. კონსტიტუციური რეფერენდუმის გზით მთავრობის კონსოლიდაციის მცდელობა 2006 წელს ჩავარდა, მაგრამ ბოსნია და ჰერცოგოვინა იმაზე უარეს დღეში არ აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩვენს მცდელობებამდე იყვნენ. ასეა თუ ისე, კოსოვოს გადაუჭრელი პრობლემა ახალ ღია კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეს კვლავაც ქმნიდა. 90-ან წლებში ნატოს საჰაერო კამპანიამ სლობოდან მილოშევიჩის ძალაუფლება დაასრულა. მისი მმართველობის დროს ალბანელი კოსოვოელები, რომლებიც მოსახლეობის 90%-ს შეადგენდნენ, ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი გახდნენ. მილოშევიჩის სერბულმა ჯარებმა მთელი ქალაქების ევაკუაცია მოახდინეს, ქალებსა და ბავშვებს აიძულებდნენ კოსოვოს საზღვრისკენ წასულიყვნენ, ხოცავდნენ კაცებს და მათ მასობრივ საფლავებში ყრიდნენ. მთლიანობაში მილოშევიჩის ჯარებმა 1.3 მილიონი კოსოველი ალბანელი აიძულა სახლები დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც ნატომ მილოშევიჩი შეაჩერა და ძალაუფლებას ჩამოაცილა, ევროკავშირმა კოსოვოში დროებითი ადმინისტრაციული მისია დაამკვიდრა, რომ რეგიონი გაკონტროლებულიყო და კონფლიქტები არ განმეორებულიყო. კოსოვოს სტატუსის გადასაწყვეტად წამოჭრილი რამდენიმე დიპლომატიური მცდელობა ჩავარდა.

2007 წელს, ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარტი აჰტისაარმა, რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა და ევროკავშირის სახელით მოქმედებდა, სცადა კიდევ ერთხელ ეპოვა პრობლემის მოგვარების გზა. მან ეს ვერ შეძლო, თუმცა კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით აჰტისაარის გეგმის სახელით ცნობილი ანგარიში წარმოადგინა, რომელიც კოსოვარებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების რეკომენდაციას იძლეოდა. აჰტისაარის გეგმას ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს და ჩვენს ელჩს, ფრენკ ვაისნერს, როტაციაში მყოფ დიპლომატს, ვთხოვე ემოქმედა როგორც ჩვენს წარმომადგენელს და გეგმის აღსრულებაში დაგვხმარებოდა. ფრანგები, ბრიტანელები, გერმანელები და სხვა ევროპელების უმრავლესობა ამ გეგმას მხარს უჭერდა. თუმცა, გეგმას რუსეთი ურყევად ეწინააღმდეგებოდა, რომელიც მათი მოკავშირის, სერბეთის პოზიციას იცავდა. ევროპელებმა და ჩვენ ვერ შევძელით რუსეთთან ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არჩევანი არ გვქონდა და მხარი უნდა დაგვეჭირა კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის. ამან პროცესების არევ-დარევა გამოიწვია. შეუძლებელი იყო უსაფრთხოების საბჭოში ხმა მიგვეცა დამოუკიდებელი კოსოვოსთვის, რუსეთი და, ეჭვგარეშე იყო, ჩინეთიც ვეტოს უფლებას გამოიყენებდნენ, რადგან პეკინს, თავის მხრივ, ტაივანისა და ტიბეტისთვის პრეცედენტის შექმნის ეშინოდა. ერთადერთი არჩევანი იყო პრობლემის ძალადობის გარეშე მოგვარება  და რაც შეიძლება მეტი ქვეყნის დარწმუნება - კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის მხარი დაეჭირათ.

ჩვენი მიზანი ალიანსის რუსეთის უარის პირისპირ შეკვრა იყო და გადაწყვეტილების მიღება იყო, იქამდე, სანამ მოუთმენელი კოსოვოელები ქუჩებში გამოვიდოდნენ. მტკიცედ მწამდა, სერბების დამშვიდების გზა უნდა გვეპოვა, რომელთა მიმართაც გარკვეული სიმპათია გამაჩნდა. სერბებმა დასავლური ორიენტაციის პრეზიდენტი, ბორის ტადიჩი აირჩიეს, რომელსაც უზომოდ სურდა ქვეყნის ევროკაშირსა და ნატოში ინტეგრაცია. დენ ფრიდი ვაისნერს, სხვა დიპლომატებსა და პენტაგონს შორის საკვანძო დიპლომატი იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში ჯარები ჰყავდა და არსებობდა საფრთხე, რომ ნებისმიერი ძალადობა მათ კონფლიქტში ჩათრევას გამოიწვევდა, რაც ჯაჭვური რეაქციით ევროპასაც ჩართავდა სამოქალაქო ომში.

მეორე ძირითადი საფრთხე იქნებოდა ბელგრადის მცდელობა მოეხდინა კოსოვოს ზედა ნაწილის ანექსირება, სადაც რადიკალი სერბები ცხოვრობდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოსკოვს ეს არ სურდა, თუმცა, რუსები არ ცდილობდნენ მათი მოკავშირის ფეთქებადი ტონის შესუსტებას. 2007 წლის ზაფხულში კოსოვოელებში მღელვარება გაძლიერდა, მე ევროპელებს მოქმედებისკენ ვუბიძგებდი. ჩვენი მიზანი კოსოვოს აღიარება და გარშემო რაც შეიძლება მეტი მოკავშირის შემოკრება იყო. ნატოს მოკავშირეები, კერძოდ გერმანელები და ფრანგები, თავს იკავებდნენ და იმედოვნებდნენ რომ მოსკოვი სასწაულებრივად შეიცვლიდა პოზიციას.

როცა ივნისის შუა რიცხვებში ფრანგებმა საკითხის გადაწყვეტის  კიდევ ერთი თვით გადადება მოითხოვეს, პრეზიდენტი (ჯორჯ ბუში) მძვინვარებდა. შემდეგ კვირას, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე, მოკავშირეთა მხარეს აღმოვჩნდი და ვფიქრობდი, რომ საკითხის გადასაწყვეტად საკუთარი განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, მეტი უნდა წასულიყო დათმობაზე. პრეზიდენტმა პუტინს დაურეკა, რომელმაც მას იგივე უთხრა, რაც მე ლავროვმა: „ჩვენთვის მისაღები იქნება ის შემოთავაზებები, რაზეც სერბები იქნებიან თანახმა“. ეს, რა თქმა უნდა, საკითხს არაფრით ეხმარებოდა. G8-ს სამიტზე, ჰეილინგენდამში, გერმანიაში, ნიკოლა სარკოზიმ საკითხის გადაწყვეტის გადადება კიდევ 120 დღით შემოგვთავაზა, რა პერიოდშიც მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა და თუ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა ვერ მოხდებოდა, აჰტისაარის გეგმა უნდა მოგვეყვანა სისრულეში.

სამიტის შემდეგ, 9 ივნისს, პრეზიდეტმა (ჯორჯ ბუშმა) რომის პრესკონფერენციაზე კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. მომდევნო დღეს ალბანეთში კოსოვოს დამოუკიდებლობის და აჰტისაარის გეგმის მხარდაჭერა მან ხელმეორედ დააფიქსირა. „კიდევ ერთი თვე“ -მითხრა პრეზიდეტმა“ - და - „ამის გაკეთება მარტოც რომ მოგვიხდეს, ჩვენ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებლობას. მე მათ შევპირდი და ეს დაპირება სისრულეში უნდა მოვიყვანოთ“. თუმცა, საბოლოოდ, პრეზიდენტი მოლაპარაკების გაგრძელების თაობაზე სარკოზის შემოთავაზებას დათანხმდა, იმ პირობით, რომ ეს საკითხის საბოლოო გადადება იქნებოდა.

2008 წლის 18 თებერვალს, ჩვენ და ევროპის ბევრმა სახელმწიფომ კოსოვო ოფიციალურად ვაღიარეთ. წლის დასასრულისთვის სულ 53-მა სახელმწიფომ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა - უმეტესობა ევროპულმა ქვეყანამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, რამდენიმე ქვეყანამ აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში. ტადიჩი გადარჩა, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ ბელგრადს ნატოში ადგილი ჰქონოდა. სერბებს ნატოს წევრობაზე უარი ეთქვათ, რადგან მათ ვერ შეძლეს გადმოეცათ ბალკანეთის ომის კრიმინალები, რატკო მლადოვიჩი და რადოვან კარადიჩი. ვგრძნობდი, რომ ამას არ უნდა დავლოდებოდით, სერბეთს სჭირდებოდა რაიმე ხელმოსაჭიდი, რომ დაენახათ - ინტეგრაცია ევროპასა და ნატოში რეალური იყო, სხვაგვარად კოსოვოს ჭრილობას შეხორცება გაუჭირდებოდა. დღეს კოსოვო დამოუკიდებელია (თუმცა მოსკოვი ამას არ აღიარებს) და სერბეთი, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ევროპული ინტეგრაციისკენ მიდის. იმ დღეს, როცა კოსოვო ვაღიარეთ, ბრაიან გუნდერსონმა მკითხა კომფორტულად თუ ვგრძნობდი თავს იმის გამო, რომ კიდევ ერთი სუსტი სახელმწიფო შევქმენით, რომელმაც, შესაძლოა, დამოუკიდებლობას თავი ვერ გაართვას. „სხვა რა არჩევანი გვქონდა?“ -ვკითხე მე და დავძინე: „დრო გავა და კოსოვო პრობლემებს თავს გაართმევს, ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა“.

კოსოვოს პრობლემა, საქართველოში სიტუაციის გამწვავებასთან ერთად, გაფერმკრთალდა. წინა წლის განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისედაც არასტაბილურ რეგიონებში სიტუაცია მწვავდებოდა, ეს, უმეტესწილად, მოსკოვის გამო ხდებოდა. 2008 წლის გაზაფხულზე ყოველ კვირა იქმნებოდა ახალი პროვოკაციები სამხრეთ ოსეთში, რასაც რეგიონში რუსული ქვედანაყოფების რიცხობრივი ზრდა (თითქოსდა სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით) და საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტის დარიგების გეგმა იწვევდა. ლავროვმა სააკაშვილისა და ქართველების მიმართ საყვედურების გრძელი წერილი მომწერა, მათი ნაწილი ლეგიტიმური იყო, ნაწილი კი, არარეალური. ამის მიუხედავად, ეს გამაფრთხილებელი ნიშანი იყო. ამ ნაპერწკალით რეგიონში კონფლიქტის გამოწვევა დროის საკითხი იყო.

23 ივნისს გერმანიაში ვიზიტის დროს, სადაც პალესტინის სახელმწიფოებრიობის თემაზე გამართულ პრესკონფერენციაში ვმონაწილეობდი, ფრენკ ვოლტერ შტაინმაიერმა და მე უარესობისკენ მიმავალი სიტუაციის საპასუხოდ, სამ ფაზიანი დიპლომატიური გეგმა შევიმუშავეთ. გეგმის პირველი ფაზა ყველაფრის გაკეთება იყო იმისათვის, რომ რომელიმე მხარეს ძალა არ გამოეყენებინა (ეს მოსკოვის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ქართველების მიმართ); მეორე ფაზა მოიცავდა დევნილების დაბრუნებას და სიტუაციის დარეგულირებისთვის პრაქტიკულ თანამშრომლობას, ხოლო მესამე ფაზა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საბოლოო გადაწყვეტა უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ, ფრენკი თბილისს, აფხაზეთსა და მოსკოვს ეწვია. ჩვენს დიპლომატებს რამდენიმე დღეში უთხრა, რომ მცირე პროგრესი მიღწეული იყო. რამდენიმე კვირაში გზად ჩეხეთისკენ, სადაც სარაკეტო თავდაცვის შეთანხმებაზე ხელი უნდა მომეწერა, რის ჩაგდებასაც რუსეთი ცდილობდა, თბილისში ჩავედი. პრესამ ამ ორი მოვლენის დაკავშირება სცადა - იყო თუ არა ვიზიტი რუსეთის გაღიზიანებისკენ მიმართული? - არ იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, კრემლმა ეს სწორედ ასე აღიქვა.

სააკაშვილი რესტორან „კოპალას“ ტერასაზე შემხვდა, რომლიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლებოდა. ის იმ აღდგენით სამუშაოებზე მესაუბრა, რომლებიც მონასტრებში, ეკლესიებსა და სხვა ისტორიულ ძეგლებზე საუბრობდა. სააკაშვილი მისი ლიდერობის შედეგით ძალიან ამაყობს - პოლიციის რეფორმით, ათასობით კორუმპირებული ჩინოვნიკის სამსახურიდან გაშვებით, დეპარტამენტების სრული რებრენდინგით. საქართველოში კორუფციის დონემ საგრძნობლად დაიკლო (კორუფციის პროცენტული ინდექსის მიხედვით). ქვეყანა ასევე ცდილობდა თავი დაეცვა რუსეთის ზეწოლისგან, ამას რუსული გაზის ნაცვლად აზერბაიჯანიდან მომავალი გაზის გამოყენებით შეეცადა. ქართულ საქონელზე მოსკოვის ემბარგოს მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა ზრდას განაგრძობდა, თუმცა მოსახლეობის დიდი სეგმენტი ექსტრემალური სიღარიბის ზღვარზე  კვლავაც ცხოვრობდა. რთული იყო სააკაშვილისთვის დაგვენახვებინა, რომ ყველა ეს მიღწევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო რისკის ქვეშ იდგა. ის ამაყი და იმპულსურია, ყველა ვღელავდით, რომ სააკაშვილი მოსკოვს საშუალებას მისცემდა საქათველოს მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების პროვოცირება მოეხდინა. ამას გარდა, უკვე მის სახელთან იყო დაკავშირებული ქვეყნის სხვა განცალკევებულ ნაწილში, აჭარაში, კონფლიქტის გაღვივება. თუმცა, ამას მაშინ შიდა და გარე ზეწოლებით აჭარის ქვეყანაში რეინტეგრაცია მოჰყვა. ვშიშობდით, რომ ეს პრეცედენტი, შესაძლოა, მისთვის მსგავსი ქმედებების განხორციელების სტიმულატორი გამხდარიყო პუტინის საყვარელ სოჭთან ახლოს მდებარე ტერიტორიის მიმართაც. „ბატონო პრეზიდენტო“, მივმართე და ვეცადე მისი ყურადღება ქალაქის „სახურავის ტურიდან“ სხვა თემაზე გადამეტანა, „თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ ძალის გამოუყენებლობის პირობას“, „ამას როგორ გავაკეთებ, მაშინ როცა პუტინი აკეთებს იმას რასაც აკეთებს?“ - მიპასუხა მან და განმარტა, რომ ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერდა ამ შეთანხმებას, თუ რუსები მას სანაცვლოდ რამეს შესთავაზებდნენ. „დაველაპარაკები რუსებს, მაგრამ თქვენ არჩევანი არ გაქვთ“,  - ვუთხარი მე. „თქვენ ვერ გამოიყენებთ ძალას და იმის ძახილი, რომ ამას გააკეთებთ - კარგს არავის არაფერს მოუტანს. მოაწერეთ პირობას ხელი მანამ, სანამ გაქვთ საერთაშორისო მხარდაჭერა“, - ასეთ საუბარში საათზე მეტი გავატარეთ. სააკაშვილი ჯიუტად უარს ამბობდა. საბოლოოდ მე გადავწყვიტე, რომ პირდაპირ თქმა ჯობდა: „ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ მისცეთ საშუალება რუსებს თქვენი პროვოცირება მოახდინონ. თქვენ გახსოვთ რა თქვა პრეზიდენტმა ბუშმა - მოსკოვი შეეცდება თქვენ რამე სისულელე გაგაკეთებინოთ. არ ჩართოთ საქმეში რუსეთის სამხედრო ძალები, იცოდეთ არავინ არ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ წააგებთ“, - ვთქვი მე მკაცრად. ამჯერად მან გაიგო რასაც ვამბობდი და ისე შემომხედა თითქოს, მან ეს ესაა უკანასკნელი მეგობარი დაკარგა. შევეცადე ჩემი ტონის შერბილებას და ვუთხარი, რომ ამ პირობაზე ხელის მოწერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ხდებოდა, ოღონდ სიტყვებით. მან მკითხა იგივეს საჯაროდ თუ ვიტყოდი. მე ეს გავაკეთე, იმისათვის, რომ არ გამომეყენებინა სიტყვები, რომელთა არასწორი ინტერპრეტირება მოხდებოდა და ჩვენი მხრიდან საქართველოს მიერ ძალის გამოყენების მხარდაჭერად აღიქმეოდა.

ივლისის დასასრული დამქანცველი იყო. ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, სინგაპურში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამოაში ორ კვირიანი ვიზიტები მქონდა. საკუთარ თავს ვუთხარი - რვა აგვისტომდე თუ მივაღწიე, გოლფს ვითამაშებ და მეგობრებს მოვინახულებ გრინბრიერში, შემდეგ, ორ კვირაში, პეკინში ჩავალ ოლიმპიადის დასასრულისთვის. ოღონდ მივაღწიო რვა აგვისტომდე! აგვისტოს პირველ დღეებში სამხრეთ ოსეთში ძალადობები ხდებოდა. თუმცა, დიპლომატიური აქტივობები გრძელდებოდა და ევროპულ- რუსული შეხვედრების შემდეგ, საკმაოდ დამაიმედებლი სურათი გამოიკვეთა. მხნეობა ცოტა წამერთვა რადგან დენ ფრიდმა და კურტ ვოლკერმა ექვსი აგვისტოს საღამოს შემოიარეს და მითხრეს მეთიუ ბრაიზას მიერ მოწოდებული ახალი ამბავი საქართველოდან ბრძოლების გაძლიერების შესახებ. შევშფოთდი როცა გავიგე, რომ რუსეთმა რვაასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა ტერიტორიიდან. შვიდი აგვისტოს ღამით ძალის გამოყენების შეკავება შეწყდა. მიუხედავად საქართველოს მხრიდან ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტისა, იმავე დღეს, ცოტა ხნით ადრე, სამხრეთ ოსეთელი აჯანყებული ძალები აგრძელებდნენ ცხინვალის გარშემო არსებულ ქართულ სოფლებზე საარტილერიო დარტყმებს. პასუხად ქართულმა სამხედრო ძალებმა, მძიმე არტილერიის გამოყენებით, პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანეს აჯანყებულების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც საქართველოს სამხედრო ჩინოსანმა განაცხადა, რომ თბილისმა გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთში „კონსტიტუციური წესრიგი“ აღედგინა.

საქართველოს მხრიდან შეტევის დაწყებიდან ოცდაათ წუთში, რუსეთმა მხარი აუბა ოს აჯანყებულებს და 58 სატანკო ბრიგადა როკის გვირაბის გავლით საქართველოსკენ დაძრა. დენ ფრიდი არსებული  სიტუაციის შესახებ მთელი ღამე მაწვდიდა ინფორმაციას. რვა აგვისტოს დილით აღელვებული ვცდილობდი გამერკვია, წავსულიყავი თუ არა გრინბრიერისკენ. ჩემი ოჯახი და მეგობრები უკვე შეკრებილიყვნენ და მე მელოდებოდნენ, რომ სამხრეთ ვირჯინიაში გავმგზავრებულიყავით - ისინი მანქანით სწორედ მე უნდა წამეყვანა. ყველა იდგა მისაღებ ოთახში და ჩემს მოლოდინში სენდვიჩებს მიირთმევდა, მაშინ როცა მე პრობლემაში გარკვევას ვცდილობდი. ცოტა ხანში გადავწყვიტე გრინბიერში წავსულიყავი, რადგან დაბრუნებას ყოველთვის შევძლებდი. ან… შემეძლო დავრჩენილიყავი ჩემს კაბინეტში ტელეფონით.

პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებს ესწრებოდა ჩინეთში, ბობ გეიტსი კი, მიუნხენში იყო. დროში განსხვავება ჩინეთთან ხშირად საუბრის საშუალებას არ გვაძლევდა, თუმცა დღეში ორჯერ მაინც ვესაუბრებოდი პრეზიდენტს. მას ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინის გვერდით ჯდომა მოუწია და მასთან საკმაოდ უხეში საუბარი ჰქონია, რომელშიც რუსებმა ქართველები გენოციდში და რუსული ჯარების იგნორირებაში დაადანაშაულეს. გადავწყვიტეთ, რომ არ გვსურდა ამ კონფლიქტის რუსეთ -ამერიკის კონფლიქტად ქცევა და, რომ ევროკავშირი და ეუთო აქტიურად უნდა ჩართულიყო დიპლომატიაში. მე გამუდმებით ვესაუბრებოდი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბერნარ კუშნერს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს თავმჯდომარეს, ალექსანდერ სტაბს, რომ ორივესთვის ერთი რამ გამეგებინებინა. განცხადება დავწერე, სადაც რუსეთს მოვუწოდებდი „შეეწყვიტა საქართველოზე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმა, პატივი ეცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და საქართველოდან საკუთარი სახმელეთო სამხედრო ძალები გაეწვია“. 11 აგვისტოსთვის ქართველებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთიდან საკუთარი ძალები გაიყვანეს. სიმართლე რომ ვთქვა, ტერიტორიული სიშორე რაიმეს გადაჭრით თქმას ართულებდა. თან ინფორმაცია, რომელსაც ვიღებდით არ იყო სრული.  ვაგრძელებდით ქართულ მხარეზე ზეწოლას, რომ სამხედრო ქმედებები შეეწყვიტათ, იმისათვის, რომ მოსკოვს ძალადობის გაგრძელების რაიმე მიზეზი აღარ ჰქონოდა. იმ შუადღეს სერგეი ლავროვმა დამირეკა - უკვე მეორედ კრიზის განმავლობაში. პირველი ზარი თბილისის ლიდერების მისამართით ბრალდებების შემცველი იყო. ამჯერად ის საკმაოდ მშვიდი იყო. „ჩვენ გვაქვს სამი მოთხოვნა“ თქვა მან. „რა მოთხოვნებია?“- ვკითხე. „პირველი ორია საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობაზე ხელის მოწერა და ჯარების ბარაკებში დაბრუნებაა“, - თქვა მან. „ეს შესრულდება“ - ვუპასუხე. სააკაშვილს დათმობაზე წასვლა მოუწევდა, რუსების მოთხოვნის შესრულებას მისგან მკაცრად მოვითხოვდით. შემდეგ კი, სერგეიმ თქვა, „სხვა მოთხოვნის შინაარსი მხოლოდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს. მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს“, - ყურებს არ ვუჯერებდი და ინსტინქტურად უფრო ვუპასუხე, ვიდრე გააზრებულად -„სერგეი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს არ შეუძლია საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დემოკრატიულად არჩეული ქვეყნის ლიდერის ჩამოგდების შესახებ“, - ვთქვი მე. „მესამე პირობა ამ წუთიდან საჯაროა, რადგან ვაპირებ დავურეკო ყველას და ვუთხრა, რომ რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის ჩამოგდებას ითხოვს“.  „ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს“ გაიმეორა მან. „არა, ეს არ დარჩება ჩვენს შორის. ამას ყველა გაიგებს“,- საუბარი დასრულდა. დავურეკე სტივ ჰედლის, რომ მისთვის რუსეთის მოთხოვნების შესახებ მეთქვა. შემდეგ, ამავე მიზნით დავურეკე ბრიტანელებს, ფრანგებს და რამდენიმე სხვა ადამიანს. იმ შუადღეს გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბებოდა. ჩვენს წარმომადგენელს ვთხოვე, რომ ამის შესახებ საბჭოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია. ლავროვი მძვინვარებდა, და ამბობდა, რომ არასდროს ჰყოლია კოლეგა, რომელიც პირად საუბარს საჯაროს გახდიდა. ვგრძნობდი, რომ არჩევანი არ მქონდა. თუ ქართველებს მოუნდებოდათ სააკაშვილის დასჯა ომის გამო, მათ ამის შანსი ექნებოდათ საკუთარი კონსტიტუციური პროცესებიდან გამომდინარე, მაგრამ რუსეთს არ ჰქონდა უფლება მისი მოხსნა მოეთხოვა. ამ ყველაფერს საბჭოთა პერიოდის დროინდელი სუნი ასდიოდა, როცა აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერების ბედს მოსკოვი წყვეტდა. მე ვერ შევუწყობდი ხელს იმ დროში დაბრუნებას. მეორე დილას შევწყვიტე ყოველგვარი ფიქრი შვებულებაზე და ვაშინგტონში დავბრუნდი. პრეზიდენტი დაბრუნდა პეკინიდან და სტივმა (სტივ ჰედლი) მოახერხა ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრება. შეხვედრა ცოტა ქაოტური იყო, რუსებს ბევრი აკრიტიკებდა. რაღაც მომენტში სტივ ჰედლი ჩაერია, რასაც იშვიათად აკეთებდა. საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა დამუქრებოდა. „შეკითხვა მაქვს“, - თქვა მან ჩვეული სიმშვიდით. „ვართ კი ჩვენ მზად საქართველოს გამო რუსეთთან ომში ჩავებათ?“ შეკითხვამ ოთახში სიჩუმე ჩამოაგდო და ჩვენ შედარებით პროდუქტიული საუბარი დავიწყეთ იმის შესახებ, თუ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ჩვენი ინფორმაციის წყაროები არც ისე კარგი იყო.

ცნობები დაპანიკებული ქართველი პოლიტიკური და სამხედრო ოფიციოზის ინფორმაციის გაფილტრული ვარიანტი იყო. ადმირალმა, სამხედრო ძალების მთავარსარდალმა, მაიკ მულენმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კავშირი გამონახა იმისთვის, რომ ჩვენს ძალებს შორის რაიმე მისკალკულაცია არ მომხდარიყო. ეს რუსეთის მაჯისცემის გასაგებად  სასარგებლო არხი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, სარკოზიმ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოახერხა, თუმცა რუსული ძალები ამას თითქოს იგნორირებას უკეთებდნენ. სიტუაციას დამაბნეველს ხდიდა ის გარემოება, რომ პრეზიდენტ მედვედევის თქმით, მისმა ძალებმა დატოვეს ტერიტორია, მაშინ როცა ფაქტობრივად ეს არ მომხდარა. არ ჩანდა, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტი სიტუაციაზე კონტროლს ფლობდა და ესეც პრობლემური იყო. მაშინ როცა ჩვენ „სიტუაციების ოთახში“ ვისხედით, თბილისიდან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვიდა - რუსული ჯარი თბილისისკენ მიდიოდა, ქართული ჯარი კი, გორიდან განიდევნა, პატარა ქალაქიდან, რომელიც დედაქალაქიდან მხოლოდ ორმოცი მილის დაშორებითაა. სააკაშვილი გამუდმებით რეკავდა თეთრ სახლში და ამბობდა, რომ მის მთავრობას წუთი-წუთზე დაამხობენ. მეორე სასოწარკვეთილი ზარის შემდეგ, ჩვენ გადავწვიტეთ, რომ ჩვენს მეგობრებს ხელშესახები დახმარება სჭირდებოდათ.  ჰუმანიტარული ტვირთი სამხედრო ტრანსპორტით გავაგზავნეთ - ეს მხარდაჭერის ერთგვარი ხილვადი ნიშანი იყო, რასაც მოსკოვის შეჩერება შეეძლო. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ მე უნდა გავმგზავრებულიყავი თბილისში. იმის გამო, რომ დიპლომატიურ პროცესებს ახლა ფრანგები ხელმძღვანელობდნენ, პრეზიდენტმა (ჯორჯ ბუშმა) სარკოზის დაურეკა და ჩემი პარიზში ჩასვლა შესთავაზა. საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყნის სამხრეთში იყო და არ სურდა უკან დედაქალაქში გამგზავრება. ასე რომ, 14 აგვისტოს ჩვენ შევხვდით საპრეზიდენტო აგარაკის დიდებულ ვერანდაზე, ბორმეს-ლეს-მიმოსაზში, ხმელთაშუაზღვისპირეთში. სარკოზის ვკითხე, რით შემეძლო დავხმარებოდი. მან ამიხსნა, რომ სჭირდებოდა ქართველების ხელმოწერა დოკუმენტზე, რომლის შეთანხმებასაც ის მხარეებთან ცდილობდა, მაგრამ მითხრა, რომ სააკაშვილი თავს იკავებდა. გამიკვირდა, რადგან სააკაშვილმა პრეზიდენტ ბუშს უთხრა, რომ მას უბრალოდ სურდა ომი დასრულებულიყო. შემდეგ მე დოკუმენტს დავხედე და პრობლემა მაშინვე დავინახე. ფრანგების მოლაპარაკებაში „15 კილომეტრიანი უსაფრთოების ზონა“ ფიგურირებდა, რომელშიც რუსულ სამხედრო ძალებს დარჩენის უფლება ექნებოდათ გაურკვეველი პერიოდით. საქართველო არც ისე დიდია, და ეს პერიმეტრი საშუალებას აძლევდა შემოჭრილ ძალებს დაეკავებინათ ქვეყნის საკვანძო გზები და ქალაქი გორი, რომელიც მხოლოდ სამოცდაოთხ კილომეტრში იყო თბილისიდან. ვიკითხე დახედა თუ არა რომელიმემ რუკას რომ ენახათ რა ტერიტორიას ფარავდა ეს თხუტმეტ კილომეტრიანი პერიმეტრი. ჩვენი დელეგაციის გასაოცრად, მათ ეს ნანახი არ ჰქონდათ. ჟან დევიდ ლევიტმა, რომელიც საშინელი დიპლომატი და სარკოზის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკაში, პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ შეუძლებელი იყო. „მე დავურეკავ ჩვენს ელჩს თბილისში და ვკითხავ გეოგრაფიულ სურათს“, თქვა მან. ნაწყენი ლევიტი დაბრუნდა და თქვა, რომ თხუთმეტ კილომეტრიანი პერიმეტრი ზუსტად იმ ნაწილს ფარავდა, რაც ჩვენ ვახსენეთ. ახლა საკუთარი შეცდომისგან ფრანგული დიპლომატიის გადარჩენის და ომის დასრულების საკითხი დადგა.

შევთანხმდით, რომ სარკოზი დაწერდა წერილს როგორც სააკაშვილის, ისე მედვედევის სახელზე, რომელიც ამჯერად უფრო კონკრეტულად ახსნიდა რას ნიშნავდა ეს ზონა და რამდენ ხანს ექნებოდათ რუსულ სამხედროებს იქ დარჩენის უფლება. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ამ წერილს თბილისში მე წავიღებდი და მივიღებდი მათ თანხმობას. საბოლოო თანხმობის მისაღებად ჩვენ სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრით ვისარგებლეთ.

თბილისში რომ ჩავედი, ქართველი ლიდერების სახეებზე სტრესის დანახვა ადვილი იყო. ისინი ისეთი ახალგაზრდები იყვნენ. ყველაზე მეტად მათ შორის ორმოცი წლისები იყვნენ დაღლილები, რამდენიმე დღის უძინრები. ჩვენ სააკაშვილის ოფისში შევხვდით. შეხვედრას ფონად ტელევიზორის ხმაური გასდევდა. წერილი რომ გადავეცი, იკითხა მისი გადახედვის საშუალება თუ ჰქონდათ. „რამდენი დროც გჭირდებათ, იმდენი გაქვთ“, -ვთქვი მე. შვების მანიშნებელი ხმამაღალი ამოსუნთქვა გავიგონე „ფრანგებმა უბრალოდ მოგვცეს ფურცელი და თქვეს, ხელი მოაწერეთ“,- თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ დავეჭვდი, ნამდვილად ასე იყო თუ არა ეს,  მაინც მინდოდა მათთვის ზეწოლა შემემსუბუქებინა. „ერთად გავივლით დოკუმენტს, მაგრამ მაინც ანახეთ თქვენს იურისტებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ“. საბოლოოდ, შეთანხმებას მივაღწიეთ. დენ ფრედს ვთხოვე რომ დაერეკა ჟან დევიდ ლევიტისთვის და გაერკვია რა ხდებოდა მოსკოვში. ეს ორნი სატელეფონო ხაზზე იყვენენ, მე კი, პრეზიდენტ სააკაშვილს და მის უფროს მრჩევლებს ვესაუბრებოდი. ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ორივე მხარეს, შეთანხმება ხელმოწერილი იყო. თუმცა, მხარეების მიერ შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად რამდენიმე დღე იქნებოდა საჭირო. რუსულმა მხარემ სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ მდგომარეობაში არ დააბრუნა. მაშინაც კი, როცა ორი კვირის შემდეგ, ჩვენ შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოვაცხადეთ, მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. სააკაშვილი და მე ოთახიდან პრესასთან შესახვედრად გავედით. თბილისში აუტანელი სიცხე იყო.

ვნერვიულობდი კაპრიზული, ემოციური და გადაღლილი საქართველოს პრეზიდენტის გამო, ვნერვიულობდი ასეთ მდგომარეობაში რას იტყოდა. „ბატონო პრეზიდენტო, უბრალოდ მადლობა გადაუხადეთ ევროპელებს და ამერიკელებს გვერდში დგომისთვის, ომის დასრულების გამო გაამხნევთ ხალხი, რუსებზე კომენტარები მე მომანდეთ“,  -ვუთხარი მე. პრესკონფერენცია მშვიდად დაიწყო, მაგრამ მისი საუბრის დროს, ვხედავდი როგორ მატულობდა ქართველებში მღელვარება. მან (სააკაშვილმა) წყვეტილი საუბრის მანერით განარგძო, თითქოს ფიქრობდა რა ეთქვა შემდეგი. სააკაშვილი ინგლისურად შესანიშნავად საუბრობს, ამიტომ მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო მიზეზი. უეცრად მისი საუბრის ტონი აგრესიული გახდა. მან რუსებს ბარბაროსები უწოდა და განაცხადა რომ მათი ტანკები გაჩერებას არ აპირებდნენ. კარგი, ვიფიქრე, ველოდი მწვავე ტონს რუსების მისამართით, ყველაფერი ჯერჯერობით ნორმალურად იყო. მაგრამ უცებ ის ევროპელებს მიადგა, ახსენა მიუნხენი და სიჩუმე. ოღონდ ეს არა! რას აკეთებს? მას შემდეგ რაც ის მორჩა მის ოცწუთიან ტრიადას, შევეცადე გამომესწორებინა ის, რაც მან გააფუჭა. გავნმარტე როგორ იყვნენ ფრანგები ჩართულნი ცეცხლის შეწყვეტის საქმეში და როგორ არწმუნებდნენ რუსებს შეეწყვიტა სამხედრო აგრესია. დროა აქაურობას გავეცალო, გადავწყვიტე. პრესკონფერენცია დასრულდა. სააკაშვილზე იმდენად განრისხებული ვიყავი საუბარიც კი არ შემეძლო. ხელი ჩამოვართვი და ეკასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მანქანაში ჩავჯექი,  რომ საავადმყოფოში ომში დაზარალებულები მომენახულებინა. „ზედმეტი მოსდის“ - ვუთხარი ეკას. ეკამ მოაგვარა აეროპორტში გაფრენის წინ ბოლო პრესგანცხადების სამზადისი, სადაც ჩემი წასვლის წინ, ორივე ჩვენგანმა ევროპელებს მადლობა გადავუხადეთ.

შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა გავმართეთ ბრიუსელში. აღმოვაჩინე, რომ მხარეეები საკმაოდ კეთილგანწყობილნი იყვნენ საააკაშვილის მიმართ, მაგრამ რამდენიმემ განმარტა რატომ არ იყო კარგი იდეა საქართველოსთვის მაპის მინიჭება. შევეცადე, რომ რუსეთის მხრიდან შეთანხმებების დარღვევაზე მომეხდინა ფოკუსირება. მართლაც ნატო-რუსეთის ურთიერთობა გაურკვეველი დროით შეჩერდა რუსეთის საქართველოში შეჭრის გამო. ალიანსმა საქართველოს მხარდამჭერი განკარგულება გამოსცა, რომელიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნატომ გაიმეორა მისი განზრახვა, „რომ მხარი დაეჭირა  საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციის, დამოუკიდებლობისა და სუვერენულობისათვის, მისი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისთვის და უარი ეთქვა რუსეთის სტრატეგიული მცდელობებისთვის ზიანი მიეყენებინა ამ დემოკრატიისთვის“.

შემდეგ დღეს, პოლონეთში წავედი რათა ხელი მომეწერა სარაკეტო თავდაცვის შესახებ შეთანხმებისათვის. ეს არ იყო რუსეთისთვის რაიმეზე მინიშნება, დროში დამთხვევაზე იყო საუბარი. თუმცა, ეს მინიშნებად აღიქვეს, ნაწილობრივ პოლონელების გამოც. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა პოლონეთზე- პოლონეთის საზოგადოება შეშფოთებული იყო და წუხდა რუსეთის აგრესიის გამო, იმის გამო თუ რა დაემართა საქართველოს. ასე რომ, როცა ამ შეთანხმებას ხელს ვაწერდით, პოლონეთის საზოგადოება ამას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეთანხმებად აღიქვამდა.

მოსკოვს საქართველოში შეჭრა ძვირი დაუჯდა. კრემლმა გადაამეტა. ბევრი სააკაშვილზე იყო გაბრაზებული, მას ევროპაში კონფლიქტის ინიცირებაში სდებდნენ ბრალს. მაგრამ ლავროვის განცხადება სააკაშვილის წასვლის თაობაზე ყველაფერს ფარავდა. მოსკოვს კვლავაც შეეძლო მის პატარა მეზობელთან შეჭრა და მისი ჯარის ისე დამარცხება, როგორც ეს წლების წინ გააკეთა. მაგრამ მას აღარ შეეძლო დედაქალაქში შესვლა და მთავრობის ჩამოგდება. რუსეთის ეკონომიკის ინტეგრაცია საერთაშორისო სისტემაში, ასევე აღმოჩნდა შემაფერხებელი ფაქტორი. რუსული საფონდო ბაზარი დაუნდობლად დაისაჯა იმ არასტაბილურობისთვის, რომელიც კრემლმა გამოიწვია - ბაზარს ვაჭრობის შეჩერება ორი დღით მოუხდა. ერთ თვეში, UNGA-ს შეხვედრაზე, ომის შემდეგ პირველად შევხვდით მე და ლავროვი ერთმანეთს. „სერგეი“ ვუთხარი მას პირად საუბარში, „შენ გააკეთე ის, რაც მე ვერასდროს შევძელი. შენ გახადე მიშა სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოების ფავორიტი. ახლა ქართველებს რეკონსტრუქციისთვის იმაზე მეტი ფული აქვთ, (ერთი მილიარდი დოლარი), ვიდრე მათ ამის დახარჯვა შეუძლიათ. თქვენი ჯარები კი, გაჭედილები არიან სამხრეთ ოსეთში - ნიკარაგუისა და ჰამასის დიპლომატიური მხარდაჭერის ამარა“.

პრესა ჩვენზე წერდა, აინტერესებდათ გადარჩა თუ არა ჩვენი ურთიერთობა საქართველოს მოვლენების შემდეგ. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერდით რეზოლუციას ირანთან დაკავშირებით, რაც წინა რეზოლუციის კიდევ ერთხელ მხარდაჭერაში მდგომარეობდა. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ირანისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოში ომმა თეირანთან მიმართებაში ჩვენი მცდელობა არ მიგვატოვებინა. თუმცა, ისეთი ურთიერთობა როგორიც ადრე გვქონდა, აღარასოდეს გვქონია. ჩვენ უბრალოდ დარჩენილი ვადის პერიოდში ერთად მუშაობა შევძელით. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ლავროვი მოუთმენლად ელოდა ახალი ოფისის დაკომპლექტებას ვაშინგტონში.

სლოვენიაში პირველი შეხვედრის შემდეგ, ეს რუსეთ- ამერიკის ურთიერთობების სევდიანი დასასრული იყო. სექტემბერში, ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდში, სიტყვით გამოვედი, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისათვის პერსპექტივაში დამენახვებინა. არსებითად, მე მსოფლიოს შევახსენე ის გადადგმული ნაბიჯები, რაც მოსკოვთან დაახლოების მიზნით გადაიდგა და ასევე შევახსენე საერთო თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. მაგრამ პრობლემა, შევახსენე აუდიტორიას, არის რუსეთის უუნარობა თვალებში ჩახედოს პოსტ ცივი ომის წესრიგს მსოფლიოში. ურთიერთობა ირანის, ჩრდილოეთ კორეის და შეიარაღების კონტროლის თემების გარშემო არ ჩავარდნილა. ჩვენ მივაღწიეთ თანამშრომლობას შუა აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით და და შესანიშნავად ვიმუშავეთ ტერორიზმის და ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებით. მოსკოვს სჯეროდა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს განსაკუთრებული პრივილეგიები ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ჩვენ კი გვჯეროდა, რომ ახალ დამოუკიდებელი სახელმწიფოებს ჰქონდათ უფლება აერჩიათ საკუთარი მეგობრები და პარტნიორები. ეს, როგორც აღმოჩნდა, იყო შეუთავსებელი განსხვავება ჩვენს მიდგომებში“.