კობა ბენდელიანი, "ინტერპრესნიუსი"
თანამედროვე საქართველოში პოლიტიკური კულტურისა და ახალ პოლიტიკურ რეალობაში ხელისუფლების სატელევიზიო პოლიტიკის თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით გოკა გაბაშვილსა და ირაკლი ალასანიას, პავლე კუბლაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის პრაქტიკულად არშემდგარ სატელევიზიო დებატებს? ის, რაც ვიხილეთ პოლიტიკური კულტურის უქონლობას უფრო ნიშნავს, თუ იმას, რომ ხელისუფლება სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკურ თემაზე სააზროვნო სივრცის ჩახშობის სურვილს ავლენს?
- ორივე გადაცემაზე მსჯელობა მიჭირს. ერთი ნანახი მაქვს, მეორეზე შთაბეჭდილებები გამიზიარეს. გითხრათ სიმართლე, იმდენად გამიკვირდა "კავკასიის" ეთერში კუბლაშვილის გამოჩენა, რომ ამან მთლიანად მიმაჯაჭვა "კავკასიის" ეთერს. საერთოდ, კითხვა მართლზომიერია იმდენად, რამდენადაც გამიკვირდა არა მარტო კუბლაშვილის "კავკასიის" ეთერში მისვლა, არამედ ის, რომ კუბლაშვილი-უსუფაშვილის ეთერში დიალოგის რეჟიმი ამოგდებული იყო. კუბლაშვილი იმეორებდა მის მიერ ერთხელ ნათქვამ ფორმულას. ნებისმიერ პარტიას ტელევიზიის გამოყენება იმისთვის უნდა, რომ მოსახლეობას დამაჯერებლად გადასცეს თავისი პოზიცია და მასზე ზემოქმედება მოახდინოს. ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რა აზრი ჰქონდა ხმაურით სივრცის შევსებას. ვერ მივხდი, ასეთი ტიპის დიალოგში ორივე მხარის ტელეეთერში მონაწილეობის მოტივს.
- ტელეეთერებში ხელისუფლების წარმომადგენლები დაბნეულები ჩანან. ხშირია, როცა ისინი თავის სასარგებლო არგუმენტებსაც კი თავს ვერ უყრიან. აქამდე ითვლებოდა, რომ ხელისუფლება პიარში "ჩემპიონი" იყო. თქვენი აზრით, ახლა რა ხდება?
- მე პიარში ხელისუფლების "ჩემპიონობაშიც" შევიტანდი ეჭვს. ერთია, როცა აქცენტს აკეთებ პიარზე, მაგრამ მეორეა, როცა შენი პიარი შედეგს აღწევს. როცა საქართველოს პოლიტიკურად აქტიური ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პიარით ცდილობს საქმის გაკეთებას, ეს უკვე ნიშნავს, რომ პიარმა წააგო. იქ, სადაც პიარი პიარად იკითხება და არა რეალობად, პიარს უკვე წაგებული აქვს. თუ კაცზე იციან, რომ მატყუარაა, ეს ნიშნვას, რომ ცუდი მატყუარაა. ხელისუფლების პიარი ძალიან ხშირად "იშიფრება."
რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ თავისთვის სასარგებლო არგუმენტების მოხმობას. ჩემი აზრით, ასე იმიტომაც ხდება, რომ მათ არასრულფასოვანი წარმოდგენა აქვთ პიარზე და ძალიან ხშირად წამგებიან სვლებს აკეთებენ. Pიარი შესაძლოა, მომგებიანი იყოს, მაგრამ შეიძლება წამგებიანიც. მიუხედავად იმისა, რომ პიარზე მუშაობდა კომუნისტური პროპაგანდის უზარმაზარი მანქანა, მოსახლეობას მაინც არაფრის არ სჯეროდა. მთელი მოსახლეობა გადასული იყო სტრიქონებს შორის აზრის წაკითხვაზე. ნამდვილად არ მინდა, რომ ასეთი ცუდი პიარის მაგალითს იძლეოდეს, როგორც ჩვენი ხელისუფლება, ისე - ოპოზიცია. როდესაც ესა თუ ის მხარე ცუდი პიარით მუშაობს, იქ საქმე გვაქვს დაბალ პოლიტიკურ კულტურასთან.
- ხშირია, როცა ოპოზიციის არგუმენტებს ხელისუფლება ცინიზმით პასუხობს და უპასუხოდ რჩება, ვთქვათ, ასეთი კითხვაც კი - 2012 წლის ბიუჯეტში სხვადასხვა ხარჯებში თითქმის 1/7, ანუ 900 მილიონი ლარი რატომ არაა გაწერილ-გაშიფრული? რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ოპონენტების კითხვებზე პასუხგაუცემლობა და ოპოზიციის მიმართ აგდებული დამოკიდებულება?
- პიარმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრება დემოკრატიის შემოსვლასთან ერთად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ფეოდალურ ეპოქაშიც პიარული ელემენტები ძალიან ბევრი იყო, ტერმინი პიარი დიდი ხანის გაჩენილი არ არის. საქმე იმაშია, რომ დემოკრატიის არსებობისა და არჩევნების პირობებში ხელისუფლება უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ხალხზე, იძულებულია, იზრუნოს იმ იმიჯზე, რომელიც ხალხს მის შესახებ აქვს. ასეთია პიარის ლოგიკა.
შესაბამისად, რაც უფრო მეტად არის დამოკიდებული ხელისუფლება ხალხზე, რაც უფრო აქტიურია ხალხი, პიარი ცდილობს, მით უფრო მაღალი დონისა იყოს და მაქსიმალურად გაითვალისწინოს ხალხის თვალსაზრისი. როდესაც პიარის შედეგიანობა ხალხზე დამოკიდებული აღარ არის, ის ელემენტარულად თავხედურია. ჩვენთან პიარი ხალხზე იმის გამო არ არის დამოკიდებული, რომ ხალხია თავად პასიური. ხალხმა რამდენი ცუდი რამეც უნდა გაიგოს, მოვლენებზე რეაქცია არა აქვს. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება აუცილებლად არ მიიჩნევს პასუხი გასცეს კითხვას ბიუჯეტში გაუშიფრავად გაწერილ თითქმის 1 მილიარდიან ხარჯზე. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამ საკითხში მისი პოზიცია საზოგადოების მხრიდან ურეაქციოდ დარჩება. ხალხის პასიურობის გამო ხელისუფლება თავს თავხედურად ქცევის უფლებას აძლევს.
- ფაქტია, რომ უალტერნატივობას მიჩვეული ხელისუფლება ძნელად ეგუება პოლიტიკურ არენაზე ანგარიშგასაწევი, ივანიშვილთან ასოცირებული პოლიტიკური ძალის გამოჩენას. თქვენი აზრით, რისი ბრალი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენში ოპოზიციის წარმომადგენელი არა ოპონენტად, არამედ მტრად აღიქმება და ცხადდება კიდეც?
- ის, რომ ტერმინი ოპოზიცია მტრად აღიქმება, არ არის მარტო ამ ხელისუფლების ბრალი. ამას ჩვენში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ასე იყო საბჭოთა პერიოდში და ჩვენი ისტორიის უკანასკნელი 20 წლის მანძილზეც. ეს არის ის, რასაც დემოკრატიული ტრადიციების უქონლობა განსაზღვრავს. საქართველოს ხომ ნორმალური დემოკრატიული ცხოვრებით არ უცხოვრია. საქართველოში, ჩვენს პერიოდშიც კი, ხელისუფლების პარტიას პოლიტიკაში ყოფნა ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ არ გაუგრძელებია. შესაბამისად, ოპოზიციის მიმართ ნორმალური დამოკიდებულება თავისთავად არ არის. პრაქტიკულად ყველა ხელისუფლებისთვის ხელისუფლებაში ყოფნა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის საკითხია. წარსული გამოცდილება ხელისუფლებას ახსენებს, რომ თუ ოპოზიციამ დაამარცხა, პოლიტიკური ასპარეზიდან ისინიც გაქრებიან. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან ყველა ხელისუფლებას ოპოზიციასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა რომ ჰქონდა გამოცხადებული. ახლაც იგივე ხდება.
- შექმნილ ვითარებაში სატელევიზიო ეთერში მეტი პლურალიზმის დაშვება პოლიტიკური პროცესის ნორმალურად განვითარებას აშკარად წაადგებოდა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით ტრანსლირების საშუალების მქონე ტელეარხებზე აზრთა სხვადასხვაობასა და მრავალფეროვნებას პრაქტიკულად არ უშვებს. თქვენი აზრით, ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან, რომ პლურალიზმის დაუშვებლობას უარესი პოლიტიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს? ბოლოს და ბოლოს, ორთქლის გამოშვება რომ გარკვეულწილად სასარგებლოა, ეჭვს არ უნდა იწვევდეს...
- ჩვენ, როგორც მოსახლეობის ნაწილი, პოლიტიკური პროცესიდან საზოგადოების ინტერესებიდან გამოვდივართ, ხოლო პოლიტიკოსების მიზანი პოლიტიკურ დაპირისპირებაში მხოლოდ გამარჯვებაა. პოლიტიკურ ბრძოლაში დემაგოგიის კარგად გამოყენებას საკმაოდ მაღალი პოლიტიკური უნარები უნდა. პოლიტიკურ ბრძოლაში დემაგოგია აკრძალული სულაც არაა. პოლიტიკურ პროცესში პლურალიზმის ხარისხის გაზრდა და მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ამაღლება მმართველი პარტიის ინტერესებში არ შედის.
თუმცა, ასეთ ვითარებაში ხელისუფლება შეიძლება მობეზრდეს ერთი და იმავეს მოსმენა, ყურება და ასე შემდეგ. ეს კი შეიძლება, ბუმერანგივით შემოუბრუნდეს ხელისუფლებას. ასეთ ვითარებაში, საზოგადოება შეიძლება, ნებისმიერ სიახლეებზე წავიდეს, ოღონდ არჩევანი უკვე მობეზრებულზე არ გააკეთოს.
- ხელისუფლება რეიტინგისა და პოპულარობის შესანარჩუნებლად ტელეეთერში იმაზე ხშირად და დიდი დოზით ჩნდება, ვიდრე - ადრე. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელეეთერის ზედმეტად ექსპლუატირება ხელისუფლებისთვის შესაძლოა, კონტრპროდუქტიულიც იყოს, თქვენ ამას გულისხმობთ?
- დიახ, კი. საუბრის დასაწყისში ნახსენებ კომუნისტებს კვლავ გავიხსენებ. აწყობილი პროპაგანდისტული მანქანის არსებობის მიუხედავად, ერთი შეძახილი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირში ყველა ხალხმა, რუსების გარდა, შვებით ამოისუნთქა. ყოველ შემთხვევაში, კომუნისტურ პარტიას საქართველოში და არარუსულ სივრცეში გულშემატკივარი არ დარჩა. ეს მიუხედავად იმისა, რომ იგი არც აუკრძალიათ. სწორედ ამიტომაა, რომ ვამბობ, ხალხს მოყირჭებული ჰქონდა კომუნისტური პროპაგანდა, ამავე პროპაგანდის მანქანაში ჩაყრილი ფული ტყუილა გადაყრილი აღმოჩნდა. თუკი პიარისას სიმართლე 90%-ზე ნაკლებია ანაც მართალი და ტყუილი 50-50%-ია, პიარი უკვე წამგებიანია. პიარმა რომ იმუშაოს, მასში ბევრი სიმართლე და ცოტა ტყუილი უნდა იყოს. როდესაც მოსახლეობა პიარის სახით შემოთავაზებულ პოზიციას ტყუილად აღიქვამს, ის პიარი წინასწარ წაგებულია.
918
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85