ლადო ხიხაძე, "ბანკები და ფინანსები"
"საქსტატის" მეთოდოლოგიის შესაბამისად, იმისათვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, არ არის აუცილებელი, რომ მას ჰქონდეს ხანგრძლივვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან დაქირავებული იყოს ვინმეს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილის სოციალური მდგომარეობა სახარბიელო არ არის და შესაძლოა ისინი ეძებდნენ დამატებით სხვა სამსახურს, ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ადამიანი საკუთარი შრომით შემოსავალს იღებს, ის დასაქმებულად უნდა ჩაითვალოს.
იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც "საქსტატი" დასაქმებულს უწოდებს წარმოადგენს დასაქმებულს სოფლად, საკუთარ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობაში, ან აქვს მიწის ნაკვეთი ან ჰყავს პირუტყვი. ასევე რეპეტიტორები, ტაქსების მეპატრონეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ.
უმუშევრობის დონე ბოლო წლებია ზრდის ტენდენციით ხასიათდება, 2004 წლიდან 2010 წლამდე უმუშევართა რაოდენობა 3.7 % - ით გაიზარდა, აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დასაქმება ქვეყნის პრიორიტეტად იყო აღიარებული, ხშირად გვსმენია მთავრობის უსაფუძვლო დაპირებები დასაქმების ახალ პროგრამებზე, მაგარამ, როგორც ვხედავთ, სიტუაცია მხოლოდ უარესდებოდა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ, 2004-2010 წლებში საქართველოს მიგრაციული სალდო მკვეთრად უარყოფითი იყო, ანუ ქვეყნიდან გაცილებით მეტი შრომისუნარიანი ადამიანი გადიოდა და, შესაბამისად, აკლდებოდა ჩვენს სამუშაო ძალას, ვიდრე შემოდიოდა, მაგრამ ესეც კი არ იყო საკმარისი იმისათვის, რათა უმუშევრობის დონე შემცირებულიყო.
უნდა ვივარაუდოთ, არსებული გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, 2015 წლამდე გაცილებით უფრო დიდი უარყოფით მიგრაციულ სალდოს ელოდება ბატონი პრეზიდენტი, რაც ერთგვარად შეამცირებს უმუშევრობის დონეს ქვეყანაში.
მოცემულ პირობებში არსებული სამუშაო ადგილების გაუქმების პერსპექტივა უფრო მაღალია, ვიდრე ახლის შექმნის. ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში პრეზიდენტის დაპირება, რომ უმუშევრობის არსებული 16,2%–იანი მაჩვენებელი 2015 წლისთვის 10%–მდე შემცირდება, მორიგი ფარსია, რადგან მთავრობას არ გააჩნია არავითარი გეგმა, რომელიც უმუშევრობის დაძლევასა და მის პრევენციას შეუწყობდა ხელს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს უმუშევართა კვალიფიკაციის ამაღლებასა და იმ დარგების განვითარებას, რომელთა მწარმოებლურობა ძალიან დაბალია, იგი დონორ ქვეყნებს სთხოვს გაზარდონ მათ ქვეყნებში ქართველ მუშახელზე კვოტები, რაც მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური წნეხის შემცირებას. იმას კი არავინ ფიქრობს, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის მასიური გადინება ქვეყნიდან მძიმე დემოგრაფიულ შედეგებს მოიტანს. ამიტომ ეკონომიკის წამოწევისა და სწრაფად განვითარებისთვის, პირველ რიგში, იმ დარგებს უნდა მიექცეს ყურადღება, სადაც მწარმოებლურობა ძალიან დაბალია. მაგალითად, აგრარული სექტორი და მასთან მიბმული მრეწველობის დარგები. ასე რომ, ქვეყანაში უმუშევარ ადამიანთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც აუცილებლად საჭიროებს ხელისუფლების აქტიურ, რეალურ ჩარევას და არა უსაფუძვლო პროპაგანდისტულ განცხადებებს, რაც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
794
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85