ლადო პაპავა:

ლადო პაპავა: "ხელისუფლებამ შეიძლება ომი დაიწყოს"


"საბანკო ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელს ვიცნობ, რატომ დუმს, ეს ხომ მისი საქმეა, დაიცვას ბანკების ინტერესები. ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ერთ ბანკს რომ შეექმნება პრობლემა, სხვა ბანკები მშვიდად იქნებიან. პრაქტიკულად ეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შეიტანეს ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, არის მომასწავებელი იმისა, რომ საქართველოში გირაოში ჩადებული ქონება თავის მნიშვნელობას კარგავს. იმიტომ, რომ კერძო ან იურიდიულმა პირმა რომ აიღოს სესხი, უფრო მეტი ქონება ექნება ჩასადები ნაკლები თანხის ასაღებად, ანუ საბანკო პროდუქტი ძვირდება. ეს რა ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს თუ საბანკო სექტორის განვითარებას ეხმარება? ეს არის პრაქტიკულად დაყაჩაღება. ეროვნული ბანკი სულ უფრო ემსგავსება "საბანკო ჟანდარმერიას", - აცხადებს ექსპერტი ლადო პაპავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლადო პაპავა: "ხელისუფლებამ შეიძლება ომი დაიწყოს" / რისი ეშინიათ ბანკებს.

"კიდევ უფრო კურიოზული ის არის, რატომ დუმს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი - არსებობენ კი ესენი?! საერთოდ არიან საქართველოში? ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, შევხვდი, ველაპარაკე და თავიანთი განცვიფრება გამოთქვესო - რატომ განგაშის ზარს არ ტეხენ, სად არიან დამალულები?! აშკარაა, რომ ფულის გათეთრების ცრუ ბრალდებით ართმევენ "ქართუ ბანკს" ფულს, ფაქტია, რომ ორგანიზაციები აიძულეს ამ ბანკიდან გაეტანათ ანგარიშები. ბანკები შეიძლება თვითონ ხმას არ იღებდნენ, ეს ძალიან ფაქიზი ინსტიტუტია. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ბანკის ხელმძღვანელები უნდა გამოვარდნენ და ყვიროდნენ. უბრალოდ, ყვირის "ქართუ ბანკი" იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ აშკარად არის პოლიტიკური დევნა. მაგრამ ბანკების ინტერესების დამცველი უნდა იყოს საბანკო ასოციაცია. ამიტომ ვამბობ, სად არის საბანკო ასოციაცია, რატომ ხმას არ იღებს?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა. 

"არა მარტო ამ ბანკის წინააღმდეგ შეიძლება გაგრძელდეს მოქმედებები, თვითონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და საერთოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ - შეგვიძლია, ყველაფერი მოვიფიქროთ, რაც მათ ტვინში იხარშება? შეუძლებელია. ხელისუფლების შიგნით რომ პრობლემებია, იგრძნობა, მაგრამ გასაქცევად ემზადება თუ არა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. გასაქცევად ემზადებოდნენ და გაქცევის რეჟიმში იყვნენ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსული ჯარი ლამის თბილისს მოადგა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, ნაადრევია ამაზე საუბარი, რომ ხელისუფლება გასაქცევად ემზადება. პირიქით, ისინი სერიოზული ბრძოლისთვის ემზადებიან, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით აშკარად აგებენ. მათი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი არის შეცდომა. ჯერ აგონიაში არ არიან. მე ვფიქრობ აგონია წინ გველოდება. ამიტომ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუნდაც ისეთი რამ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი ხელახლა გააჩაღონ", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"თუ ძალიან გაუჭირდა ამაზეც წავა, რატომაც არა. საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს და თუ დამარცხდება ამერიკაში გაიქცევა და პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს, როგორც რუსეთისგან დევნილი პრეზიდენტი. რუსეთი რომ ჩვენი მტერია და ოკუპანტია, ეს ხომ ისედაც ვიცით, სააკაშვილი ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს და სასურველი სცენარის გატამაშება არ გაუჭირდება. თუმცა ვეჭვობ, რუსების ამაზე წამოვიდნენ, მათ საკმაოდ სერიოზულად შეელახათ იმიჯი 2008 წელს. მათთვის საკმარისია ის, რაც აქვთ, მაგრამ თუ ამათ ომი დაიწყეს, ვეჭვობ, რომ რუსებმა საზღვარი გადმოლახონ, თუმცა გამორიცხული არაფერია. ეს რეჟიმი აგონიაში შეიძლება ამის გამკეთებელიც იყოს იმიტომ, რომ თუ სააკაშვილი ქვეყანაში პირველი კაცი ვერ იქნება, შეიძლება მან არჩიოს, რომ იყოს დევნილი პრეზიდენტი და იქ იყოს ამ ფორმით მაინც "პირველი კაცი", - განაგრძობს ლადო პაპავა.