"პრეზიდენტის ენცეფალოგრამა "ნაციონალური" ტელევიზიებით გადაიცემა"


"ძალიან საინტერესო მედიაგარემოში ვცხოვრობთ. ერთი ნოვატორული ფილმი მახსენდება: "იყო ჯონ მალკოვიჩი" - მთელი ფილმის სცენარი არის ის, რაც ხდება მალკოვიჩის ტვინში. ჩვენც ვცხოვრობთ გარემოში, სადაც პრეზიდენტის ენცეფალოგრამა "ნაციონალური" ტელევიზიებით გადაიცემა - ანუ იმას, რასაც პრეზიდენტი ფიქრობს, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავთ. რატომ ემთხვევა ორი-სამი ტელეარხის საინფორმაციო გადაცემები ერთმანეთს? იმიტომ, რომ ეს ერთი პირის - პრეზიდენტის გონების ენცეფალოგრამაა, მისი მუშაობის პირდაპირი ეთერი", - აცხადებს ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პრეზიდენტის ენცეფალოგრამა "ნაციონალური" ტელევიზიებით გადაიცემა / "ხელისუფლების რიტორიკა - "ჩვენ, ხალხი" გაცამტვერდა".

"2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ ხელისუფლება დაახლოებით ამერიკის მამათა რიტორიკით ხელმძღვანელობდა: "ჩვენ, ამერიკის ხალხი"... მაშინ სწორედ რომ იდენტური იყო ხელისუფლება და ხალხი. ვფიქრობ, იმ მომენტში დაიწყო მენტალიტეტის შეცვლა, ოღონდ ყოველგვარი გეგმის და კონცეფციის გარეშე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცვლილება არა რომელიმე მიმართულებით, არამედ მხოლოდ იმისთვის მოხდა, რომ ხალხი გამხდარიყო მორჩილი. პირველი, რაც ამას მოჰყვა, ხალხისგან გამიჯვნა იყო - ფრაზა "ხალხი" ნელ-ნელა გაცვდა და გაქრა. ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია ისტორიულ მომენტებს მივაბათ, მიტინგებს, რომლებიც დაარბიეს, ხალხს, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს, გირგვლიანის თემას... მოსახლეობამ თვალნათლივ დაინახა, რომ მისი ხელისუფლების რიტორიკა: "ჩვენ, ხალხი" - გაცამტვერდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი. 

"შემდეგ ეტაპზე, როცა დაიკარგა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა და ერთიანობა, დაიკარგა შესაძლებლობა, რომ კულტურული ცვლილება მომხდარიყო ხალხთან ერთად. გაჩნდა ახალი რეჟიმი: "ჩვენ ვართ პროგრესი". ამან დიდი ბზარი გააჩინა ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ამ მომენტიდან რეალურად დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფო განვითარებისა, მაგრამ ხალხში ცვლილებები არ დაწყებულა - ის შეაგუეს, შეაჩვიეს თავიანთ ცვლილებებს. ანუ, შენ, ხელისუფლება კი არ უნდა იცვლებოდე ხალხთან ერთად, ახალ კულტურას კი არ უნდა ნერგავდე, არამედ უნდა აძალებდე ხალხს მიიღოს ის, რასაც შენ სწორად მიიჩნევ. შედეგად, მივიღეთ სურათი, როდესაც ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს პროგრესულობაზე. ის არის პროგრესული ძალა, ჩვენ კი, მოსახლეობა, არ ვიმსახურებთ, რომ სახელმწიფო ამ პროგრესულ ძალასთან თანამშრომლობასა და ურთიერთნდობაზე ავაშენოთ, რადგან ჯერ ჩვენც უნდა გავიზარდოთ", - განმარტავს ფილოსოფოსი.

"ჯერ იყო სრული იდენტურობა ხალხთან, მაგრამ როგორც კი ეს განცდა შესუსტდა, გაჩნდა ახალი მოტივაცია, რომ მათ მეტი იციან და ჩვენ უნდა აღგვზარდონ. მაგრამ ამ მოტივაციას ჰქონდა ერთი ორიენტირი - მეტ-ნაკლები ორიენტაცია დასავლურ სტანდარტზე. ანუ, ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთი, როგორიც არის ევროპა, ამერიკა. ამიტომაც ჩვენ უნდა გამოვსულიყავით ჩვენივე წარსულიდან და უკეთესი ქართველები გავმხდარიყავით. და როგორი არის უკეთესი ქართველი? ისეთი, როგორიც არის ცოტა უარესი ინგლისელი ან ცოტა უარესი ფრანგი. ამ მიმართულებითაც ერთხანს იარა ხელისუფლებამ და, რა თქმა უნდა, ბზარი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უფრო გაიზარდა. ჩვენ აღარ ვიყავით ავთენტური ქართველი ერი, რომელიც უნდა ყოფილიყო უკეთესი შევარდნაძის ეპოქის მერე. ჩვენ გავხდით მასა, რომელიც უნდა გახდეს "უარესი ფრანგი და უკეთესი ქართველი". ეს ცოდნა კი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტრანსფორმაცია, ხელისუფლებას ჰქონდა. ბუნებრივია, ამ ეტაპის დევალვაციაც მოხდა, რადგან ესეც ტყუილი იყო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"არავითარი გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ყველაფერი, არ არსებობდა. ეს ყველაფერი მაშინ დაიშალა, როდესაც დასავლეთმა და ამერიკამ 2007-2008 წლების შემდგომ ზურგი შეაქციეს საქართველოს, როგორც თანასწორ პარტნიორს. მე არ ვიტყოდი, რომ სააკაშვილს ამის შემდეგ ბევრი რამე არ "გაუპრავეს", მაგრამ სააკაშვილი უკვე გახდა სხვა დონის ლიდერი, თავისი "პატარა გეტოს" მენეჯერი. ამ მომენტიდან, როცა განიხიბლა ეს დასავლური ღირებულებაც, დაიწყო კიდევ მეტი იზოლაცია და მარგინალიზაცია ხელისუფლებისა, უფრო მარტო დარჩენა და ის, რასაც დღეს ვხედავთ, - ვგულისხმობ დღევანდელ ყოფას მმართველი ელიტისა, სამწუხაროდ, იგი ამერიკული დემოკრატიის დამფუძნებელი მამების რიტორიკიდან ლუი XIV-ის რიტორიკამდე დაეცა, რომელიც ამბობდა, "სახელმწიფო ეს მე ვარ", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

"ის, როგორც აზროვნებს ჩვენი ხელისუფლება, როგორ აფასებს ოპონენტებს, გარემოს, არის სრული, ოღონდ სუსტი აბსოლუტური მონარქიის მენტალიტეტი, რომ თუ არ მემსახურები, ესე იგი არ ემსახურები უმაღლეს ღირებულებას, სახელმწიფოს. თუნდაც, პატრიარქის ვიზიტს მივუბრუნდეთ, მარტივი მაგალითი ავიღოთ, პერევის შემთხვევისა _ შენ თუ დააბრუნე პერევი პერეველებისთვის, ეს არ არის ჩემთვის ფასეული. ფასეული იქნება, თუ შენ დამიბრუნებ პერევს და შემდეგ მე განვკარგავ მას ჩემი პროპაგანდის გათვალისწინებით. დღეს სწორედ ეს სურათი გვაქვს: ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებიან რეჟიმს და ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ერის მოღალატეებად შერაცხეს. თავიდან ვფიქრობდი, შეიძლებოდა ვინმესთვის რამე აგეხსნა, არგუმენტი მოგეყვანა, დაგემტკიცებინა, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ, რადგან მას გაიგივებული აქვს თავი სახელმწიფოსთან - არ მოგწონს ხელისუფლების ესა თუ ის ქმედება? ე. ი. არ მოგწონს თავად სახელმწიფოც", - დასძენს ფილოსოფოსი/

"თუ გადაწყვეტ ემსახურო საქართველოს, მაგრამ ამას გააკეთებ სააკაშვილის სამსახურის გარეშე, ე.ი. მოღალატე ხარ, რადგან მათთვის თავიანთი თავის გარეშე ერი არ არსებობს. ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, საფუძველი ჩაეყარა უკვე 2003 წელს, როდესაც თქვეს, საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყებაო. მაშინ ეს თითქოს პატარა და უწყინარი იდეოლოგიური მარცვალი იყო, მაგრამ ყველაზე ძლიერი სარეველა აღმოჩნდა - გაიზარდა და მთელ ქვეყანას მოედო. მართლაც, რაზე უნდა ეკამათო ადამიანს, რომელიც თვლის, რომ თვითონ არის საქართველო", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი და შეკითხვას - " როდესაც ხელისუფლების გაკრიტიკება სახელმწიფოს გაკრიტიკებას ნიშნავს და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება სახელმწიფო საფრთხესთან არის გაიგივებული, რა შანსი აქვს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მშვიდობიანი, არჩევნების გზით მოსვლისა?", პასუხობს:

"მისი პოლიტიკური გზა არ არის ორიენტირებული ქუჩაზე. მაგრამ, თუ ხალხმა ქუჩაში გასვლა გადაწყვიტა, ის სხვა პოლიტიკურ ლიდერს იპოვის. ეს პოლიტიკური ტაქტიკის თემაა. ამ ბოლო დროს ნიშანდობლივი იყო მიტინგი, რომლის ერთ პლაკატზეც ეწერა - `ჩვენ 99% ვართ~. ეს არის რეალური შინაარსი დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისა, რომლითაც პოლიტიკოსმა უნდა ითამაშოს. ხელისუფლება მართლაც მარგინალიზებულია, ყველანაირად ცდილობს პოზიციის გამყარებას, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მყიფე ხდება. საბოლოოდ, ეს მაინც მხოლოდ ერთი კაცია და რაც უნდა კარგს აკეთებდეს, ხალხი მაინც გაემიჯნება, რადგან ვეღარ პოულობენ თავიანთ ადგილს სახელმწიფოში. შესაძლებელია თუ არა პროცესების მშვიდობიანი და კანონიერი განვითარება? ჩემი აზრით, არათუ შესაძლებელი, არამედ სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღარ შეიცვალოს ძალადობრივად ხელისუფლება და ჩვენ ხელახლა უნდა შევიტანოთ განაცხადი ცივილიზებულ ხალხთა ლიგაში, რომ ვართ ჩამოყალიბებული, მშვიდობიანი და სრულყოფილი ერი და არა რეზერვაციაში შეყრილი ტომი, რომელიც პერიოდულად ჭამს და მერე აჩენს ახალ ლიდერებს. დღეს ეს ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია".