საქართველოს პრემიერი აპირებს, რომ საგაისოდ მშპ 3100 დოლარამდე აამაღლოს, ხოლო 2014 წლისთვის 5-6 ათას დოლარამდე. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე ამ ოდენობით მხოლოდ მაშინ მოიმატებს თუკი მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 3100 დოლარი იქნება. როგორც გილაურმა პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას განაცხადა, მშპ-ის მაჩვენებელი საქართველოსთვის საუკეთესოა და ამის მიღწევა სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა.
“ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. 2003 წელს მშპ 900 დოლარი იყო და ბოლო 8 წლის განმავლობაში 3-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. უახლოეს 4-5 წელში საქართველო განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში უფრო მაღალ ეტაპზე გადავა”, - აცხადებს გილაური.
რამდენად რეალურია მთავრობის გეგმით გათვალისწინებული არსებული მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა და რა არის ამ ცვლილების განმსაზღვრელი? საპარლამენტო ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში წარმოდგენილი კონკრეტული რიცხვების არსებულ რეალობასთან შედარება ხელისუფლებას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.
“თქვენ ამ დოკუმენტში ამბობთ, რომ 2014 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5-6 ათასი დოლარი გახდება. დღეს ერთ სულ მოსახლეზე მისი რაოდენობა 2 700 დოლარს შეადგენს. მიმდინარე წელს 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მომავალ წელსაც ასეთივე ზრდას ველით.
იმისთვის კი, რომ 2014 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გაორმაგება მოხდეს, მაშინ მომავალი წლისათვის არა 6-, არამედ 18-20-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს და ეს მაჩვენებელი მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ასე პერმანენტულად გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ მაშინ მოიმატებს თუკი მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება”, - მიმართა ლევან ვეფხვაძემ ნიკა გილაურს.
მისი შეფასებით, მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში წარმოდგენილი ჯანდაცვის პროგრამაც სწორედ მოსახლეობის განახევრებაზეა ორიენტირებული.
“ამ დოკუმენტით თქვენ გვპირდებით, რომ ჯანდაცვის დაფინანსება 2011-12 წლებთან შედარებით, 2014-15 წლისათვის 50 მილიონ ლარზე ნაკლები იქნება. გარდა ამისა, ერთი მხრივ, გვაქვს სოფლის მეურნეობის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი, ხოლო 2 წლის შემდეგ ეს რიცხვი 74 მილიონამდე ჩამოდის. ამას არა მე, არამედ თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ადასტურებს”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ ნიკა გილაურს.
ექსპერტის, სოსო არჩვაძის შეფასებით, ის ეკონომიკური ზრდა, რაც დაგეგმილია, უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ სარეიტინგო მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
“ამისთვის განმსაზღვრელია მთლიანი შიდა პროდუქტი და მთლიანი ეროვნული პროდუქტი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში ადამიანებმა კეთილდღეობა იგრძნონ. აუცილებელია დამატებითი რესურსების მობილიზება, რაც ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდეს სოციალურ-დემოგრაფიული და კულტურული ინდექსის მიხედვით”, - აღნიშნავს არჩვაძე.
მთავრობის გათვლას, რომ მომავალ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3100 დოლარი იქნება, არჩვაძე რეალურად მიიჩნევს.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არასაკმარისი მაჩვენებელია. საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკებისთვის გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ერთნიშნა ინფლაცია. სხვა შემთხვევაში, რისკი ყოველთვის მაღალი იქნება”, - დასძენს არჩვაძე.
808
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85