„კახი კალაძე „ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად გაწევრიანდება“

„კახი კალაძე „ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად გაწევრიანდება“

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 25 ნოემბრის ნაცვლად, 11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ სპორტის სასახლის ადმინისტრაცია პოზიციას შიცვლის და თანხმობას გამოხატავს, ივანიშვილის მომხრეები მზად არიან, პირგასამტეხლო გადაუხადონ ფილარმონიის ადმინისტრაციას (რომელიც 2500 ადამიანს იტევს) და სასურველ სპორტის სასახლის ვრცელ ფართში (რომელიც 5000 ადამიანს იტევს) გადაინაცვლონ.

„ქართული ოცნება“ მსურველებს შეუზღუდავად მიიღებს, თუმცა აქცენტი მაინც ახალ სახეებზე გაკეთდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად იქნება ნინო ბურჯანაძის ადგილი. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის დასაკარგი ადამიანები არ არსებობენ, ალბათ, ბურჯანაძეს სულ არ გარიყავენ. თუმცა „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ უარყოფილ ნინო ბურჯანაძეს ვერც „ქართულ ოცნებაში“ მიიღებენ. სავარაუდოდ, ივანიშვილის ორბიტაზე ნინო ბურჯანაძეს არც მთლად უარყოფენ და არც ზედმეტად დაიახლოვებენ. ის სადღაც შუალედში იქნება, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“.   

ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა მიიჩნევს, რომ, მართალია, მიხეილ სააკაშვილს ერთხელაც არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველაფერი, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის  პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებული რეაქციაა. Presage.tv ესაუბრება ზურაბ ბიგვავას.

რამდენად მართალია, თითქოს ქართული ოცნების პრეზენტაცია სამების ტაძრის ტერიტორიასა და ეზოშიც იყო შესაძლებელი, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მოერიდა პატრიარქის ამ საქმეში ჩართვას?

– სამების ტაძარზე საუბარი არ ყოფილა. არც განიხილებოდა ეს თემა. სპორტის სასახლემ საბოლოოდ თქვა უარი, რადგან თურმე დაკავებულია ეს დარბაზი დიდი ხნის განმავლობაში. სტადიონზე ახლა ცივა და უკვე ადამიანები ვერ დასხდებიან ამდენი ხნით, ამდენად, ბოლოს და ბოლოს, პრეზენტაცია ისევ ფილარმონიაში შედგება. 

იქნებიან აქ ცნობადი სახეები, მაგალითად, ნინო ქადაგიძე ჟვანია, კახი კალაძე, გივი ბერიკაშვილი? აქცენტი ძირითადად ცნობილ ადამიანებზე გაკეთდება?

– ცნობად სახეებს რაც შეეხება, კახი კალაძე ნამდვილად ვიცი, რომ იქნება, დანარჩენი რა გითხრათ, ყველაფერი დადგინდება, მაგრამ ძირითადად, აქ მაინც ახალ სახეებზეა საუბარი. ძველიც, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს არ იქნება ძველი ცნობადი სახეები, არამედ უფრო ახალი სახეები იქნებიან.

ნინო ბურჯანაძე?

– ნინო ბურჯანაძე გამორიცხულია. ამის შესახებაც გაკეთდა განცხადება.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდანვე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების მეორე და მესამე ეშელონებიდან მასთან აპირებენ გადაბარგებას.

– მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება აპირებენ კიდეც. ჩემთვის არავის უთქვამს ამის შესახებ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასავლეთ საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ მხედრიონის მსგავს ორგანიზაციას ამზადებს ხელისუფლება, ამ ინფორმაციაზე თუ გსმენიათ რაიმე?
– „მხედრიონის“ მსგავსი ორგანიზაციის შესახებ, მართალი გითხრათ, არაფერი არ ვიცი. მაგრამ ბატონი ბიძინა ბოლომდე რომ აპირებს ბრძოლას, ეს ნამდვილად ვიცი და შემიძლია დაგიდასტუროთ.

აქამდე სააკაშვილი არ ახსენებდა ბიძინა ივანიშვილს. ბოლოდროინდელ გამოსვლებში კი ხშირად გადაჰკრავს ხოლმე ირიბად მის პიროვნებას. ერთ-ერთ გამოსვლაში მონებიც უწოდა ხალხს: რა ღმერთი გაუწყრათ დღევანდელ ქართველებს, დღემდე რომ მისტირიან მონობას, ვასალის მდგომარეობას, დღემდე უნდათ, რომ ვიღაცის ქვეშ იყვნენ“... ფსიქოლოგი ბრძანდებით და აქედან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ მის ამჟამინდელ მდგომარეობას?

– ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილს არც ერთხელ არ უხსენებია ივანიშვილი, მაგრამ ყველაფერი, რასაც სააკაშვილი აკეთებს, მათ შორის, კანონების მიღება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია პარტიების დაფინანსებასთან და სხვა, ეს ყველაფერი არის რეაქცია ბატონ ბიძინას პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით.

ვარდების რევოლუციის რვა წლისთავი აღნიშნა ხელისუფლებამ. ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ ამ ხნის მანძილზე ხალხის სასიკეთოდ არაფერი გაკეთებულა. პირადად თქვენ, ფიქრობთ, რომ რაღაც მინიმალური არ გაკეთებულა?

– რაღაცა როგორ არ არის გაკეთებული?! გაკეთდა გზები, პოლიცია, მაგრამ ეს გზები რის ხარჯზე გაკეთდა?! შეიძლებოდა თუ არა ამ ფულის უკეთესად დახარჯვა, ეს არის ვალი, ეს არის ჩვენი შემოსავალი, ეს ყველაფერი უცნობია. ამიტომ, ძნელია იმის თქმა და განსაზღვრა, რამდენად იყო ეს ყველაფერი გამართლებული, სწორად მიმართული და ეფექტური ქვეყნისათვის. კი, ამბობენ, რომ ჩამოყალიბდა და სახელმწიფო შედგაო, შეიქმნა სტრუქტურები, რომლებიც ერთმანეთს ემორჩილებიან და სხვა, მაგრამ ეს თუ არის მიღწევა, არ ვიცი. ძირითადად ადამიანებს გაუჭირდათ, სოციალური დაცვა უფრო ნაკლები გახდა, წამალი უფრო გაძვირდა და ადამიანს უჭირს წამლის შეძენა.

ამ დროს იდგმება შლოპანცებისა და ველოსიპედების ქანდაკებები.

– მე არ ვარ თანამედროვე ხელოვნების კარგი მცოდნე, არ ვარ კომპეტენტური ამ საქმეში, მაგრამ საზოგადოებამ ეს თვითონ უნდა შეაფასოს.

თქვენც ფიქრობთ, რომ ხელისუფლება დააბნია ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ?

– დაბნეული კი არა, შეშინებულნი არიან ბატონი ბიძინას პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ.