ლელა კუნჭულია, "თავისუფლება"
საქართველომ პროგრესს მიაღწია რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, თუმცა ქვეყანას კვლავაც ”გულმოდგინე შრომა” მოეთხოვება დემოკრატიის განვითარების კუთხით, - ამ შინაარსის განცხადებები ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ 24 ნოემბერს გააკეთა, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ. იმისათვის, რომ საქართველომ თანდათან ევროკავშირისგან სულ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, მას მეტი მოეთხოვება. ამ ეტაპზე განიხილება თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები.
ევროკავშირს ჯერ ისევ არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო. თუმცა ევროკომისარი შტეფან ფიულე აღნიშნავს, რომ მზადება მოლაპარაკებების დასაწყებად ”დასრულების ეტაპზეა” და რომ ევროკომისია ამჟამად საქართველოს მიერ წინაპირობების შესრულების შედეგებს აჯამებს. გავიხსენოთ, რომ სექტემბერში, აღმოსავლეთის პარტნიორობის ვარშავის სამიტზე, საქართველოსთვის მიცემული დაპირების მიხედვით, მოლაპარაკებები 2011 წელს იმ შემთხვევაში დაიწყება, ”თუკი იქნება საკმარისი პროგრესი რიგი დარჩენილი მთავარი რეკომენდაციების შესრულების კუთხით”.
გარკვეული მინიშნება იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველო დეკემბერში უნდა მოელოდეს, 16 ნოემბერს თბილისში მყოფმა კეტრინ ეშტონმაც გააკეთა - უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა:
”იმ მოლოდინის წინ წაწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, შესაძლებელი იქნება მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში და საშობაოდ შესაძლებლობა გვექნება ვაჩვენოთ პროგრესი, რომელზეც თქვენ ამდენი იმუშავეთ და რომლის ნახვაც ასე გვსიამოვნებს.”
მიუხედავად იმისა, რომ კეტრინ ეშტონს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მისმა განცხადებამ თბილისს განუმტკიცა იმედი, რომ ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები ნამდვილად დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე და ასეთ იმედს გამოთქვამს ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძეც, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება:
”საამისო ინდიკაციები არსებობს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რა კონსულტაციები და კონტაქტებიც გვქონდა ჩვენს კოლეგებთან ბრიუსელში, ყველაფერი ამისკენ მიუთითებს.”
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას საქართველოს ეკონომიკისთვის ”გადამწყვეტ და სასიცოცხლო” ნაბიჯს უწოდებს პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგანაც ეს შეთანხმება საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროპულ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ, ცხადია, რომ ასეთი შედეგისთვის ჯერ შეთანხმება უნდა გაფორმდეს, ხოლო უშუალოდ შეთანხმების გაფორმებამდე უნდა გაიმართოს მოლაპარაკებათა პროცესი, რის დაწყებასაც, როგორც ვთქვით, საქართველო დეკემბერში მოელის. აქვე ვთქვათ, რომ მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოს ტექნიკური საკითხების მოგვარება და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება ევალება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს კონკრეტულად ჯერ ისიც არ უთქვამს, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ პროცესის დასრულებაზე, პრეზიდენტი სააკაშვილი ფრიად ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს. 22 ნოემბერს, როცა ქუთაისში ახლად გახსნილ მთავრობის სახლში პირველ სხდომას უძღვებოდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ ”სადღაც წელიწად-ნახევარში - მაქსიმუმ 2 წელიწადში - თავისუფლად შევა ყველა ჩვენი ექსპორტი ევროპის ბაზარზე.”
მეორე მთავარი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც საქართველო მოელის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, უკავშირდება ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივას, რომლის დამაგვირგვინებელ ფაზასაც წარმოადგენს ვიზების სრული გაუქმება. საქართველოს, რომელიც უკვე სარგებლობს გამარტივებული სავიზო რეჟიმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის იმედი აქვს.
ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ, მართალია, უვიზო რეჟიმის მიზნამდე მისვლა რამდენიმე წელიწადს მოითხოვს, მაგრამ, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება. რაც შეეხება ევროკომისიის პოზიციას ამ კუთხით, როგორც ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობა გვაუწყებს, ევროკომისრის შტეფან ფიულეს სიტყვებზე დაყრდნობით, ”თუკი საქართველო განაგრძობს გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების ეფექტიან განხორციელებას, საქართველოსთან დიალოგი უვიზო მიმოსვლაზე შესაძლოა, სავარაუდოდ, ზაფხულამდე დაიწყოს.“
ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების მხრიდან არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პარტნიორ ქვეყანას, უფრო მეტის მიღების იმედი უფრო მეტი წარმატებული რეფორმის სანაცვლოდ უნდა ჰქონდეს. ეს აქცენტი გამოკვეთილია ევროკომისრის შტეფან ფიულეს განცხადებებშიც, რომლებიც მან 24 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
”საუბრის დროს ყურადღება გავამახვილეთ, თუ როგორ მიიღებენ მეტ სარგებელს ევროკავშირისგან ჩვენი ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც უკეთ არიან ჩართული რეფორმების პროცესში, ”მეტი მეტის სანაცვლოდ პრინციპით.”
ევროკომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, შტეფან ფიულე მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, თუმცა, ამავე დროს, ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ესაჭიროება დემოკრატიის კონსოლიდირება და ”გულმოდგინე შრომა” იმისათვის, რომ შექმნას ტოლერანტული და პლურალისტური პოლიტიკური კულტურა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ესმება ხაზი არჩევნების თემას:
”2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტები საქართველოს დემოკრატიისთვის, რასაც ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს.”
დემოკრატიისა და, კერძოდ, მოახლოებული არჩევნების თემა მოწინავე ადგილს რომ იკავებს ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, ამას ჩვენთან საუბრისას ვიცე-პრემიერიც ადასტურებს, თუმცა იქვე იმასაც დასძენს, რომ ეს საკითხი ”ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს”.
”ყველამ კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს 2012 და 2013 წლებში გასამართ არჩევნებს და რა შედეგები ექნება ამას ჩვენი ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის თვალსაზრისით და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. და ასევე, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ნატოში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივებთან და ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებასთან. და რამდენადაც ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენებია, რაც რეალისტურად წინ გვაქვს, ბუნებრივია, ამაზე აქცენტი კეთდება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ბარამიძე.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო დაინტერესებულია შემდგომი მუშაობით, მათ შორის ევროკავშირთან, რათა მომავალი წლების არჩევნები ”მაქსიმალურად გამჭვირვალედ” ჩატარდეს და არავის მიეცეს ”სპეკულაციის” საშუალება, რამაც შესაძლოა შეაფერხოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
950
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85