საბერძნეთის და იტალიის შემდეგ ბევრი ელოდა, რომ შემდეგი ევროპული ქვეყანა, რომელიც დეფოლტის წინაშე დადგებოდა, ესპანეთი იქნებოდა. მაგრამ ეს უკანასკნელი თავისთვის ტანჯვას განაგრძობს, კრიზისმა კი ევროს ზონის ბირთვს შეუტია და ფინანსურ-პოლიტიკური დრამის ფრანგული ეტაპი იწყება. დიახ, როგორც ცნობილი გახდა, საფრანგეთმა კარდინალური რეფორმები უნდა გაატაროს, რომ სხვა ქვეყნების ხსნაში გართული თავად გადასარჩენი არ გახდეს.
საერთოდ, ევროპულ კრიზისს ექსპერტები სამ ეტაპად ყოფენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გასული წლის პირველ ნაწილში ევროპელები საბერძნეთის საშველად დაირაზმნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ფინანსური ხანძრის ლოკალიზებას მოახერხებდნენ. შემდეგ, 2010 წლის შემოდგომასა და 2011 წლის გაზაფხულზე უკვე ირლანდია და პორტუგალია გახდა საშველი. მიმდინარე წლის აგვისტოში ბირჟებზე ვარდნით კი მესამე ეტაპი დაიწყო – კრიზისის ცენტრმა საბერძნეთიდან იტალიაში გადაინაცვლა.
ეს ძალიან სერიოზული მოვლენა იყო, რადგან საფრთხეში აღმოჩნდა სახელმწიფო, რომლის ეკონომიკა სიდიდით მესამეა ევროს ზონაში. თანაც მას ასტრონომიული, 1,9 ტრილიონი ევროს ოდენობის ვალი აღმოაჩნდა დაგროვილი. მოგეხსენებათ, იტალია ევროკავშირის პირველდამაარსებელთა ვიწრო წრეში შედის. იტალიის პრობლემები იმიტომაც არის ძალიან სერიოზული, რომ ეგზომ დიდი დავალიანების მქონე ქვეყნის გადარჩენა ფინანსური სტაბილურობის ევროპულ ფონდს არ შეუძლია და ევროს ზონიდან მისი გარიცხვაც წარმოუდგენელია.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ანალიტიკოსები კრიზისის ახალ ესკალაციაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც იმ ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების კურსი დაეცა, რომლებიც გერმანიასთან ერთად ევროპის ეკონომიკის ბურჯად ითვლებიან და რომლებსაც უმაღლესი საკრედიტო პოტენციალი აქვთ. ესენი გახლავთ ნიდერლანდები, ავსტრია და საფრანგეთი. და ეს მოვლენა შეიძლება ევროპული კრიზისის მეოთხე ეტაპად ჩაითვალოს.
მაგრამ საუბარია უპირველეს ყოვლისა საფრანგეთზე, რომელიც კონტინენტზე სიდიდით მეორე ეკონომიკის პატრონია და რომლის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან ერთად კრიზისთან ბრძოლის მთავარ ფიგურად და სახედ იქცა. ინვესტორები გვარიანად შეშფოთდნენ, რომ საფრანგეთი ევროს ზონის გადარჩენას გადაყვება და ქვეყნისაგან ობლიგაციებზე სულ უფრო მაღალ პროცენტებს ითხოვენ. შედეგად, გერმანულ, რომელიც კვლავინდებურად სამაგალითოდ ითვლება, და ფრანგულ ფასიან ქაღალდებს შორის განსხვავებამ ევროს არსებობის ისტორიაში სარეკორდო 2 პროცენტს მიაღწია.
საფრანგეთის ვალები იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას, შესაძლოა, თავისი უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი “AAA” ჩამოერთვას. ამაზე მიუთითებს სარეიტინგო სააგენტო Moody's-ს ინვესტორთათვის გაკეთებულ მოხსენებაში. სააგენტოს ანალიტიკოსთა აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირების მცდელობისას პარიზს არაერთი პრობლემა შეექმნება. საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის მთავრობა ვერ ახერხებს ისეთ ფაქტორებზე გავლენის მოხდენას, როგორიცაა ევროპული დავალიანებების კრიზისი და ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება. ასე რომ, შესაძლოა, ფრანგთა ყველა ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდეს.
Moody's–ის ანალიტიკოსები საფრანგეთს სამი თვის განმავლობაში დააკვირდებიან და შემდეგ გადაწყვეტენ, უნდა შეუნარჩუნდეს თუ არა ქვეყანას უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი “AAA” სტაბილური პროგნოზით. თუ პროგნოზი ნეგატიურით შეიცვლება, ეს ნიშნავს, რომ რეიტინგის დადაბლებაც არ დაახანებს.
თავისთავად ცხადია, თუ საფრანგეთს პრობლემები შეექმნება, სრულიად ევროს ზონა ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგება. მოგეხსენებათ, პარიზი ბერლინთან ერთად ზონის ლიდერი და ლოკომოტივია, აგრეთვე, ფინანსური სტაბილურობის ფონდის ერთ-ერთი მთავარი დონორი.
მეორე მხრივ, ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ძალიანაც კარგი, კრიზისი რომ საფრანგეთს შეაწუხებს, იქნებ ახლა მაინც გადაწყდეს ევროს ზონაში კარდინალური რეფორმების გატარება.
854
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85