"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა და შემდეგ უკვე იქნება კონკრეტული მოქმედებები. რაც შეეხება წევრებს, არ ვიცი, არ ვართ ჩართული და ეს არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ შევთანხმდით, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტნიორები. თუმცა, კარი არ არის დახურული სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ არა პოლიტიკური ერთობისთვის - ხაზს ვუსვამ, ურთიერთობისთვის. ჩვენ არ ვყოფთ საქართველოს ჩვენიანებად და სხვისიანებად. ყველა მოქალაქე ჩვენთვის ისევე ძვირფასია, როგორც ჩვენი პარტიის ნებისმიერი წევრი, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთიან სახალხო მოძრაობად ჩამოყალიბდეს ქართული ოცნებისთვის ბრძოლა და ქართული ოცნების შექმნაში ყველამ მიიღოს მონაწილეობა", - აცხადებს "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით, ირაკლი ალასანია: ნაციონალების ნაწილი ჩვენს მხარეს გადმოდის.
"რაც შეეხება ურთიერთობებს, მე არავის არაფერში ვეწინააღმდეგები, ყოველთვის თავისუფალი არჩევანის მომხრე ვარ და ამ თავისუფალ არჩევანს ვაძლევ როგორც ჩვენს პარტიას, ასევე ჩვენს პარტნიორებს. პოლიტიკურ ერთობაში ვარ იმ ადამიანებთან და ვიქნები, რომლებთანაც ერთ საერთო ღირებულებით საფუძველზე ვარ. ამ შემთხვევაში პარტნიორებს ვხედავ ივანიშვილში და რესპუბლიკელებში, სხვებს კი ამ პოლიტიკურ ერთობაში ვერ ვხედავ. პარტნიორები ჩამოყალიბებული ვართ, რომ არ ვაპირებთ პოლიტიკურ ერთობას ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან. პოლიტიკურ ურთიერთობას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც აქვს საღი აზრი, მაგრამ პოლიტიკური ერთობა განსხვავებული საკითხია. სტოკჰოლმში კონფერენცია მართლაც შედგა საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ვიმყოფებოდი. იქ იყვნენ არასამთავრობოების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დანარჩენი წარმოამდგენლებიც. კონფერენციაზე გვქონდა მწვავე პოლემიკა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც სასარგებლოა საქართველოსთვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"ბოკერიაც და სხვებიც არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები და ბუნებრივია, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჩვენ გვაქვს ძალიან ცხარე პოლემიკა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამის გარდა, ჩვენ არაფერი გვაკავშირებს ერთმანეთთან. და ისიც მინდა გითხრათ, რომ იმდენად განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს ჩვენ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, მათ შორის ბოკერიას ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტურ საკითხებზე, რომ რამე კოორდინაცია და რამე ფორმით ურთიერთობა სამომავლოდ წარმოუდგენელია... გავიმეორებ ახლაც - ნაციონალურ მოძრაობაში და საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანებში გაჩნდა დიდი ბზარი და ასე ვთქვათ, კითხვის ნიშანი სააკაშვილთან დაკავშირებით. მათ ეჭვი შეეპარათ, რომ მას ქვეყანა სწორი მიმართულებით არ მიჰყავს და ბუნებრივად, მოხდება მათი მიგრაცია", - განაგრძობს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.
"რაც ქართუ ბანკის წინააღმდეგ განხორციელდა, თუნდაც მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ეს იყო შეშინებული პოლიტიკოსის ნაბიჯები. იგივე ჩვენ პარტიის წევრების წინააღმდეგაც, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს. სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც არის დამფრთხალი, ისტერიული. მაგრამ ჩვენ ვართ მეტი პასუხისმგებლობით სავსე, ვიდრე სააკაშვილი და გვინდა, სააკაშვილი თავადაც არ გავიყვანოთ სამართლებრივი სივრციდან, მივიდეთ არჩევნებამდე და დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა. ეს იქნება კონკურენტული არჩევნები და უკვე ეს არის შეუქცევადი პროცესი. გუშინაც გორის რაიონში ვიყავი, მანამდე დასავლეთ საქართველოში, ორშაბათს ქუთაისში ვიქნები და აშკარად ეტყობა ხალხს, რომ შიში ტყდება და ეს არის იმის საფუძველი, რომ გატყდეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაც. ეს ახალი დინამიკა პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლამ განაპირობა, - დასძენს ირაკლი ალასანია.
"აშშ ამ რეჟიმს ნამდვილად არ უჭერს მხარს და უნდა, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს რეალურად დემოკრატიული მმართველობის ფორმით. იმ კვირაში ვაშინგტონში მივემგზავრები, მექნება შეხვედრები თეთრი სახლის სახელმწიფო ადმინისტრაციასთან, კონგრესმენებთან, სენატის წარმომადგენლებთან და იქ საუბარი იქნება ახლად შექმნილ რეალობაზე ქართულ პოლიტიკაში, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს აშშ-მ, ხელი შეგვიწყოს, რომ ეს არჩევნები რეალურად იყოს კონკურენტული. საქართველო ემზადება ახალი ნაბიჯისთვის, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს ქვეყანაში და საქართველოს წინსვლის თანამონაწილე აუცილებლად იქნება და უნდა იყოს აშშ", - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - " ამ საარჩევნო კოდექსის პირობებში, რომელშიც თქვენიშ ენიშვნები არ შევიდა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება შესაძლებლად მიგაჩნიათ?" - პასუხობს:
"ჯერ ერთი, როდესაც დაიწყება განხილვები პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან ჩვენის წინადადები გაჟღერდება და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახებთ რა არის გასაკეთებელი, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მეორე - ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, ტალღა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამ ვითარებაშიც მოვიპოვოთ მეტ-ნაკლებად სამართლიანი საარჩევნო გარემო. ჩემთვის მთავარია მოქალაქეების 80% მივიდეს არჩევნებზე, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. მესამე - ჩვენ სერიოზულად ვემზადებით არჩევნებისთვის, დამკვირვებლები, კომისიის წევრები, იურისტები იქნება წარმოდგენილი - პრაქტიკულად ჩვენი წარმომადგენლების ჯარი. ბუნებრივია, ხელისუფლებაც არ იქნება გულხელდაკრეფილი, - ამიტომაც ვამბობ, კონკურენტული არჩევნები იქნება მეთქი. ეს იქნება ორი განსხვავებული პოლუსის პოლიტიკური ძალის შერკინება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
871
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85