„სსრკ–ს რეანიმაციაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია“

„სსრკ–ს რეანიმაციაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია“

რუსეთის პრემიერს ევრაზიული კავშირის შექმნა სურს. ვლადიმერ პუტინმა გაზეთ „იზვესტიაში“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც საბაჟო კავშირისა და საერთო ეკონომიკური სივრცის საფუძველზე ევრაზიული კავშირის შექმნის იდეით გამოვიდა. პუტინის თქმით, ევრაზიული კავშირი „თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ პოლუსად“ უნდა იქცეს.

ამჟამად, საბაჟო კავშირში რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი ერთიანდებიან. ეს ქვეყნები 2012 წლის 1 იანვრიდან შევლენ საერთო ეკონომიკურ სივრცეში. ახალი კავშირი, რომლის ფორმირებაც უკვე მიმდინარეობს, პუტინის აზრით, გახდება ძალა, რომელიც ევროკავშირის თანასწორი იქნება. პუტინის თქმით, კავშირს დროთა განმავლობაში ყირგიზეთი და ტაჯიკეთიც შეუერთდება.

პუტინი წერს, რომ ამ კავშირის შექმნისას ლაპარაკი არ არის საბჭოთა კავშირის აღდგენასა ან კოპირებაზე.

„გულუბრყვილო მცდელობა იქნება იმის რესტავრირება ან კოპირება, რაც წარსულში დარჩა, მაგრამ მჭიდრო ინტეგრაცია, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ღირებულებებზე, დროითაა ნაკარნახევი“, - წერს პუტინი.

მისივე განმარტებით, ევრაზიული კავშირის წევრები მიიღებენ გადაადგილების, ბიზნესის წარმოების, მუშაობის და განათლების მიღების სრულ თავისუფლებას: „საბჭოთა კავშირში, მსგავსი თავისუფლება არ ყოფილა“.

სსრკ–ს მკვდრეთით რეანიმაციის პუტინისეულ მცდელობაზე ყოფილ პრემიერს, თენგიზ სიგუას ვესაუბრებით.

თენგიზ სიგუა: მეეჭვება, ევრაზიულ კავშირს რაიმე პერსპექტივები ჰქონდეს. შეთნხმებას მხოლოდ სამმა სახელმწიფომ – რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა მოაწერეს ხელი. აქედან, ყაზახების განწყობა კარგად ვიცი, რუსეთს არ ენდობიან. ვითომ პრორუსულ თამაშს თამაშობენ. ოფიციალურ ასტანას როცა დაჭირდება იმ წუთში უგანებს. ასეა ბელორუსიც. ლუკაშენკოს ევროპა თუ ცოტათი მოეფერა, აუცილებლად დასავლეთისკენ გაიხედავს. ამიტომ, ე.წ. ევრაზიული კავშირის სიმყარის არ მჯერა. დროის მოკლე მონაკვეთში, ერთი–ორი წელი იმუშავებს, მაგრამ საბოლოოდ ეს გაერთიანებაც ხუხულასავით ჩამოიშლება.

თვითონ კრემლის მმართველები ამ შემთხვევაში რაზე იმედოვნებენ?

– როგორც ვატყობ, ამ პერსპექტივის თვითონ რუსეთის ხელისუფლებასაც არ სჯერა და არც ბოლომდე ჩახედულნი არიან მის არსში. თუმცა, გარეგნულად ქმნიან ფონს, რომ თითქოს ახალ გაერთიანებას – ევრაზიულ კავშირს აყალიბებენ. არ ვიცი სახელმწიფო, პირველ რიგში ევროპიდან, რომელიც ამ კავშირს შეუერთდება - ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს. რუსებს ძალიან სურდათ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გავლენა როგორმე შეენარჩუნებინათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ბრიუსელისკენაა წასული. ამიტომ გამორიცხულია, ყოფილი აღმოსავლეთ ევროპის ბლოკიდან რომელიმე ქვეყანა ასეთი ტიპის ბლოკს შეუერთდეს.

აზიას გადავხედოთ, რომელი შეუერთდება ამ კავშირს? ასეთ ქვეყანას იქაც ვერ ვხედავ. აზიაში ჩინეთი და ინდოეთი ძალიან მონდომებულად მუშაობენ. ყველა პეკინისკენ იყურება და მოსკოვისკენ გამომხედავი არავინაა.

რაც შეეხება დსთ სივრცეს?

– დარწმუნებული ვარ, რომ მაგალითად თურქმენეთი ევრაზიულ კავშირში არ შევა. გარეგნულად შეიძლება ითანამშრომლოს, მაგრამ წევრი არ გახდება. თურქმენებს თავიანთი გეგმები აქვთ. ისინი აღმოსავლეთისკენ, კერძოდ ჩინეთისკენ და ინდოეთისკენ იყურებიან. უნდათ, მთავარი სიმდიდრე – ბუნებრივი აირი იქ გაასაღონ, თან საკმაოდ მაღალ ფასებში.

საბჭოთა კავშირის დროს, თურქმენეთს - ეროვნულ სიმდიდრეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, თვალსა და ხელს შუა ღლიტავდნენ. ათას კუბომეტრ აირში, რომელიც  

რუსეთს თურქმენეთიდან გაჰქონდა და ევროპაში ყიდდა, მხოლოდ სამ მანეთს უხდიდნენ. ახლა იცით რა ფასებიცაა – სამას დოლარამდე ავიდა ათასი კუბომეტრის ფასი. ამიტომ თურქმენეთი პუტინის სიიდან გამორიცხეთ.

უზბეკეთიც თავის პარტიას თამაშობს. ისიც ასე თუ ისე მდიდარია ენერგორესურსებით და არამარტო. ამიტომ ეს ქვეყნები რუსეთზე ბევრად საიმედო გასაღების ბაზრებს ეძებენ.

დიდი ალბათობაა იმისა, რომ ევრაზიულ კავშირს შუა აზიის ორი ქვეყანა – ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შეუერთდნენ - სხვებს გამოვრიცხავ.

სადაა ამ დროს სამხრეთ კავკასიის, ჩვენი უშუალო მეზობლების ადგილი?

– საქართველო და აზერბაიჯანი ასეთი გაერთიანებისკენ არ გაიხედავენ. სომხეთი ჯერჯერობით მოსკოვის გავლენის ქვეშაა, მაგრამ ერთი–ორი წლის შემდეგ მოსკოვს ერევანიც უგანებს. დაახლოებით ვიცი, სომხების ძალიან მდიდარი საზღვარგარეთული დიასპორის გეგმა, რომ დადგება დრო, ერევანს ევროპისკენ გაახედებენ.

თუ გახსოვთ, შარშან საქართველოში ნატოს წვრთნები ტარდებოდა. ერევანმა პირველად გაბედა და სურვილი გამოთქვა, რომ სწავლებებში მონაწილეობა მიეღო. გაიხსენეთ, მოსკოვში ამაზე რა ამბავი ატყდა. სომხეთის პრეზიდენტი დაიბარეს, ყურით ჩაათრიეს მოსკოვში და ერთი ამბავი აუტეხეს, კონკრეტულ ჩანაფიქრზე უარი ათქმევინეს. მაშინ ეს ცნება თვითონ სომხეთშიც პირველად გაჩნდა – თურმე სომხეთი ცალი თვალით მაინც დასავლეთისკენ იყურებაო. ეს ერთ–ორ წელიწადში დადასტურდება და სომხეთი ისევ დასავლეთისკენ იმოძრავებს. 

ცნობილმა რეჟისორმა და მსახიობმა ნიკიტა მიხალკოვმა ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველოს გარეშე ევრაზიული კავშირი ძალიან ღარიბი იქნება. ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ თბილისმა ამ ტიპის გაერთიანებისკენ გაიხედოს?

– დღეს საქართველოში ძლიერი, ან ნახევრადძლიერი პრორუსული ძალა მაინც რომ იყოს, ასეთ შემთხვევაში უნდა დავეჭვდეთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას. მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს არც პოლიტიკური, არც სამოქალაქო რაიმე მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც საგარეო პოლიტიკის დიამეტრალურად შეცვლას მოახდენს, ქვეყანას ისევ მოსკოვისკენ შეაბრუნებს. საქართველოში დღეს ასეთი ძალა არ არის. არიან ძალიან მცირე ზომის პრორუსული ძალები, რომელთაც დღევანდელ ქართულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ აქვთ.

მიხალკოვი, როგორც მახსოვს, ბოლო წლებში ანტიკავკასიური და ანტიქართული  განცხადებებით გამოირჩეოდა. მას შემდეგ, რაც ოჯახში ქართველი სიძე შეუვიდა, თავისი პოზიციები ცოტა შეარბილა.

დასავლელი ექსპერტები ევრაზიული კავშირს, სსრკ აღდგენის ერთგვარ მცდელობად აფასებენ. არის თუ არა ასე?

– ცხადია, მცდელობა არის. ყველაფერი პუტინის ცნობილ გამონათქვამს ეყრდნობა – საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის საშინელი ამბავი იყოო. მაგრამ არაფერი გამოვა. სსრკ–ს აღდგენაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია.

ამ საქმეში რუსული ეკლესიის როლზეც ვთქვათ - მოსკოვის საპატრიარქო ცდილობს, პოლიტიკა და ურთიერთობები სხვადასხვა სიბრტყეში დააყენოს.

– კირილის არ მჯერა. ის რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია. ერთი–ორი ნაბიჯი გადადგა – თქვა, რომ აფხაზური ეკლესია საქართველოს შემადგენელი ნაწილი უნდა იყოსო. მაგრამ დიდ პოლიტიკას თუ ჩავხედავთ, რასაკვირველია ის ხელისუფლების ხაზის გამტარებელია.

ჩვენი ეკლესიის მცდელობა, რომ რუსული ეკლესიის ხელმძღვანელების გარდა, მოსკოვის საერო ხელისუფლებასაც შეხვდეს, აბსოლუტურად სწორ გზად მიმაჩნია. ამან შეიძლება პატარა, მაგრამ მაინც კეთილი ნაყოფი გამოიღოს ჩვენი ქვეყნისთვის. რუსი პოლიტიკოსები დაარწმუნოს, რომ საქართველოსადმი მიდგომა უნდა იყოს ისეთი, როგორიც სამი საუკუნის განმავლობაში იყო. იმისთვის, რომ გავლენა შეენარჩუნებინათ მთლიანად კავკასიაზე, რომანოვებს ერთი სწორი გეზი ჰქონდათ არჩეული – კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ თბილისთან და ბაქოსთან.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ჯერ ბორის ელცინმა დაიწყო და ბოლომდე აურ–დაურია. შემდგომშიც მისი გზა „წარმატებით“ გააგრძელეს. შედეგიც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.