საქართველოს ხელისუფლება ერთ დღეს რომ აუკრძალავს ქართულ კომპანიებს რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, მეორე დღეს ჩრდილოეთის საზღვრების გახსნაზე საუბრობს. რუსებმა კი ამასობაში კომპანია “სარაჯიშვილს” მწვანე აუნთეს და დაახლოებით ერთ თვეში თავისთან ეპატიჟებიან.
“სარაჯიშვილის” პარტნიორის “ოპტიმა ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ფილიევის პროგნოზით, წლის ბოლოს “სარაჯიშვილის” პროდუქციის პირველი ნაკადი რუსულ ბაზარზე დაბრუნდება.
როგორც ფილიევმა განაცხადა, “სარაჯიშვილის” რუსეთის ბაზარზე რაც შეიძლება, სწრაფად დაბრუნების შესახებ განკარგულება რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ მის თვალწინ გასცა.
“ჩვენი მხრიდან წარდგენილ საჭირო დოკუმენტაციაზე პასუხს ორშაბათს, 28 ნოემბერს მივიღებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ შედეგი დადებითი იქნება. შემდეგი ეტაპი კი “როსპოტრებნადზორის” მიერ შესაბამისი კომისიის გამოყოფაა, რომელიც საქართველოში ჩამოვა და წარმოებას ადგილზე შეამოწმებს.
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მზად ვართ, წლის ბოლოსთვის “სარაჯიშვილი” რუსულ ბაზარზე შევიტანოთ. ამით რუსული მხარეცაა დაინტერესებული. რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ ჩემს თვალწინ გასცა განკარგულება, საკითხი რაც შეიძლება, სწრაფად გადაწყვიტონ”, - განუცხადა სააგენტო “პირველს” ფილიევმა.
რაც შეეხება საკითხისადმი ქართული მხარის დამოკიდებულებას, ფილიევის თქმით, ამ დრომდე საქართველოს მთავრობიდან კომპანიას რამე საყვედური არ მიუღია. “მე არ ვერევი პოლიტიკაში. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს. საქართველოს მთავრობის მხრიდან არანაირი საყვედური და შენიშვნა არ მიგვიღია. ამ საკითხის მოსაგვარებლად ძალიან ბევრი დრო და ენერგია დავხარჯე, ამისთვის ვარ მოსკოვში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება”, - აღნიშნა ფილიევმა.
ამასთან, “ოპტიმა ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტის თქმით, “როსპოტრებნადზორის” გაფართოებული სხდომაზე წლის მთავარ მოვლენებს შორის “სარაჯიშვილისა” და “ბორჯომის” საკითხი დასახელდა.
ამასობაში, ქართველი ბობოლა მოხელეები საზოგადოებას და კომპანიებსაც თავგზას უბნევენ თავიანთი კონტრასტული კომენტარებით. მაგალითად, ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჯაროდ გაილაშქრა იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილს გამოთქვამდნენ. ამ დროს მისივე პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე სულ სხვა რამეს აცხადებს. მანჯგალაძის მტკიცებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი ამ ქვეყანას აიძულებს, მოხსნას შეზღუდვები ქართულ პროდუქციაზე და გააუქმოს ის დისკრიმინაციული ნორმები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან აქვს დაწესებული.
“დისკრიმინაციული ნორმები განსაკუთრებით მოქმედებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართული პროდუქციისთვის საინტერესო ბაზრების ათვისებაზე. ხარისხი და მასზე ორიენტაცია არის ის უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც ექსპორტზე გასატან ქართულ პროდუქციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. ამ მიზანს ემსახურება მიღებული გადაწყვეტილება ღვინის ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებითაც”, - აღნიშნა იმ ადამიანის პრესსპიკერმა, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას.
სანამ პრეზიდენტი და მისი სპიკერი ერთმანეთში არკვევდენენ როგორი პოზიცია უნდა დაეკავებინათ ცივი ჩრდილოეთისკენ მიმართულება აღებული ქართული პროდუქციისადმი, თავი გამოყო ამა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ადგილობრივ კომპანიებს, რუსული ბაზრის გახსნის შემთხვევაში, რჩევა მისცა, რომ იქ არ შესულიყვნენ. “რომც გაიხსნას რუსული ბაზარი, ქართულ კომპანიებს ვეტყვი, რომ არ შევარდნენ იქ”, - განაცხადა გილაურმა.
ამის შემდეგ ქართველი ბიზნესმენები კიდევ უფრო გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ და მკითხაობის მეტი სხვა გზა აღარც დარჩენიათ.
797
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85