სად დადის და რას აკეთებს თარგამაძე?

სად დადის და რას აკეთებს თარგამაძე?

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ბოლო ორი წელია, პარლამენტში ორჯერ არ ყოფილა. იგი არც ბიუროს სხდომებს ესწრება და არც პლენარულ სხდომებს. არადა, პარლამენტის რეგლამენტი დეპუტატს პარლამენტში სიარულს ავალდებულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას, მინიმუმ, არასაპატიო გაცდენები მაინც უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მას ერთი საპატიო გაცდენაც კი არა აქვს.

ადამიანი დეპუტატი რომ ხდება, ფიცს დებს. ამ ფიცში ნათქვამია, რომ იგი პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობას და ა.შ. დეპუტატის მოვალეობა კი, მინიმუმ ის არის, სხდომებზე იაროს.

ცნობისთვის, სესია თვეში ორი კვირის განმავლობაში იმართება, ისიც კვირაში ერთი ან ორი დღე. საერთო ჯამში კი გამოდის, რომ დეპუტატები თვეში მაქსიმუმ ოთხ-ხუთჯერ უნდა მივიდნენ. კომიტეტის თავმჯდომარეებს კი პარლამენტში უფრო ხშირად უწევთ მისვლა, რადგან არასასესიო კვირას კომიტეტის სხდომა იმართება. კომიტეტის სხდომას კი, როგორც წესი, კომიტეტის თავაჯდომარე ხელმძღვანელობს.

გამოდის, რომ კომიტეტის თავმჯდომარე თვეში 6-7-ჯერ მაინც უნდა მივიდეს და ამ მისვლაში საკმაოდ დიდ ხელფასს იღებენ. შეგახსენებთ, რომ რიგითი დეპუტატის ხელფასი 2200 ლარია. კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასი კი 3000 ლარამდეა.

დეპუტატებს პარლამენტში სიარული რომ ეზარებათ, ახალი ამბავი არ არის და სესიის დროს მუდმივად ქვორუმის პრობლემაა. ამაზე presage.tv-ს არაერთხელ დაუწერია.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს სათანადო მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება დეპუტატი აიძულონ, რომ პარლამენტში მივიდეს.

ერთად-ერთი სანქცია არის ის, რომ დეპუტატს ხელფასი დაექვითოს და გამოდის, რომ ვისაც ხელფასის დაქვითვა არ უნდა, იძულებული იქნება, პარლამენტში მივიდეს. მაგრამ, თუკი პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატების ფინანსურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მათ ამ თანხის ჩამოჭრა დიდად არ ადარდებთ.

მით უმეტეს, რომ ოფიციალური მონაცემებით ასეთი დაჯარიმება არც ისეთი ხშირია.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა 2011 წლის შემოდგომაა, პარლამენტის ვებგვერდზე გამცდენი დეპუტატების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2009 წლის შემოდგომით არის გამოქვეყნებული.

ამ მონაცემებით კი სესია არასაპატიოდ სულ 7 დეპუტატს გაუცდენია. მათ შორის, დავით ნადაშვილს ოთხჯერ, მაგდა ანიკაშვილს ორჯერ, კახა გეწაძეს, პაატა დავითაიას, გია თორთლაძეს და გია გოგუაძეს მხოლოდ ორ-ორჯერ, გივი თარგამაძეს კი სამჯერ. არადა, გივი თარგამაძე ამ მოწვევის პარლამენტში სულ სამჯერ თუ ყოფილა ისიც კი ძნელი დასაჯერებელია.

თარგამაძე მიმდინარე წელს პარლამენტში საერთოდ არ გამოჩენილა, ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომებზე. საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ თარგამაძე პარლამენტში ღამ-ღამობით მოდის და თან თავის მეგობრებს იბარებს. თარგამაძის ყველაზე ხშირი ღამეული სტუმარი კი ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ყოფილა. ღამე რას აკეთებენ და რაზე თათბირობენ, არავინ იცის.

თარგამაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც ერთ სხდომას არ დასწრებია. უფრო მეტიც, მარტო თარგამაძე კი არა, სხდომებზე არც ერთი მისი მოადგილე აღარ დადის და ამის გამო, პარლამენტში ხუმრობენ კიდეც, თავდაცვის კომიტეტი გაუქმდა და არ გვეუბნებიანო.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფორმალური მხარე და თარგამაძეს ფორმალურად მაინც უნდა აჯარიმებდნენ. თუმცა, როგორც presage.tv-ს პარლამენტის მანდატურის სამსახურის უფროსმა განუცხადა, თარგამაძეს არც ერთი არასაპატიო გაცდენა არ აქვს.

საინტერესოა, ამაზე პარლამენტის ხელმძღვანელობა რატომ ხუჭავს თვალს და ერთხელ რატომ არ მოიკითხეს, სად არის და რას აკეთებს ხალხის რჩეული გივი თარგამაძე?