თბილისის მერიის მიერ ქალაქში სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლებასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონის შედეგად დედაქალაქში უკვე არსებულ პრესის გამავრცელებელ ჯიხურებს დახურვის საფრთხე ემუქრებათ. მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი ძირითად შემთხვევაში სწორედ იმ ადგილებზეა, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები. როგორც "პლანეტა ფორტეს" დირექტორი მერაბ ჩანჩალაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მას უკვე დაუკავშირდნენ დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურიდან და არსებული ჯიხურების აღება მოსთხოვეს. "რეზონანსი" შეეცადა, მიმდინარე პროცესზე მერიის წარმომადგენლების კომენტარი მოეპოვებინა, მაგრამ გუშინ მერიაში ამისთვის ვერ მოიცალეს.
მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ დვალი დაგვპირდა, რომ გაარკვევდა დეტალებს და კომენტარს გააკეთებდა, თუმცა, მან მოგვიანებით ტელეფონს აღარ უპასუხა.
ხოლო როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, ის თათბირზე იმყოფებოდა და ვერ გვიპასუხებდა. თუკი მერია ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას მოისურვებს, "რეზონანსი" მზადაა, ეს კომენტარი მომდევნო ნომერში დაბეჭდოს.
პრესის ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი, იმ ადგილებზე, სადაც პრესის გამავრცელებელი ჯიხურები დგას, რეალურად პრესის გავრცელებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის და შესაძლოა, ძალიან მალე ქალაქში პრესის გავრცელება შეუძლებელი გახდეს.
პრესის გამავრცელებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი აუქციონში მონაწილეობას მიიღებენ და უკვე გამართულ აუქციონებშიც იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა ეს მარცხით დასრულდა, რადგან ძნელია, პრესის გამავრცელებელმა კომპანიამ კვების და სასმელების გამავრცელებელ კომპანიას გაუწიოს ფინანსური კონკურენცია და რამდენის გადახდასაც ისინი შეძლებენ, იმდენის გადახდა მოახერხოს.
შპს "პლანეტა ფორტეს" დირექტორი მერაბ ჩანჩალაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თუ პროცესი არ შეჩერდა, რეალურად ყველა პრესის გამავრცელებელ ორგანიზაციას დახურვა მოუწევს.
მაგალითისთვის - მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი ეხება ისეთ ადგილებს, სადაც "პლანეტა ფორტეს", კომპანია "მაცნეს" და შპს "ელვასერვისის" ჯიხურები დგას.
მაგალითად აუქციონი #70, ლოტი 41, მისამართი პეკინის გამზირი #2, ასევე აუქციონი #70 ლოტი #43, მისამართი სოფელი დიღომი, ჩალიპირები, ეს ის ადგილებია, სადაც მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რეალურად კი აქ შპს მაცნეს ჯიხურები წლებია, დგას.
ასევე ასეთი ადგილებია: აუქციონი #75 - ლოტი #28, მისამართი ნუცუბიძის მე-4 მჰრ #36ი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ასევე აუქციონი #75 ლოტი #48, მისამართი დოლიძის ქუჩის დასაწყისი, ეს ის ადგილებია, სადაც შპს "ელვასერვისის" ჯიხურები დგას და მათ ამ აუქციონის შედეგად აღება და სანაგვეზე მოსროლა მოუწევთ.
"დაგვირეკს და ზეპირი დავალების საფუძველზე გვითხრეს, რომ ჯიხურები ავიღოთ, ამაზე უარს ვამბობთ და მოვითხოვთ ოფიცილურ საბუთს მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან. სწორედ ამ სამსახურიდან დარეკეს, აიღეთ ჯიხურებიო. ჩვენ ვუთხარით, მოეწოდებინათ ოფიციალური საბუთები. ეს საბუთები გვჭირდება თუნდაც იმაში, რომ ამის მიხედვით ვიმოქმედოთ ან გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება შემდეგ. ჯიხურების აღებას ითხოვენ თითქმის ყველა უბნიდან, სადაც კი გვაქვს, ისანში, სამგორში, გლდანში, საბურთალოზე, დიღომში და ა. შ. ფაქტობრივად, მთელი ქალაქიდან მოითხოვენ ჯიხურების აღებას. დღეს, რომ ამ მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ ხვალ და ზეგ სხვა, გარეუბნებიდანაც იგივეს მოითხოვენ.
მე როგორც ვნახე მათი აუქციონები, ზუსტად იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც ჩვენი, მაცნეს და სხვა, პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციების ჯიხურები დგას, წლებია. დღეს კი გვირეკავენ და ჯიხურების აღებას გვთხოვენ.
ამ აუქციონების გამოცხადებით გვემუქრება ძალიან დიდი საფრთხე, რომ ძალიან მალე დავიხურებით. ჩვენ ერთ აუქციონში უკვე მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ ძალიან დიდი მარცხი ვიწვნიეთ, რადგან ამ აუქციონში იმხელა თანხებია გადასახდელი, რომელსაც პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციები ვერ გავწვდებით. მოგეხსენებათ, რომ პრესა არ არის მომგებიანი ბიზნესი, შესაბამისად, 10 000-ებს ჩვენ ფიზიკურად ვერ გადავიხდით. დღესაც კი გვაქვს ძალიან ბევრი ობიექტი, რომელიც დოტაციაზე მუშაობს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ პრესის გავრცელება აუცილებელია, ჩვენ ამას ვარეგულირებთ სხვა ადგილებით და არ ვხურავთ ასეთ დოტაციაზე მომუშავე ჯიხურებს.
რეალურად მერიამ გამოაცხადა აუქციონი ზუსტად იმ ადგილებზე, სადაც ჩვენი ჯიხურები დგას, როცა შეეძლო, ამ ჯიხურებიდან 10-15 მეტრში გამოეცხადებინა აუქციონი. არა, პირიქით ზუსტად ჩვენს ადგილებზე აცხადებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არსებობას ვეღარ შევძლებთ. პრესის გავრცელებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვაპირებთ მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და თუ ამ შეხვედრაზეც არაფერი გამოვიდა, ჩათვალეთ, რომ დავიხურებით და ვეღარ მივაწვდით საზოგადოებას პრესას", - განუცხადა "რეზონანსს" შპს "პლანეტა ფორტეს" დირექტორმა მერაბ ჩანჩალაშვილმა.
პრესის ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში ხედავს საფრთხეს, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და არსებული ჯიხურების აღება მოითხოვა მერიამ, ძალიან მალე ქალაქში პრესის ყიდვა შეუძლებელი გახდება.
ლაშა ტუღუში: "თუ ასე გააგრძელეს, საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ქალაქში გაზეთის გაყიდვა გახდება პრობლემა. უბრალოდ, აღარ დარჩება ადგილი, სადაც შეიძლება გაზეთი გაიყიდოს, ეს პრობლემა დიდი ხანია, დგას. სამწუხაროდ, პერიოდულად ხელისუფლება იწყებს ისეთ პროცესებს, რომელსაც პრესის გავრცელებისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. ეს არის მედიის და სიტყვის თავისუფლების ნგრევისკენ მიმართული პროცესი. პროცესი არის მუდმივი ხასიათის. ფაქტია, რომ ამდენი ხანია, ერთი და იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ.
ვერაფრით ვერ მოხერხდა მათთან საერთო ენის გამონახვა, ბევრი ფორმა შევთავაზეთ, მაგრამ მერიასთან შეთანხმება არ ხდება. ვთავაზობთ, მათი წესებით მოხდეს ცვლილებები, თუ დიზაინი არ მოსწონთ, დიზაინს შევცვლით, თუ გადასახადია გადასახდელი, გადასახადს გადავიხდი. მერიის მხრიდან კი მხოლოდ დაპირებები ან სიჩუმეა. შედეგი არის ის, რომ ყოველდღიურად ავიწროებენ პრესის გავრცელების ორგანიზაციებს.
პრესა სადღაც ხომ უნდა გაიყიდოს? ადრე იყო, რომ აყარეს ეს ჯიხურები და დადგეს თავისი გაურკვეველი ჯიხურები. ახლა გამოაცხადეს აუქციონი და მაინც და მაინც სადაც გაზეთი იყიდება, ყველგან კვების ობიექტები უნდათ, გახსნან. ადრე სადაც იყო მეტროებში სტენდები, გაყარეს ეს ხალხი, სადღაც ისეთ ადგილებში გადაიყვანეს, სადაც ვერავინ ვერ მიაგნებს. რა უნდათ, ვერ გავიგეთ. მაშინ პირდაპირ თქვან, რომ აღარ უნდათ პრესის გავრცელება, მიიღოს კანონი პარლამენტმა, რომ კრძალავენ პრესის გავრცელებას და გასაგები იქნება ყველაფერი.
თბილისის მერიას ვთავაზობთ, გავაგრძელოთ მოლაპარაკება, მაგრამ თავს არიდებენ. დავდიოდით ქალაქის ხელმძღვანელობასთან, ქალაქის პრემიერთან, ვთავაზობდით წინადადებებს, ერთი შევთავაზეთ, არ წამოვიდნენ, მეორე შევთავაზეთ - არ წამოვიდნენ. შეხვედრებზეც კი არ მოდიან. დაგვინიშნეს შეხვედრა და არ მოვიდნენ, მეორედ დაგვინიშნეს, კიდევ არ მოვიდნენ, პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, ამბობენ, განვიხილავთ, განვიხილავთო და ვერ დაადგა საშველი. ვთავაზობთ იმას, რომ იყოს ნორმალური, ცივილური ვითარება. ხომ არ შეიძლება, გაუთავებლად, რამდენჯერ ვინმეს მოუნდება, რომ გაზეთის მაგივრად ხინკალი გაყიდოს, აიღოს გაზეთის გამავრცელებელი ჯიხური და გაყიდოს ხინკალი?
კი, ბატონო, გაყიდონ ეს ხინკალი, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი ადგილი აქვს? ხომ არ შეიძლება, რომ ყველგან ხინკალი იყიდებოდეს და ყველგან კვების ობიექტები იყო. ხომ არ შეიძლება ქართული საზოგადოება ხინკლის მჭამელ საზოგადოებად გადავაქციოთ, ხომ აქვს არსებობის უფლება პრესას, ჟურნალს, წიგნს? წიგნი გააგდეს, გაზეთი არ უნდათ, ჟურნალი არ უნდათ, რა უნდათ, ვერ გავიგე ნამდვილად.
"რეზონანსი": მერიამ გამოაცხადა აუქციონი, ამ აუქციონში მონაწილეობა შეუძლია, მიიღონ პრესის გამავრცელებელმა ორგანიზაციებმაც. რატომ არ არის ეს თქვენთვის მისაღები, ფინანსურად ვერ გაწვდებიან პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციები ამას თუ რა არ მოგწონთ? მერია ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ყველას აყენებს თანაბარ პირობებში და ყველას შეუძლია აუქციონში მონაწილეობის მიღება, თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ აქ?
ლ. ტ.: არ არის ყველა თანაბარ პირობებში. რა აუქციონზეა საუბარი იმ ადგილებზე, უკვე დგას ჯიხურები? ეს ხომ არ არის ცარიელი ადგილები, რომ აუქციონი გამოაცხადონ? ჯერ ერთი, ცარიელ ადგილებზეც სწორი იქნებოდა, რომ გამოიყოს ტერიტორია, სადაც მხოლოდ პრესის გაყიდვა იქნებოდა შესაძლებელი, რაც არის განსხვავებული პროდუქტი. ხომ არ შეიძლება მთელი ქალაქი კვების ობიექტებად ვაქციოთ? ადამიანებს ხომ აქვთ უფლება, რომ წაიკითხონ? თუ არ გვაქვს ამის უფლება, მაშინ გვითხრან პირდაპირ.
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმ ობიექტებზე, რომლებიც წლებია, არსებობს, აქ ადამიანები მუშაობენ. ამაზეა საუბარი. არ აგრძელებენ შეთანხებას, არ უნდათ არაფერზე საუბარი, ჰაერში ჩამოკიდეს მთელი მედია და პრესის გავრცელება, მუდმივად გვაქვს ეს პრობლემები.
"რ": თქვენ ხედავთ საფრთხეს, რომ პრესის გავრცელება პრობლემა გახდება თბილისში?
ლ. ტ.: აქ საუბარია არსებულ ჯიხურებზე, ვიმეორებ არსებულზე. ჩვენ ახლა უნდა ავიღოთ ეს ჯიხურები, რომელიც რამდენიმე წელია, არსებობს და ახლიდან ჩავატაროთ აუქციონი. რას ნიშნავს ეს? არსებული ჯიხურის ადგილზე შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და თქვას, მე მინდა, აქ ბანკი გავხსნაო. გასაგებია, რომ საბანკო ბიზნესი უფრო მომგებიანია, მაგრამ ასე შეიძლება, ნებისმიერ ადგილზე აიღო ჯიხური და გახსნა სხვა, უფრო მომგებიანი ბიზნესი. მაგ ლოგიკით შეიძლება, მივიდეს ვიღაცა მერიაში და თქვას, რომ მერიის ადგილზე გააკეთებენ უფრო მომგებიან ბიზნესს, ამიტომ უნდა დაანგრიონ მერია და იქ რამე სხვა უნდა გახსნან. მშვენიერი პრესტიჟული ადგილია, საბურთალოა. ამ ლოგიკით ყველაფერი შესაძლებელია, თუკი მეტი ფულის გადახდაზე ვისაუბრებთ.
ადგილების მეტი რა არის თბილისში? გამოაცხადონ სხვა ადგილებზე აუქციონი და ეს იქნება თანაბარი პირობები. უკვე არსებულის აღება და მტკვარში გადაყრა ნამდვილად არ არის თანაბარ პირობებში ჩაყენება. ასე ხომ არ შეიძლება? რა საზომით უდგებიან გაუგებარია ჩვენთვის ეს ყველაფერი. საბოლოოდ ყველაფერი იქეთ მიდის, რომ პრესის გავრცელება ამ ქალაქში შეუძლებელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ "რეზონანსმა" აუქციონის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე საბურთალოს რაიონში, ბულაჩაურის და იოსებიძის ქუჩების გადაკვეთაზე, 2 ნოემბერს, დილით, ახალი ჯიხური უკვე აღმოაჩინა სწორედ იმ დიზაინით, რომელიც მერიის ვებ-გვერდზეა განთავსებული და სწორედ იმ ლოტზე, რომელიც ასევე მერიის მიერაა გამოცხადებული. ახალი დიზაინის ჯიხური ეკუთვნის #28 ლოტს, ეს გახლავთ აუქციონი #65, რომელიც 16 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. თავდაპირველად მერიაში ამას უარყოფდნენ, თუმცა მოგვიანებით აღიარეს და "რეზონანსს ამ შეცდომის აღმოჩენისთვის და დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადეს. ახლა საინტერესოა, რა ბედი ელის არსებულ პრესის გამავრცელებელ ჯიხურებს. იმედია, მერიაში ამ საკითხზე პასუხის გაცემისთვის შესაბამისი პირები მოიცლიან.
1231
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85