როგორც ჩანს, ე.წ. უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ შეტევას ამზადებს. ყველას ახსოვს რა ვნებათაღელვა მოჰყვა უგულავას უწყების მიერ დედაქალაქში ავტოფარეხების დანგრევას. მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ მერიამ ამ “პროექტის” ბოლომდე მიყვანა ვეღარ გაბედა. საერთოდ კი, უკანონო მშენებლობების დემონტაჟი 2006 წლიდან დაიწყო, ანუ მას შემდეგ რაც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური შეიქმნა.
ამჯერად დემონტაჟების წლად, შესაძლოა, 2012 წელი იქცეს. “უკანონო მშენებლობების” დასანგრევად მერია 400 ათას ლარს გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ უკანონო მშენებლობის აღმოჩენისას მერია ქონების “მფლობელს” გარდა იმისა, რომ შენობებს დაუნგრევს 10 ათას ლარიან ჯარიმასაც გადახდევინებს.
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის ვანო ყანდაშვილის განცხადებით, უკანონო მშენებლობების თვალსაზრისით ყველაზე პრობლემატური გლდანი-ნაძალადევისა და ისან-სამგორის რაიონებია, სადაც სახელმწიფოსგან მიტაცებულ მიწებზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობები განხორციელდა. შესაბამისად, მათ უკვე მიუვიდათ მერიისგან ბრძანება სახლების ნებაყოფლობით დანგრევაზე ან მათ სახლებს მერია დაანგრევს, სახლის პატრონი კი სახლსაც დაკარგავს და ჯარიმასაც გადაიხდის.
ყანდაშვილის განცხადებით, უკანონო აივნებისა და ავტოფარეხების მასშტაბები უკვე შემცირებულია და ეს პრობლემას იმდენად აღარ ქმნის. ამჯერად, ყველაზე აქტუალური სახელმწიფოსგან მიტაცებულ მიწებზე განთავსებული შენობებია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი იმ შემთხვევაშიც განხორციელდება თუ მშენებლობის მწარმოებელი პირი დაუდგენელი იქნება. უკანონო მშენებლობების დამონტაჟისთვის სპეციალური დადგენილება არსებობს, რომლის გასაჩივრებაც დემონტაჟის გადაწყვეტილებას ვერ შეაჩერებს.
უკანონო მშენებლობების დემონტაჟის განხორციელების მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. აღნიშნული სამუშაოებისთვის 400ათას ლარამდეა გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 1300 კვ.მ კაპიტალური შენობა-ნაგებობების (მონოლითური გადახურვით), 9500 კვ_მ კაპიტალური გადაუხურავი, ან არამონოლითურად გადახურული შენობა-ნაგებობის, ასევე კაპიტალური ღობეების, 1610 კვ_ცხაურის ტიპის ნაგებობების, 1650 კვ_მ მსუბუქი კონსტრუქციის, 1050 კვ_მ აივნის ტიპის ბაქანის და 50 კვ_მ უნებართვოდ განთავსებული ჯიხურების, დემონტაჟი უნდა განახორციელოს. ასევე უნდა უზრუნველყოს 9000 გრძივი მეტრის მარტივი ტიპის ღობეების მოხსნა. სამუშაოების შესრულება 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 31დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.
არსებობს პრობლემა, რაშიც საკრებულოს ოპოზიცია მერიას არ ეთანხმება.
დეპუტატ ჯაბა სამუშიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც სახლების მშენებლობისთვის მერიის მიერ გაცემულ პროექტებში მესაკუთრეებმა მინიმალური ცვლილებები შეიტანეს და ამის გამო ისინი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
“მესაკუთრე მშენებლობას საკუთარ ტერიტორიაზე ახორციელებს და მას უნდა ჰქონდეს უფლება ფანჯრის ზომა ან კიბეების რაოდენობა შეცვალოს. ჩვენ დაგვიკავშირდა რამდენიმე მასაკუთრე, რომლებსაც პრობლემები შეექმნა და საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის დაყენებას ვგეგმავთ”, - აცხადებს ჯაბა სამუშია პრესასთან საუბრისას. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მერია და მესაკუთრე უმტკივნეულოდ უნდა მორიგდნენ.
975
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85