"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც 2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუციის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, ძალიან კარგი სასტარტო მდგომარეობა ჰქონდა. ეს იყო ენერგიული ჯგუფი, რომელსაც ერთდროულად მხარს უჭერდნენ: რეგიონის მთავარი მოთამაშე რუსეთი, ამერიკა, ევროპა და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ზოგიერთი მიმართულებით მათი რეფორმები ეფექტიანი აღმოჩნდა, მაგალითად, პოლიციის რეფორმა. მაგრამ პარალელურად სათავეშივე გამოჩნდა ავტორიტარული მართვისკენ მიდრეკილების ნიშნები და დაიწყო მთელი რიგი უკანონობებისა, მაგალითად, ე.წ. სატელევიზიო დაპატიმრებები. ამ პროცესმა მალე მიიღო მასობრივი ხასიათი და ხელისუფლების ბადეში უკვე უდანაშაულო ადამიანებიც მოყვნენ. მოხდა რამდენიმე ხმაურიანი მკვლელობა, რომელთა მიმართ ხელისუფლებამ ცინიკური პოზიცია დაიკავა", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, რა ხაფანგს უგებდა რუსეთი და იმ ხაფანგში საკუთარი ნებით გაყო თავი" / "ლოკომოტივი, რომელსაც ჩვენი რეგიონი დასავლეთისკენ უნდა წაეყვანა, რელსებიდან გადავიდა".
"პირველ ეტაპზე მოხერხდა საქართველოს ქცევა რეგიონის ლიდერად. საქართველო მიიჩნეოდა ლოკომოტივად, რომელსაც ეს ქვეყნები ევროპაში უნდა გაეყვანა. ეს ეტაპი ინფრასტრუქტურული ცვლილებების თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი, აღმოიფხვრა კორუფცია საყოფაცხოვრებო მასშტაბით, გამოიღვიძა ეკონომიკამ და ბიუჯეტის შევსებაც დაიწყო, მაგრამ ამის მიღმა მიმდინარეობდა ელიტური კორუფციის მძლავრი ბაზის ჩამოყალიბება. ასევე, სახელისუფლებო ძალებში გაჩნდა დაუსჯელობის სინდრომი, ზოგისთვის ყველაფერი შეიძლებოდა, დანარჩენებისთვის კი - არაფერი. უამრავი ადამიანი ციხეში მოხვდა ან ვიღაცის პირადი ანგარიშსწორების, ან ბიზნესის მიტაცების გამო. ავტორიტარული მართვის პიკი იყო 2007-2008 წლები. ხელისუფლების ცინიზმი განსაკუთრებით ცხადად გამოვლინდა კერძო საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებში. "იმედში" შევარდნამ კი ჩვენს დასავლელ პარტნიორებში შოკი გამოიწვია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"თუ მანამდე დასავლეთი ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს, ტელევიზიის დარბევას ისეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომ სააკაშვილი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო. ყოველივე ამას მოჰყვა 2008 წლის კატასტროფა - ომი. საქართველოს ომი არ დაუწყია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, რა ხაფანგს უგებდა რუსეთი და იმ ხაფანგში საკუთარი ნებით გაყო თავი. 2008 წლის ომის შემდეგ ყველაფერი უკუღმა წავიდა, ჩვენდა სამწუხაროდ, ლოკომოტივი, რომელსაც ჩვენი რეგიონი დასავლეთისკენ უნდა წაეყვანა, რელსებიდან გადავიდა. როდესაც ვამბობდი, რომ სააკაშვილმა რუსეთს პროვოცირების საშუალება მისცა ხელისუფლებაც მსაყვედურობდა და ოპოზიციაც, არადა, ამ ადამიანებმა კარგად არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა ომამდე ამ რეგიონში. ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში, ომი დაიწყო გაცილებით ადრე - 2006 წელს, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარდა რეფერენდუმი კითხვით: "გსურთ თუ არა ჩრდილოეთ ოსეთთან და შესაბამისად, რუსეთთან შეერთება..." - განმარტავს ექსპერტი.
"დასავლეთსა და აშშ-ს აქ სჭირდება სტაბილური ქვეყანა. საზოგადოების ნაწილს ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად, ჰგონია, რომ ამერიკა არის საქართველოზე შეყვარებული და ჩვენ გარდა, არაფერი ახსოვს. ეს ასე არ არის. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები. გარკვეულ ეტაპზე ჩვენი და დასავლეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, რაც ნაწილობრივ გრძელდება კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ ინტერესებისგან დასაშორებლად. დასავლეთი თავის მოკავშირეს ბოლომდე ვერ წირავს, მით უფრო, რომ ეს მოკავშირე მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტით მონაწილეობს ავღანეთის ოპერაციაში. გარდა ამისა, ხელისუფლება მყარ გარანტიას იძლევა, რომ იქნება დასავლეთის მოკავშირე, მაგრამ იძლევა მხოლოდ გარანტიას და მეტს არაფერს - სააკაშვილმა სტაბილურობის დამყარება ვერ მოახერხა ვერც საქართველოს შიგნით და ვერც უშუალო მეზობლებთან. ჩვენ არც ერთ მეზობელთან არ გვაქვს დალაგებული ურთიერთობა. ამას დავუმატოთ დემოკრატიული რეფორმების შეფერხება და, საბოლოო ჯამში, უკვე გასაგებია საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის უნდობლობა", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა გამოიწვია დასავლეთის დაინტერესება ივანიშვილის ფიგურით. ეს ქართველ საზოგადოებას აძლევს საბაბს, იფიქროს, რომ დასავლეთი შეეცდება, საქართველოს ხელისუფლება შეცვალოს ხავერდოვანი გზით. დასავლელი ლიდერების რიტორიკაში ახალი ფრაზა გაჩნდა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს, მის ხალხს და არა კონკრეტულ ხელისუფლებას. მიანიშნებენ იმასაც, რომ დემოკრატიული რეფორმის მეტად შენელებული, ზოგ შემთხვევაში გაჩერებული პროცესები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დასავლეთი ასევე ხედავს, რომ ამ პროცესების გაგრძელებას პერსპექტივა არ აქვს, რადგან სააკაშვილის მოქმედების სტილი ამის მცირე შანსსაც კი არ ტოვებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა არის უზენაეს ხელისუფალში - მიხეილ სააკაშვილში, მაგრამ პოტენციალი მმართველ გუნდში კიდევ არსებობს. იმისთვის, რომ მომავალი ხელისუფლება სტაბილურ ბირთვად ჩამოყალიბდეს, საჭიროა, ძალაუფლების გადაბარება მოხდეს ხავერდოვნად, რაც გულისხმობს დღევანდელი მმართველი გუნდის გარკვეული ნაწილის შენარჩუნებას მომავალ ხელისუფლებაში", - დასძენს მამუკა არეშიძე.
"ხელისუფლება საკმაოდ მობილიზებულია და ეძებს ეფექტიან სვლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, პროცესები შეიძლება სამნაირად განვითარდეს, პირველი - უკიდურესი დაპირისპირება, რაც, ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის ძალიან არაეფექტიანი იქნება, მეორე - გარკვეული სახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან ივანიშვილთან კულუარული მოლაპარაკების მცდელობა. მესამე - ხელისუფლების მიერ ვითარების კონტროლის შენარჩუნება, პროცესების არჩევნებამდე მიყვანა და არჩევნების გაყალბება - ამის რესურსი ხელისუფლებას ყოველთვის აქვს", - აცხადებს მამუკა არეშიძე და შეკითხვას -"მაინც რომელი სახელისუფლებო ჯგუფი შეიძლება შეეცადოს ივანიშვილთან მოლაპარაკებას და რა შანსი აქვს ბიძინა ივანიშვილს?" პასუხობს:
"ესენია: ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის ჯგუფი, ძალოვანთა გუნდი და რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დონორებად მიიჩნევიან... ივანიშვილის შანსები არის ძალიან სერიოზული. დღეს რომ იყოს არჩევნები, გვარიან წარმატებას მიაღწევდა. მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ძნელი გახდება ამ წარმატების მიღწევა. საჭიროა, რაც შეიძლება დროულად, ელექტორატის დიდი მასის ორგანიზება, განსაკუთრებით რეგიონებში. ივანიშვილმა თქვა, არჩევნებისთვის 60 000 ადამიანი უნდა გადამზადდესო, ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღესვე. ორგანიზების პროცესი იჭიმება, არადა, დღეს ტემპს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ივანიშვილს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და რესურსი, რაშიც მხოლოდ ფინანსებს არ ვგულისხმობ. უმნიშვნელოვანესია წლების განმავლობაში მოპოვებული მორალური რესურსი და საერთაშორისო კავშირები. იმ ადამიანების სიის გამოქვეყნებაზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომლებსაც ივანიშვილი ეხმარებოდა. ჯერ ერთი, იმ სიას თუ ჩაიკითხავთ, ნახავთ, რომ შეძლებული ადამიანები იქ 10%-იც არ არის. ეს ლაპარაკი ხელისუფლების მიერ აგორებული შავი პიარის ნაწილია, ცდილობენ, მხოლოდ ამ 10%-ზე გაკეთდეს აქცენტი..."
811
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85