მშვიდად და თანმიმდევრულად, სამართლის ფარგლებში მივაყენებთ ხელისუფლებას კედელთან და ვაიძულებთ, ჩადენილი დანაშაული აღიაროს!

მშვიდად და თანმიმდევრულად, სამართლის ფარგლებში მივაყენებთ ხელისუფლებას კედელთან და ვაიძულებთ, ჩადენილი დანაშაული აღიაროს!"


"უნდა შეიქმნას მოძრაობა, რომელიც საზოგადოების სრულ მობილიზებას შეძლებს, ესაა ზეამოცანა. მოძრაობაში 12 თემატური ჯგუფი შეიქმნა. ყველა მათგანს თავისი მოქმედების სტრატეგია აქვს, რაც, საბოლოოდ, საერთო სტრატეგიის ფარგლებში ჯდება. ეს ყველაფერი მომავალში უკეთ გამოჩნდება. მესმის, რომ საკითხთან დაკავშირებით ინტერესი დიდა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე საზოგადოებასთან. არაერთი მოძრაობა გვინახავს, რომელიც წამიერი ზეაქტიურობის შემდეგ ჩამცხრალა, ასე რომ, აქტიურობა საზომი არ არის. მესმის, რომ მეტ აქტიურობას მოითხოვს საზოგადოება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ბიძინა ივანიშვილი რევოლუციური მოწოდებებით რომ გამოსულიყო, საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობას დაკარგავდა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ "ვერსიიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მშვიდად და თანმიმდევრულად, სამართლის ფარგლებში მივაყენებთ ხელისუფლებას კედელთან და ვაიძულებთ, ჩადენილი დანაშაული აღიაროს!"

"რა თქმა უნდა, არ შეიძლება გულუბრყვილო მოწოდებების გაკეთება. პირადად მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამტკიცებდა, რომ მაისის აქციები სავალალო შედეგს მოგვიტანდა. მეტსაც გეტყვით, ზოგ მაშინდელ ლიდერს შევხვდი და დარწმუნებაც ვცადე, რომ მათ მიერ წამოწყებული საქმე ვერც პოპულარული იქნებოდა და ვერც შედეგიანი. მსგავსი რადიკალური მოძრაობების წინააღმდეგ ხელისუფლება სულ უფრო ოსტატდება, რაც, საბოლოოდ ავტორიტარიზმის მიმართულებით მის გაძლიერებას იწვევს. როგორც კი ხელისუფლება სამართლებრივ ფარგლებს გარეთ გაგვიტყუებს, ის გაიმარჯვებს. მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად ვიაზრებთ, თუმცა თქვენს გაითვალისწინეთ, რომ ივანიშვილის განცხადებიდან პოლიტიკაში ჩართვის შესახებ მხოლოდ თვენახევარი გავიდა. მთავარი სიახლე ის ენერგია და იმედია, რომელიც ქართულმა ოპოზიციურმა პოლიტიკამ შეიძინა ბოლო ხანებში. მთავარი ესაა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

"თითოეული ჯგუფი საკუთარი მიმართულებით იმუშავებს, რაც მთლიანობაში საზოგადოების ერთიანობას მოგვცემს. მაგალითად, სამართლებრივი ჯგუფი, რომელიც მოძრაობაში შეიქმნა, უკანონო პატიმრების საკითხებზე, უფლებების დაცვაზე იმუშავებს. ეს ყველაფერი საბოლოოდ არჩევნებისთვის მომზადდება. თითოეულ ადამიანამდე სათქმელის მიტანა, რა თქმა უნდა, დღევანდელ პირობებში რთულია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს. ჯერჯერობით ამ ყველაფერს ექნება მოძრაობის სახე, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი პოლიტიკური პარტიის შექმნისკენ მიდის, რაც აუცილებლად იქნება მძლავრი ალტერნატივა. მე ბევრ რამეს ვერ გეტყვით, ეს უფრო პოლიტიკოსების სფეროა. ჩემს თავს პოლიტიკურ ფიგურად არ განვიხილავ, მხოლოდ მრჩეველი ვარ", - განაგრძობს ზაზა ფირალიშვილი

"... ის რომ პრეზენტაცია გადაიდო, ეს ტექნიკური დეტალებია. კარგად მოგეხსენებათ, ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ ყველა ხერხს იყენებს. ეს ჩვენს დაბნეულობაზე არ მეტყველებს. ნუ ავურევთ ერთმანეთში სიმშვიდესა და დაბნეულობას. ვფქირობ, აქ სხვა რამეა: ხელისუფლება არ არის პატიოსანი პარტნიორი იმ საზოგადოებისა, რომელსაც მართავს. არსებობს კრიტიკული ზღვარი, რომელსაც პოლიტიკური თამაშებისას არ უნდა გასცდე. თუნდაც ამ ფაქტით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარღვია ეს ზღვარი და საკუთარი თავი უფრო აზარალა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - " ეს ისედაც დიდი ხანია, ვიცით. თქვენ რას გააკეთებთ?" - პასუხობს:

"ჩვენ ველოდებით პირველ დეკემბერს. იმედი გვაქვს, ფილარმონიის ადმინისტრაცია ძველ ისტორიას აღარ გაიმეორებს. მშვიდად და თანმიმდევრულად სამართლებრივ ფარგლებში მივაყენებთ ხელისუფლებას კედელთან და ვაიძულებთ, საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიაროს. ჩვენ რომ მოთმინებიდან გამოვსულიყავით და ერთი ამბავი აგვეტეხა, რა განსხვავება იქნებოდა ჩვენსა და იმ მოძრაობებს შორის, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ? მეტი სიფრთხილეა საჭირო. ამაო და ცუდად გათვლილი აქტივობებით საზოგადოებრივი ძალები ფუჭად არ უნდა გავფანტოთ".