ლალი პაპასკირი, "რეიტინგი"
„ქართული ოცნება“ ჩვენთვის ჯერჯერობით ოცნებაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ ორგანიზაციაში მაინც გავწევრიანდები, რათა ამ კეთილ საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო. ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ როგორც ბებერი კაცი არ დამიწუნეს“, - ღიმილით მითხრა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა.
- ბატონო გივი, ბოლო დღეებში გაირკვა, რომ ბევრი ადამიანი, ვისაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ფინანსურად ეხმარებოდა, დუმს. ბევრმა სიფრთხილე გამოიჩინა და „ქართუ ბანკში“ ანგარიში დახურა. რას იტყვით ამაზე?
- ყველას თავისი ცხოვრების მრწამსი და შეხედულება აქვს შვილო, და მე მათ დამრიგებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ დღეებში ჩემი პატარა ღმერთი არ მასვენებს, სინდისს რომ ეძახიან და არ შემიძლია გაჩუმება, როცა ვუყურებ, როგორ უსამართლოდ ექცევიან ამ ღვთისნიერ ადამიანს. ამ კრიტიკულ ვითარებაში სინდისისა და ნამუსის საქმეა ბიზნესმენის გვერდით დადგომა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანადგომას არ ითხოვს. უბრალოდ იმიტომ, რომ სხვას, ვიღაც მასავით წესიერ და კეთილსინდისიერ ადამიანს სიკეთის კეთების სურვილი არ დაეკარგოს, ამისთვის ცოტა გამბედაობა უნდა მოვიკრიბოთ ქართველებმა. ჩემს საყვარელ ხალხს შეშინება არ შეშვენის.
- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მისი რეზიდენციისკენ მიმავალი გზა უამრავმა ადამიანმა გაიარა. მსახიობებს შორის ერთ-ერთი პირველი თქვენ იყავით...
- დიახ, ოღონდ ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ სინდისს გეფიცებით, მასთან პოლიტკაზე სასაუბროდ არ მივსულვარ. ვუთხარი, რომ თეატრში მუშაობას გავაგრძელებდი, და კიდევ, მასთან მადლობის სათქმელად მივედი, კაცური და ადამიანური მადლობის სათქმელად, რადგან, როცა ცუდად ვიყავი, გვერდში დამიდგა და დამეხმარა. შევთანხმდით, რომ მე თეატრში მუშაობას გავაგრძელებ. მან კი მითხრა, თუ თეატრს დახმარება დასჭირდება, ისევ ჩვენ გვერდით დადგება.
კიდევ რა შემიძლია გითხრათ, მოგვიანებით, როცა, ამ ღვთისნიერ ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ქართველი ხალხის ცნობილ თეატრალებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ხელმოწერით ვითხოვდი.
- თქვენც მიგაჩნიათ, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?
- აბა, არა?! გაოცებული ვარ, კაცო, თუ ბიძინა ივანიშვილი აქამდე ხელისუფლებისთვის კარგი კაცი იყო, ახლა, როცა პოლიტიკაში წავიდა, უცებ რუსეთის აგენტი გახდა?! გასულ კვირას მისთვის მოქალაქეობის აღდგენა პრეზიდენტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც სთხოვა და დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდა კაცი ყურად იღებს ამდენი ანგარიშგასაწევი ადამიანის თხოვნას... თუ არადა, მაშინ უნდა დავიხუროთ ქუდი და ყველა უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან. ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე და ქართული საქმე აქვს გაკეთებული თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის, რომ სირცხვილია, ქართველმა ერმა მას მხარი არ დაუჭიროს.
- ბატონო გივი, საზოგადოებას ახსოვს თქვენი პესიმისტური გამოსვლებიც, როცა არაფრის შეცვლის იმედი არ გქონდათ...
- დიახ, ასე იყო. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და ახლა ამ კაცის გამოჩენამ მეც ჩემი ხალხივით გამახარა... ძალიან დავიღალე უკვე ყველაფრით. მართლა დავიღალე. აღარც ჟურნალისტების დანახვა მინდოდა და არც საპროტესტოდ გამომსვლელი ვიყავი. არც არავისთვის მომიწოდებია, - გადით აქციაზე-მეთქი. სამი თვის განმავლობაში დაგვტანჯეს და გაგვაწამეს. შემდეგ კი, როცა თავადაც დაიღალნენ და ჩვენც დაგვღალეს, შინ გაგვიშვეს. ახლა კი, ყველასთვის მოულოდნელად, ყველაფერი შეიცვალა. იმედი მაქვს, ხვალინდელი დღე წინაზე უკეთესი იქნება. არ მინდა, ეს უკანასკნელი იმედიც დავკარგო. თუ გამიმართლა და სიკვდილამდე ერთი დღე მაინც ვიცხოვრე ლაღ და გამთლიანებულ საქართველოში, ბედნიერი კაცი ვიქნები და მიქელ-გაბრიელთანაც გაღიმებული წავალ... არადა, რომ გითხრათ, დღევანდელი ცხოვრებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, - არა ვარ კმაყოფილი.
ახლა გაჩუმების დრო არ არის. ბევრი ჩემი კოლეგა და მეგობარი იზიარებს ამ აზრს. ვისთანაც მე მისაუბრია, თბილისსა და მის გარეთაც, 90% ასე ფიქრობს.
- მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, ისინი ჩუმად არიან...
- დიახ, შვილო, მაგრამ ალბათ როცა საჭირო იქნება, ის არმიაც ჩაებმება, ვინც ბატონი ბიძინასგან ძალიან დავალებულია. მას არ სურს, ეს სალაპარაკო გახდეს.
- საზოგადოების ერთ ნაწილს ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი ქველმოქმედება წლების განმავლობაში სინამდვილეში პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება იყო...
- არ მჯერა, რომ ამ კაცს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. მან თქვა, ვერ ავიტან ჩემი ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას და იძულებული ვარ, ჩავერიოო. გადაწყვეტილება მიიღო. თანაც, როგორ, იცით? ახლობლები და ის ხალხიც კი არ ჩაგვრია, ვინც ძალიან დიდ პატივს სცემს მის მოღვაწეობასა და ქველმოქმედებას. გვითხრა, თქვენი საქმე არ არის, თქვენ თქვენი საქმე გააგრძელეთო.
- ბატონო გივი, თქვენ რომ ყოფილიყავით მის ადგილას, წახვიდოდით პოლიტიკაში?
- რთული შეკითხვა დამისვით... ალბათ წავიდოდი. როცა ადამიანს სუფთა წარსული აქვს, რატომაც არ უნდა წავიდეს? თუ ქვეყნისთვის იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე აკეთებს, უნდა წავიდეს, აბა, რა?!. ოღონდ მას უნდა სჯეროდეს, რომ იმის შეცვლის ძალა და უნარი აქვს, რაც არ მოსწონს.
ისე კი, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ბევრ რამეში სცოდავენ თქვენი კოლეგებიც - ამას წინათ იმ ადამიანთა სია ამოქექეს, ვისაც ბატონი ბიძინა ეხმარებოდა. არის ისეთი დელიკატური, ადამიანური რაღაცები, რაზეც წერა და ყვირილი უბრალოდ უხერხულია.
- სიაში თქვენი სახელი და გვარი არ ყოფილა...
- ისეთი რამ არ დამართვია ჩვენს ოჯახს, რომ რამე გვეთხოვა. მაგრამ თეატრს რომ ეხმარებოდა და ათი წლის განმავლობაში მშივრები არ ვიყავით, ეგ დახმარება არ არის?
- ჩვეულებრივ ურთიერთობაში როგორია ბატონი ბიძინა?
- ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენთან დამოკიდებულებაში ახლაც ჩანს, როგორი კაცია. თავისი გადაწყვეტილება მოახსენა ხალხს, რომ კონკრეტულად ამა და ამ საკითხების მოგვარებას აპირებს. ქუჩაში ვერ გავდივარ, ვერსად ვერ შევდივარ, თეატრში ერთი ამბავია, წივილი, კივილი, ყველა აღშფოთებულია მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო. სხვის მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ პირადად მე, რა თქმა უნდა, ბიძინას არც მოვცილდები და ვერც მოვცილდები. იმიტომ, რომ მე კაცობა მაქვს, სინდისი და ნამუსი მაქვს და ჩემი ქვეყანა მიყვარს.
854
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85