ზუგდიდის პოლიციის უფროსი გუბერნატორის მოადგილედ დანიშნეს

ზუგდიდის პოლიციის უფროსი გუბერნატორის მოადგილედ დანიშნეს

ზაზა გოროზიას გამინისტრების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალმა გუბერნატორმა  ერთადერთი  საკადრო ცვლილება განახორციელა და პირველ მოადგილედ ზუგდიდის პოლიციის უფროსი დავით დარსმელიძე დანიშნა. სამხარეო ადმინისტრაციის რომელიმე მაღალ თანამდებობაზე შს სამინისტროს მაღალჩინოსნის დანიშვნა მოსალოდნელი იყო და საკადრო გადაადგილებას სამეგრელოში დიდი გაკვირვება არ გამოუწვევია, რადგან გუბერნატორის პოსტზე ცოტა ხნის წინ სამხარეო პოლიციის შეფის, თენგიზ გუნავას კანდიდატურაც განიხილებოდა.

თუ რას უკავშირდება ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელის დანიშვნა, გუბერნატორ გურამ მისაბიშვილს საკუთარი არგუმენტები აქვს:

„პოლიცია და ნებისმიერი ის სამსახური, სადაც დარსმელიძე მუშაობდა, არის სახელმწიფო სამსახური. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ იგი კარგად იცნობს რეგიონს და არის პატიოსანი ადამიანი. მგონია, რომ სწორად მოვიქეცი. ფუნქციას და მოვალეობებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით, განსაზღვრული არ მაქვს. დარსმელიძე ალბათ, ჩვეულებრივ, წაიყვანს იმ დარგებს, რომელიც შედის პირველი მოადგილის მოვალეობაში. ეს პირველ რიგში იქნება ალბათ სახალხო მეურნეობა, რომელიც ძალიან აქტუალურია ჩვენი რეგიონისათვის“.

რეგიონში „სახალხო მეურნეობის დარგის“ წამყვანად დარსმელიძის დანიშვნა შეიძლება გუბერნატორის ნათქვამში მექანიკურ შეცდომად მივიჩნიოთ, თუმცა აშკარაა, რომ ერთი თვის წინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს შეფისა და ერთი კვირის წინ ზუგდიდის პოლიციის უფროსს სოფლის მეურნეობასთან არანაირი კავშირი აღარ ექნება. დავით დარსმელიძის კარიერის „აღმასვლა“ სწორედ იმ „ხალხს“ უკავშირდება, რომელიც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს  უკანასკნელი იმედით ელოდება.

„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა მიქაიას ინფორმაციით, დავით დარსმელიძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა პირდაპირ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, როცა დარსმელიძის გამოცდილება ისე დასჭირდება ხელისუფლებას, როგორც არასდროს.

„აბაშის პოლიციის უფროსმა დავით დარსმელიძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში. შემდეგ ის დააწინაურეს და ზუგდიდში, კუდ-ის რეგიონული სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს. სამეგრელოში ცნობილი ჯალათების დაწინაურების ტენდენცია უკვე აშკარაა. საოლქო პროკურორმა, როლანდ ახალაიამ თავისი ხელქვეითები მნიშვნელოვან თანამდებობეზე გადაანაწილა. მეგის ქარდავა ცოტა ხნის წინ სამხარეო პოლიციიდან პირდაპირ თავდაცვის სამინისტროში აღმოჩნდა. ამავე სტრუქტურიდან არასრულწლოვანი პატიმრის მიმართ ძალადობის მუქარის გამო სკანდალში გახვეული კოხტა კოდუა კი სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსად დაინიშნა. აქედან გამომდინარე, ცხადია თუ რისთვის, როგორი არჩევნების ჩასატარებლად  ემზადება მიხეილ სააკაშვილი. მისი რეჟიმის მმართველობის პერიოდში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება უბრალოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.“-აცხადებს მიქაია.

დავით დარსმელიძის „პატიოსნება“ ჟურნალისტურ მეხსიერებასაც დღემდე შემორჩა. 2007 წლის ნოემბრის აქციების დაწყებამდე სამეგრელოდან დედაქალაქისკენ მიმავალი მოქალაქეების დევნას სწორედ შსს აბაშის პოლიციის მაშინდელი უფროსი, დარსმელიძე ახორციელებდა. 1 ნოემბერს, თბილისისკენ მიმავალ ავტოკოლონას დარსმელიძე და „მისი რაზმი“ შედუღაბებულ ბეტონის ლურსმნებს უყრიდა. რვაქიმიანი ბეტონის ლურსმნები კი ხშირ შემთხვევაში ავარიულ და სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციას ქმნიდა. ბასრმა საგანმა მაშინ მგზავრებით დატვირთული ათეულობით ავტომანქანის საბურავი დახეთქა...