სადგურის ბაზრობასთან, სკვერში, “კიდობანის” პირველი რიგის მაღაზიების წინ, ბაღის სკამზე იჯდა პატარა ბოშა გოგო და მღეროდა:
აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა...
მათხოვრობდა. ეს _ ვნახე.
ქართველი ბავშვი, რომელიც პატარა ნოუთბუკზე თამაშს წუთით თავს ანებებს, მშობლებს ეტყვის “ჰაუ დუ იუ დუ!” და ამით “ის სულ სხვა ფსიქოლოგიის შემტანი იქნება თავის ოჯახში”.
ეს მიხეილ სააკაშვილის წარმოსახვიდანაა, ციტატაა მისი ტელეპუბლიცისტიკიდან.
სიგიჟის ყვავილობაა საქართველოში. ამ ზამთრის პირზე. განსაკუთრებით _ კახეთში, სადაც “ქართული გენი (მაშასადამე, ქართული ლიტერატურული ენაც. – ავტ.) ყალიბდებოდა”, რომლის მორიგი გაბრწყინების მოწმე გახდა სრულიად საქართველო 16 ნოემბრის სუსხიან საღამოს, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის შესრულებით.
უწინ “ერთი მეხუთედით დაგუბებულ და ნახევრად დაჭაობებულ”, ყვარლელ მეგობრებთან შეთანხმებით “ილიას ტბად” წოდებულ, მომავალში ცისფრად მოლივლივე ძველი წყალსაცავის ნაპირზე აღმართულ ტრიბუნაზე იდგა იგი და აღელვებით ლაპარაკობდა.
“მე როცა დავფრინავ ზემოდან (ქვემოდან ფრენა რა არის, თქვენ გაარკვიეთ. _ ავტ.), არა იმიტომ დავფრინავ, მარტო, რომ გზებს მინდა ავერიდო (აი, თურმე რატომ დაფრინავს ზემოდან). ზემოდან ძალიან კარგად ჩანს ასევე საქართველო (ეტყობა, კიდევ რაღაცა ჩანს). საქართველო ყველაზე კარგად ჩანს, როცა ერთი-ერთზე ვართ ჩვენ თქვენთან (ჩვენ თქვენთანო! _ დაიხსომეთ), თქვენ თვალებში ვიყურებით (ჩვენ ვიყურებითო. ასეა), თქვენ სათქმელს ვუსმენ (თვითონ უსმენს. სხვები სადღაც გაიფანტნენ), მაგ (!) დროს ჩანს ყველაზე კარგად, და მეორე ყველაზე კარგი ხედია, როცა დაფრინავ ვერტმფრენიდან (განუმეორებელი ხედია, როცა დაფრინავ ვერტმფრენიდან). და როცა ვერტმფრენიდან დავფრინავ, ხედავ, როგორი პატარაა ჩვენი ქვეყანა”. (რა თქმა უნდა, პატარა იქნება, ტერიტორიების 20 პროცენტს რომ დაკარგავ, მას მერე განსაკუთრებით). დაბოლოს, რახან პატარაა, “თითოეული მტკაველი ამ ქვეყნის კარგად უნდა იყოს გაკეთებული”.
“ნურავინ ნუ თქვას”, რომ ვერ გაიგო, რას ნიშნავს “თითოეული მტკაველი კარგად იყოს გაკეთებული”.
გააკეთე და გაიგებ! მივმართავ იმ ქართველებს, რომლებსაც ღმერთი გაუწყრათ “და დღემდე მისტირიან მონობას, დღემდე მისტირიან ბატონყმობას, დღემდე მისტირიან ვასალის მდგომარეობას, დღემდე უნდათ, რომ ვიღაცის ქვეშ იყოს, ვიღაცის ერთი ადგილი ლოკოს. ბოდიში. ვიღაცის დაქვემდებარებაში იყოს, ვიღაცისგან მიიღონ ინსტრუქციები”.
სწორია! არ ვარგა ამ პოლიტიკური კამასუტრას გამოყენებით ვიღაცის ერთი ადგილის ლოკვა ქვეშიდან და ინსტრუქციების მიღება ზემოდან, ვინც გინდა იყოს იგი _ შორეული დასავლეთიდან თუ მეზობელი ჩრდილოეთიდან.
შენდება ორასათასიანი ბათუმი, სადაც “ევროპის მილიონიან ქალაქებზე მეტი ცათამბჯენი იქნება”, შენდება პარლამენტიანი ქუთაისი, კახეთში ტბები შენდება.
წყალი და მეწყერი! შტურმ უნდ დრანგ!
თბილისი ცალკე ოპერაა, ვაგნერის “ნიბელუნგების ბეჭედი”, მონუმენტური ქმნილება, მთლად ბათუმი არა, მაგრამ მიმსგავსებული _ ჰა და ჰა...
“არცერთ ეპოქაში, არასდროს თბილისში არცერთი მეფის, არცერთი მთავრობის, არცერთი დამპყრობლის თუ დამოუკიდებელი საქართველოს პატარა პერიოდების დროს ამდენი არ გაკეთებულა და არ აშენებულა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში”...
ეგეც სწორია, არც მურვან ყრუს, არც ჯალალ ედ-დინის, არც შაჰ აბასის, არც არაბთა თუ მონგოლთა ბატონობისას (კომუნისტები რა სახსენებელია!) არცერთი “ოლვეის ულტრა” არ გადებულა მტკვარზე და არცერთი ველოდისპედისთვის ძეგლი არ აუგიათ. ამიტომ:
ამ დღეებს ძეგლი უნდა ავუგო,
უნდა აღვმართო წყებათა-წყება... (გალაკტიონი)
როგორც “ვარდების რევოლუციის” სახელად წოდებულ მოედანზე აღმართა ამ ხელისუფლებამ ძეგლი, მონუმენტი რკინის რაშისა, რომელიც არსად მიდის და ვერც წავა, რამდენიც გინდა უძახო, რომ ცხოვრების ჯანსაღის წესის მატერიალური განსახიერებაა.
აკვიატებული აზრია, ბოდვითი იდეა!
ამ შედევრს ერთი დეტალი აკლია, შტრიხი ერთი: ბათუმის “შლოპანცების” 12 კვერცხს ორი წყვილი უნდა გამოაცალო (იმ ძეგლის სიმშვენიერეს არაფერი დააკლდება!) და იმ, ერთმანეთისკენ მიმართულ ველოუნაგირებს ხურჯინივით გადაჰკიდო.
ამოძრავდება ეს დაწყვილებული კვერცხები და ერთმანეთს შეერწყმება, როგორც ბათუმში დადგმული მობილური ქანდაკებანი, ოღონდ _ ორიენტაცია შეცვლილი.
უხერხული მინიშნებაა?
ყოველ შემთხვევაში, იმაზე კორექტული მაინცაა, რაც კახეთში ითქვა: ქვეშ უწვებიან და ერთ ადგილს ულოკავენო.
მაგრამ ამასობაში ეს ლაყე კვერცხები თუ გასკდა, ქვეყანაში ისეთი ყროლი დადგება, რომ ვერც ამ მოედნის სახელი უშველის, ვერც თეთრი ვარდების დაკრეფილი და საფლავზე მიტანილი კონები.