"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ცეცხლს ეთამაშება - ეროვნულ ბანკში შინსახკომია?"


"ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოზიტივია და სასიამოვნოც, მაგრამ მისი შეფასება ზედმეტად აჟიტირებულია. თუმცა ბიძინაფობიით შეპყრობილი ხელისუფლებისგან ალბათ უფრო მეტიც არის მოსალოდნელი. ვაკხანალია, რომ "მორჩა და ყველაფერი დამთავრდა", - ეს ძალიან არასერიოზულია. თუ ვინმეს არ ესმის რუსეთის რეალური ბუნება, ჩვენ, ვინც დღევანდელი კომკავშირლებისგან განსხვავებით, რუსეთის იმპერიულ ზრახვებს უკვე 30 წელია ვებრძვით, -კარგად გვესმის, რომ რუსეთი მხოლოდ ღიზიანდება და კიდევ უფრო აგრესიული ხდება ასეთ დროს. დადებითია, რომ დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, პოლიტიკურ სივრცეში პარიტეტის დაცვის კუთხით, დემოკრატიზაციის კუთხით", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ცეცხლს ეთამაშება / ეროვნულ ბანკში შინსახკომია? 

"ძალიან არასერიოზულია, როდესაც ხელისუფლება ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს ვიზიტები ხელისუფლების კურსის მხარდაჭერაა - თუ გავითვალისწინებთ იგივე ეშტონის გამონათქვამებს, იგივე რასმუსენის განცხადებას, სადაც იყო საუბარი ყველასთვის თანაბარ პოზიციაზე საარჩევნო ციკლში და ა.შ. ერთი "კოლმეურნეობის თავმჯდომარე" არ იყო დასახელებული, თორემ ყველაფერი ძალიან კარგად იყო ნათქვამი. ხელისუფლების პროპაგანდისტული ხაზი გასაგებია - ეს ამოცანა დიდი ხანია, ამოხსნილია, თუმცა ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ფორმები შეიძინა ამ ყველაფერმა... ობიექტურად რომ შევხედოთ, ხელისუფლება ახლა საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, იმიტომ რომ მათ კარგი სვლა არ აქვთ. ანუ ისეთი სვლა, რომელიც მათ შეუნარჩუნებს დემოკრატიულობის ნიღაბს და თან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებსაც დაუკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი", -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენდთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ხელისუფლებას აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის - ეს, საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის პრობლემაა - როგორც ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, ხელისუფლება ასეთ არჩევნაში ყოველთვის უფრო უარესს ირჩევს ხოლმე თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ. ჯერჯერობით ხელისუფლებაში ბიძინაფობიამ მკვეთრად უარყოფითი სვლები გამოიწვია. ვფიქრობ, ხელისუფლების ყველა სვლა ივანიშვილთან ბრძოლაში შეცდომა იყო. ანუ ხელისუფლებამ იმას მიაღწია, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავარი ნიუსმეიკერი გახადეს - მე ვიტყოდი, დიდწილად ხელოვნურად: უარყოფით თუ დადებით კონტექსტში მთელი საინფორმაციო ველი ბიძინა ივანიშვილს უკავია და ეს არის მათი შეცდომებიდან გამომდინარე.", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"იმასაც კი მიაღწიეს ნაციონალებმა, რომ დღეს ყველაზე ღარიბი ადამიანი ყველაზე მდიდარს ეხმარება საქართველოში - ეს ხომ ხელისუფლების სულელური ნაბიჯების შედეგი იყო და არა სხვა რამის, რომ დღემდე "ქართუ ბანკში" რიგები დგას უბრალო მოქალაქეების, ყველაზე ღარიბი ადამიანების, რომ ბიძინა ივანიშვილს სოლიდარობა გამოუცხადონ. ეს არის ბიძინაფობიის პირდაპირი შედეგი. მოქალაქეობის ჩამორთმევაზე აღარც ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ამ ჩამორთმევით ივანიშვილს ზიანი კი არ მიაყენეს, პირიქით, ძალიან დიდი სამსახური გაუწია ხელისუფლებამ. ხელისუფლების ბუნება რომ ამ ვიცოდე, ვიფიქრებდი, რომ ისინი მუშაობენ ბიძინა ივანიშვილის პიარ-სამსახურში", - განაგრძობს ექსპერტი.

"არ ვიცი, მისცემენ თუ არა მოქალაქეობას ივანიშვილს - ეს მათი პრობლემა უფრო იქნება, ვიდრე ივანიშვილის. წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე, ამით რა იცვლება?! არჩევნებს აქეთ გადმოიტანს თუ იქით გადაიტანს, უკვე დღეის მდგომარეობით ისეთი სიტუაციაა შექმნილი, ეს ხელისუფლების მდგომარებას ვერანაირად ვერ ცვლის. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუ მეტ-ნაკლებას ცივილიზებულად ჩატარდება, მანქანა უკვე დაძრულია და მისი შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ - თუ, რა თქმა უნდა სრული განუკითხაობა არ დაიწყეს. აქედან გამომდინარე არჩევნების გადატანით საბოლოო შედეგს ვეღარ ცვლიან, მათ უკვე დააგვიანეს და თავისი ამ უმძიმესი შეცდომებით ფაქტობრივად ივანიშვილის შედეგი გახადეს გარანტირებული", - დასძენს გია ხუხაშვილი. 

"როდესაც ეროვნული ბანკის მმართველი აცხადებს კომიტეტის სხდომაზე, რომ თუU "ქართუ ბანკი" წესრიგს არ დაამყარებს, წესრიგს მე დავამყარებ, რომელი საუკუნეა? რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ირაკლი ქადაგიძე, სად ბანაობს ეს ადამიანი, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს კომკავშირელის განცხადებაც კი არ არის, ეს არის კომისრის განცხადება 1937 წელში. რა კანონიერ საფუძველს ემყარება ეს განცხადება, აბსოლუტურად გაუგებარია. ანუ მან თავისი თავი დააყენა კანონზე მაღლა, გახდა შინსახკომის კომისარი და კომისრის ტექსტი გვითხრა. თვითონ ირაკლი ქადაგიძეს არ რცხვენია, ძალიან მაინტერესებს? თუ ქადაგიძეს ყველას და ყველაფრის დირექტორი ჰგონია თავისი თავი? მით უმეტეს, ამ თავისი განცხადებით უპირისპირდება იმ რეგულაციების სფეროს, რაც არის მისი პირდაპირი მოვალეობა. იმიტომ, რომ ძალიან მგრძნობიარე დარგს ეხება, ფინანსურ სისტემებს ეხება. ამ ყველაფრით ირაკლი ქადაგიძე ცეცხლს ეთამაშება, რაც ყველაზე ცუდია. ეროვნული ბაკის პრეზიდენტი ლაპარაკობს პირდაპირ 37 წლის ტონში, მე დავამყარებ წესრიგს და ა.შ. - როდის აქეთ გახდა ეროვნული ბანკი ჟანდარმი, სამართალდამცავი და რა ტექსტებია ეს?!" - აცხადებს გია ხუხაშვილი და შეკითხვას - "რატომ ხმას არ იღებენ ბანკები იმ მძიმე წნეხზე, რასაც "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ აქვს ადგილი?" - პასუხობს:

"ბანკების დუმილის იმას ნიშნავს, რომ დღეს ბანლები მხოლოდ საკუთარ ტყავზე ფიქრობენ და არა ქართულ სახელმწიფოზე. ეს არის ჩვენი გლობალური პრობლემა. საკუტარი ტყავის გადარჩენითაც, საბოლოო ჯამში, მოკლევადიან ინტერესებს იკმაყოფილებენ და გრძელვადიანი ინტერესები ზიანდება. "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ ისეთი პოლიტიკა ტარდება, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც გაუგებარია".