ჯარიმების ეპოქა გაძვირებული „ტარიფებით“ ბრუნდება

ჯარიმების ეპოქა გაძვირებული „ტარიფებით“ ბრუნდება

ფისკალური წელი მთავრდება და ხელისუფლებამ მოსახლეობის დაჯარიმებისთვის ყველა ბერკეტი აამოქმედდა. ორშაბათიდან ქუჩების თუ სხვა საზოგადოებრივი ადგილების დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირი - 200-ლარიან ჯარიმას გადაიხდის, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარს. ექსპერტების განცხადებით, ბიუჯეტში ჯარიმებიდან საკმაო სოლიდური თანხა გროვდება, შესაბამისად, ფისკალური წლის წარმატებით დასასრულებლად ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

 

საბიუჯეტო თანხების შეგროვებისთვის ხელისუფლება ცვლილებებს ცვლილებებზე ახორციელებს - საბაჟო კონტროლის, გამკაცრება, სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრება, ავტომფლობელებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრება, ბიზნესმენების ხშირი დაჯარიმება. ექსპერტების განცხადებით, მთავრობა საბიუჯეტო დეფიციტს არ დაუშვებს, თუნდაც ამისთვის გადამწყვეტი ნაბიჯების გადაგმა მოუხდეს.

 

ქუჩების დანაგვიანებისთვის ჯარიმები რამდენიმე წლის წინათ დაწესდა, ჯარიმების ამოღების სირთულის გამო ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამჯერად, მთავრობა ძველ იდეებს ისევ დაუბრუნდა.

 

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქუჩების დანაგვიანებისთვის ჯარიმების შემოღება კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა საჯარიმო თანხაა ძალიან მაღალია. ხომ შეიძლება ადამიანმა ქუჩაში მექანიკურად რაღაც დააგდოს, მას ამ შეცდომისთვის საარსებო მინიმუმზე (125 ლარი) მეტი გადახდა მოუწევს. არადა, ქუჩაში სოციალური პრობლემებით გაბრუებული უამრავი ადამიანი დადის.

 

იმისთვის, რომ ქალაქი სუფთა და მოწესრიგებული იყოს ჯარიმების შემოღება შეიძლება კარგ გადაწყვეტილებად ჩავთვალოთ. თუმცა, ყველაფერს ზღვარი აქვს, როგორ შეიძლება ქვეყანაში ამ რაოდენობის ჯარიმა დაწესდეს. ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანებს შესანიშნავი ანაზღაურება აქვთ, სოციალური პრობლემები არ აწუხებთ და როგორც ჩანს სათვალავი აერიათ. 10-20-ლარიანი ჯარიმა, რომ დაეწესებინათ, სოციალურად გაჭირვებული საზოგადოება ამაზეც გაფრთხილდებოდა.

გარწმუნებთ, ამ რაოდენობის ჯარიმას დაჯარიმებულთა 90 პროცენტი ვერ გადაიხდის და ისინი იძულებულები იქნებიან, ჯარიმის გადახდის ნაცვლად რამდენიმე დღე ციხეში გაატარონ. მართლა გაკვირვებული დავრჩი, როცა გავიგე ამ ოდენობის ჯარიმის შესახებჩემი აზრით, ეს ორ რამეზე მიუთითებს ბიუჯეტს ან ძალიან უჭირს, ან კიდევ ხელისუფლება რეალობასაა მოწყვეტილი, - ამბობს თბილისელი ლალი კასრაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ასევე გამკაცრდა ჯარიმები სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევისათვის.  მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობა 20 ლარის ნაცვლად, 40 ლარით დაისჯება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო მძღოლი 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმდება და ა.შ.

 

ღვედის გამოუყენებლობა თბილისშიც დასჯადი გახდება. თბილისში ღვედის გამოყენების ვალდებულებას რუსუდან კერვალიშვილისა და ოთარ თოიძის მიერ მომზადებული საკანონდებლო ინიციატივა ითვალისწინებს. ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

 

კანონპროექტის თანახმად, ღვედის გამოყენება სავალდებულო იქნება როგორც იმ ადილებში, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კლიომეტრზე მეტი სიჩქარით, ასევე 80 კილომეტრზე ქვემოთ.  ღვედის გამოუყენებლობისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 40 ლარით. იმ შემთხვევაში, თუკი ღვედი არ უკეთია მანქანაში მყოფ რომელიმე პირს, ჯარიმდება ავტომანქანის მფლობელი. გარდა ამისა, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ჯარიმები მკაცრდება მეწარმეებზეც.

 

უფრო მეტიც, საქართველოში სასაცილო ჯარიმებიც კი არსებობს. მაგალითად, გაყიდულ ტყეებსა თუ საძოვრებზე მოხვედრილი მოსახლეობა სხვის ტერიტორიაზე შესვლისთვის დაჯარიმდება. ანუ თუ ტყეში კარავი გაშალე და ამასთან, მწვადიც შეწვი, დაგაჯარიმებენ. ჯარიმის გადახდა მოგიწევს იმ შემთხვევაშიც თუ–კი, თონეში პურის გამოცხობის მიზნით ტყეში გამხმარი ტოტები შეაგროვე. ჯარიმის გადახდა მაშინაც მოგიწევს საკუთარი ეზოს მოსაპირკეთებლად მდინარის ნაპირებიდან რამდენიმე ათეულ ქვას თუ აიღებ (ასეთი შემთხვევა ნამდვილად მოხდა და რიყის ქვების გამო უბრალო გლეხები დააჯარიმეს).

 

იმის გამო, რომ საძოვრები ზოგ რაიონში გასხვისებულია, გლეხისთვის საქონლის გაყვანა არც იქაა ნებადართული. ამასთან დაკავშირებით, გლეხებს თავის ტკივილი კიდევ წინ აქვთ. პარლამენტმა საძოვრების ცენტრალიზაცია გამოაცხადა და ახლა მათი მუნიციპალიტეტებისთვის ეტაპრობრივად ჩამორთმევა მიმდინარეობს.  შედეგად, მომავალში გლეხმა სახლის გვერდზე მდებარე მინდორში ძროხა რომ დააბას, თანხმობა ეკონომიკის სამინისტროდან უნდა მიიღოს თუ არადა დაჯარიმდება.

 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ამ უკანასკნელ წესებს არ გაითვალისწინებ და დაკისრებულ ჯარიმასაც არ გადაიხდი, გამორიცხული არ არის, სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მოხვდე.