საქართველოს მთავრობა “ურჩი ინვესტორების” დაჯარიმებას იწყებს. ეტყობა, მეწარმეებისა და მოქალაქეების დაჯარიმებამ შესაფერისი შემოსავალი ვერ მოიტანა და ახლა ჯერი ინვესტორებზე მიდგა.
საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კრიზისული ვითარების შემდეგ საქართველაოში ინვესტიციების ოდენობა იზრდება, ხოლო საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები არც მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებს და არც ინვესტორებს უყურადღებოდ არ რჩებათ.
იმისათვის, რომ ინვესტორების დაინტერესების შესახებ ცნობები გაამყაროს მთავრობა, ძირითადად, საპროგნოზო მაჩვენებლებს იშველიებს. მაგალითად, წლეულს დაგეგმილია 1 მლრდ დოლარის ინვესტიციების მიღება. მართალია, გეგმა როგორც წესი არ სრულდება ხოლმე, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია.
სხვათა შორის, ხელისუფლებას, რომ გადაჭარბებული მოლოდინები აქვს, ამას აქედანვე ხაზს უსვამენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გათვლებით, წლეულს საქართველოში მხოლოდ 750 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია შემოვა, სავალუტო ფონდი კი 800-850 მილიონისკაპიტალის შემოდინებას ვარაუდობს.
ერთია ინვესტიციების შესახებ გაცხადება და კონკრეტული პროექტის წამოწყება და მეორეა მისი ბოლომდე მიყვანა, დაპირებული ინვეტიციების სრულფასოვნად დაბანდების თანხლებით. ასეთი რამ კი საქართველოში სულ უფრო იშვიათად ხდება. საინვესტიციო პროექტების ბოლომდე დასრულებას უფრო და უფრო მეტი ინვესტორი გაურბის.მთავრობას, რომელსაც უცხოური ინვესტიციების მხრივ ისედაც დეფიციტი აქვს, სულაც არ აძლევს ხელს შუა გზაზე მიტოვებულიპროექტები.
ამიტომ ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ ამ ყველაფრიდან საინტერესო გამოსავალი იპოვა. მინისტრის ბრძანების თანახმად,ინვესტორი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი ინვესტიციის 0,1%-ს გადაიხდის.
ცვლილების მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსხვავებული პირობა. ეკონომიკის მინისტრის ბრძანება ძალაში 17 ნოემბერს შევიდა.
მინისტრმა სანქცია აამოქმედა, მაგრამ სამინისტროში არ არსებობს ინფორმაცია თუ რა ოდენობის “შეუსრულებელი ინვესტიცია”დაგროვდა. გარდა ამისა, ძნელად გამოსაცნობია რამდენად დაფრთხებიან “ურჩი ინვესტორები” და რა ბერკეტი აქვს ქობალიას ასეთი სუბიექტებიდან ჯარიმის ამოსაღებად.
არადა, საქართველოში მართლაც უამრავი პროექტია, რომელიც შუა გზაზეა მიტოვებული და მის დამთავრებაზე ე.წ. უცხოელი ინვესტორი არც კი ფიქრობს. მაგალითად, მსხვილი პროექტებიდან მეტროსადგურ”თავისუფლების მოედანთან” მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობა,რუსთაველის გამზირზე მდებარე “იმელის” შენობა და კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა.ამ სამი პროექტის შედეგად, სავაჭრო ცენტრი “ვილბრუკ პლატინუმ თბილისი პლაზა”, სასტუმრო კემპინსკი და სასტუმრო ”ინტერკონტინენტალი” უნდა აშენებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა დიდი ხანია გავიდა, სამივე ჩამოთვლილი პროექტი შეჩერებული და მიტოვებულია.
არაბულ “დაბი ჯგუფს”, “იმელის” შენობის ადგილას 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “კემპინსკის” მშენებლობა თითქმის დასრულებული უნდა ჰქონდეს. “დაბი ჯგუფმა” ტერიტორია “კაპიტალ ვოსტოკისაგან” შეიძინა, რომელსაც მშენებლობა 2010 წლის პირველ კვარტალში უნდა დაესრულებინა. დანგრეულ “იმელის” შენობას არც მეორე ინვეტორმა გაუმართლა. საბოლოოდ, როდის აშენდება”კემპინსკი” გაურკვეველია.
გარდა ამისა, დღემდე გაურკვეველია “პარკ ჰაიათ თბილისის”ბედიც, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულ ოფიციალურ სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, “ჰაიათის” სურათებსაც ხშირად აჩვენებს და თავს იწონებს, რომ საქართველოში ასეთი დონის სასტუმრო “შენდება”.
865
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85