მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესაწვლა პოლიტიკოსებს და ეკონომისტებს უკვე დაწყებული აქვთ. ოპოზიციას უკვე ნათლად ჩამოუყალიბდა ერთი აზრი, რომ ბიუჯეტს ხელისუფლება არჩევნების მოსაგებად მაქსიმალურად გამოყენებს.
თუნდაც ის ფაქტი, რომ 7-მილიარდიან ბიუჯეტში 1 მილიარდი ლარი “სხვა ხარჯებისთვის” არის გაწერილი, 2012 წლის სამთავრობო გეგმებს უკვე ააშკარავებს. ამიტომაც ოპოზიცია ცდილობს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს ყველა მხრიდან შეუტიოს. ამჯერად ასპარეზზე ახალი მემარჯვენეები გამოვიდნენ და მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი განათლების კუთხით შეუტიეს.
“მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა და 2012 წლის ბიუჯეტი ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის განათლება და მეცნიერება პრიორიტეტი არ არის”, - განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ განცხადებას, რომ მთავრობის ამოცანა საქართველოს მოსახლეობისთვის მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი განათლების შეთავაზებაა, აბსოლუტურად არ შეესაბამება ქვეყნის სტარტეგიული განვითარების ათპუნქტიან გეგმასა და 2012 წლის ბიუჯეტში ჩამოყალიბებული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხედვა და მასზე გამოყოფილი ხარჯები.
“თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში გაღებული ხარჯები - მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5% განათლებაზე და 0,22% - მეცნიერებაზე ერთ-ერთი ყველაზე მცირეა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, სავარაუდო იყო, რომ 2011-15 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმაში და 2012 წლის ბიუჯეტში მთავრობა ამ მიმართულებით რამე რადიკალური ნაბიჯის გადადგმას გაითვალისწინებდა.
ამის საპირისპიროდ, მთავრობის საპროგრამო დოკუმენტში წავაწყდით მხოლოდ ზოგად ფრაზებს, ისიც უკვე გატარებული რეფორმების შესახებ, ხოლო ბიუჯეტში განათლებასა და მეცნიერებაზე გამოყოფილი ხარჯების ზრდა არ არის გათვალისწინებული. ათპუნქტიან პროგრამაში მეცნიერების განვითარება საერთოდ არ არის ხსენებული”, - აღნიშნა ნაჭყებიამ.
“ახალი მემარჯვენეები” მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა აბსოლუტურად გაუგებარია და მთავრობას მოუწოდებენ დეტალურად წარმოადგინონ განათლების კუთხით გასაწევი ხარჯები.
“თავისუფალი დემოკრატები” კი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღიდან მისი წარმოდგენისა იწუნებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ონოფრიშვილი მას “არატრანსპარენტულს” უწოდებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ყველაზე გაუმჭვირვალეა, რაც კი მთავრობას აქამდე წარმოუდგენია.
“2012 წელს კერძო სექტორის მხრიდან მოსახლეობის დასაქმება ნაკლებადაა მოსალოდნელი, რისი ვარაუდის საფუძველსაც ბიუჯეტის პროექტისა და საგადასახადო შემოსავლების ნაწილები იძლევა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, შემოსულობების ნაწილი წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 602 მილიონი ლარით მცირდება, ისე როგორც, ორჯერ ნაკლები ზრდაა ჩადებული საგადასახადო შემოსავლების მხრივაც”, - აცხადებს ონოფრიშვილი.
მისთვის მიუღებელია ისიც, რომ ბიუჯეტის პროექტის ე.წ. “სხვა ხარჯების” ნაწილში თითქმის 1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, ხოლო სამინისტროებისა და სხვა უწყებების ხარჯები გაშიფრულია მხოლოდ ხელფასის ნაწილში. “ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტი არის გაუმჭვირვალე”, - აღნიშნავს ალასანიას თანაგუნდელი.
იგი ქვეყნის საგარეო ვალზეც ამახვილებს ყურადღებას “უპასუხისმგებლობად” აფასებს იმას, რომ მთავრობა მომავალ წლებში კიდევ ახალი ვალის აღებას გეგმავს.
აქედან გამომდინარე, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მთავრობას საკუთარ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს, ხოლო 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი ქვეყანაში არსებულ სოციალურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.
895
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85