ამას წინათ გიამბეთ, როგორ ჩასვეს 11 წლით “გალეონ გრუპ”-ის თავკაცი რაჯ რაჯანათამი ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობისათვის. და აი, მის საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, “გოლდმან შაცს”-ის ყოფილი დირექტორი რაჯათ გუპთა ამოტივტივდა, რომელსაც 100 წლიანი (!) ციხე ელოდება. თანაც, გამოძიება თვლის, რომ იგი რაჯას ინფორმაციას არა ფულის, არამედ ძველი მეგობრობის გამო აწვდიდა.
უოლ სთრითის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული მენეჯერი გუპთა 26 ოქტომბერს დააპატიმრეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი რაჯანათამს შიდაკორპორაციულ ინფორმაციას გადასცემდა, რითაც ეს უკანასკნელი საფონდო ბირჟაზე წარმატებულ ოპერაციებს ჩარხავდა. მართალია, გუპთა ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, მაგრამ სავარაუდოდ, სასამართლო, რომელიც ალბათ ერთ წელს მაინც გასტანს, მას ძალიან მკაცრად დასჯის. პროკურორი აცხადებს, რომ მენეჯერისათვის 100 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. ამჟამად გუპთა 10 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის სანაცვლოდაა განთავისუფლებული.
საინტერესოა, რომ გუპთას წინააღმდეგ იგივე პროკურორი გამოდის, რომელმაც რაჯანათამი 11 წლით ჩასვა. ეს გახლავთ პრიტ ბჰარარა, რომელსაც “ვაშინგტონ პოსტ”-მა ინსაიდერთა რისხვა და უოლ სთრითის შერიფი უწოდა. ასე რომ, სავარაუდოდ, გუპთას კარგი დღე არ უნდა ელოდეს.
ეგზომ მომრავლებული ინსაიდერული დანაშაულის ფონზე ალბათ საინტერესო იქნება გადავხედოთ მსგავსი საქმეების ისტორიას, რომელიც აშშ-ში 200 წელზე მეტს ითვლის. პირველი ამგვარი დანაშაულისათვის 1792 წელს ქვეყნის ფინანსთა მინისტრიეს თანაშემწე უილიამ დიუერი ჩასვეს, რომელიც სამსახურეობრივ ინფორმაციას სპეკულაციური გარიგებებისათვის იყენებდა.
ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობასთან ბრძოლამ ამერიკაში მასობრივი სახე 1929 წლის უოლ სთრითის კრახის შემდეგ მიიღო, როცა ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია შეიქმნა. კომისიას განსაკუთრებით ბევრი საქმე გასული საუკუნის 80-იან წლებში ჰქონდა. ამ პერიოდს იანკები მოიხსენიებენ როგორც ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობის ნამდვილი აყვავების ხანად.
სწორედ 80 წლებში დააპატიმრეს განთქმული ივან ბოესკი, რომელიც გახდა გორდონ გეკოს პროტოტიპი ფილმში “უოლ სთრითი”. მაშინ ბოესკის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მიუსაჯეს. თუმცა, დამნაშავემ ციხეში მსოლოდ 22 თვე გაატარა და შემდეგ ნაადრევად გაანთავისუფლეს.
ამავე პერიოდში დააკავეს მაიკლ მილკენი, რომელსაც “ნაგვის ობლიგაციების მეფე” შეარქვეს. 1989 წელს მას 90 პუნქტიანი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის იყო ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობა, თაღლითობა და გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება. ბიზნესმენმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და 200 მილიონი ჯარიმის სახით, 400 მილიონი კი დაზარალებული ინვესტორების კომპენსაციისათვის გადაიხადა. მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, შემდეგ ვადა 2 წლამდე შეუმცირეს.
აგრეთვე 80-იან წლებში გახმაურდა უოლ სთრით ჟოურნალ-ის ცნობილი ჟურნალისტის ფოსტერ უინანსის საქმე. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ იგი ინსაიდერული ინფორმაციით სპეკულირებას ეწეოდა. ამისათვის ჟურნალისტს 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ბოლო დრომდე ყველაზე მსხვილ ინსაიდერულ საქმედ სატელეკომუნიკაციო კომპანია ქვესთ კომუნიკეიშნს-ის ყოფილი თავკაცის ჯოზეფ ნაჩიოს სასამართლო ითვლებოდა. 2001 წელს გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 52 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები ისე გაყიდა, რომ კომპანიის პრობლემების შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მყიდველს არაფერი უთხრა. სასამართლო პროცესი 2007 წლამდე გაიწელა და საბოლოოდ მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ჯერ ისევ იძებნება ძალზე საინტერესო ინსაიდერული სქემის შემმუშავებელი დევიდ პაიჩინი. მას მოსყიდული ჰყავდა სტამბის თანამშრომელი, რომელიც მისთვის ბიზნეს ვიქ-ის ახალ ნომერს დაბეჭვდამდე იპარავდა. ამგვარად, გოლდმან შაცს-ის ყოფილი თანამშრომელი ინფორმაციას სხვებზე ადრე იგებდა და მას საჭირო აქციების შესაძენად იყენებდა. 2008 წელს იგი დააპატიმრეს და 5 წლით ჩასვეს, მაგრამ 2 წლის შემდეგ პირობით გაანთავისუფლეს. მაგრამ პაიჩინიმ უმალ ამერიკა დატოვა და მიიმალა. სასამართლომ მას დაუსწრებლად 8 წელი და 28 მილიონიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. სავარაუდოდ, პაიჩინი თავს მშობლიურ ხორვატიას აფარებს.
ბოლო დროს კი, სამი მსხვილი და ძალზე საინტერესო ინსაიდერული საქმე გაიხსნა. ჯერ იყო და ბერნარ მადოფი დააპატიმრეს, შემდეგ რაჯანათამი, ახლა კი გუპთა. როგორც ჩანს, ამით არ დასრულდება და უოლ სთრითს სამართალდამცავები ისევ მიაკითხავენ.
1338
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85