იტალიაში მიმდინარე მოვლენებს მთელი მსოფლიო უდიდესი ყურადღებით აკვირდება. ქვეყნის ვალმა წარმოუდგენელ ნიშნულს – 1,9 ტრილიონ ევროს მიაღწია. ანალიტიკოსთა აზრით, ეს იმდენად დიდი დავალიანებაა, რომ ევროკავშირს იტალიის დასახმარებლად არანაირი სახსრები არ ეყოფა და კრედიტის მისაღებად რომელიმე ორგანიზაციისათვის მიმართვას უბრალოდ აზრი აღარ აქვს.
ევროპულ კრიზისს ბევრი ანალიტიკოსი “ვალების ეპიდემიას” უწოდებს. მართლაც, პროცესები სწორედ რომ უმართავად და ძალზე სახიფათოდ ვითარდება და ერთი ქვეყნიდან მეორეზე გადადის. იტალიის შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების ძირითად მიზეზად ევროჩინოვნიკებსა და იტალიის მთავრობის წევრებში პოლიტიკური ნების არარსებობას ასახელებენ.
იტალიის სახელმწიფო ვალი – 1,9 ტრილიონი ევრო ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობის 120 პროცენტი გახლავთ. ასეთივე მდგომარეობა იყო 1994 წელს, რის შემდეგაც ვალმა თანდათანობით შემცირება დაიწყო, თუმცა, 100 პროცენტს არ ჩამოსცდენია. მაგრამ იტალიის სახელმწიფო ვალმა კვლავ ზრდა 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ დაიწყო.
იტალიის კრიზისთან ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგოა, რადგან ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდის მაჩვენენებელი 0 პროცენტს ოდნავ თუ აღემატება, რაც ერთ-ერთი უმდაბლესია მსოფლიოში. გასული ათწლეულის განმავლობაში იტალიის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ ჰაიტის და ზიმბაბვესას თუ აღემატებოდა.
თანაც, ყველა პროგნოზით, უახლოეს წლებში ქვეყნის ეკონომიკა ზრდას ასევე უტემპოდ გააგრძელებს. ექსპერტთა აზრით, ამგვარი მდგომარეობის დაძლევა მხოლოდ ინოვაციური, დინამიური და კონკურენტული ეკონომიკის მქონე ქვეყანას თუ შეუძლია. სხვა საქმეა, რომ ამგვარი ქვეყანა არც ჩავარდებოდა მსგავს დღეში.
საინტერესოა, რომ ბევრი ექსპერტი იტალიის მდგომარეობას, ყველაფერთან ერთად, დემოგრაფიულ პრობლემებსაც აბრალებს. კერძოდ, 2001-დან 2010 წლამდე ქვეყნის შრომისუნარიანი, 15-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის რიცხვი მხოლოდ 2 პროცენტით გაიზარდა. და ეს მაშინ, როცა მთელი დასავლეთ ევროპისათვის ეს მაჩვენებელი 8 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
კიდევ ერთი პრობლემა გახლავთ 15-29 წლის ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი, 25 პროცენტიანი მაჩვენებელი. გარდა ამისა, უმუშევრობის საოცრად მაღალი, 46 პროცენტიანი მაჩვენებელია ქალებში, რითაც იტალია ევროკავშირის “ლიდერი” გახლავთ.
გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს შრომის პროდუქტიულობის ძლიერ დაბალი მაჩვენებელი და მასთან შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები. მაგალითად, ბოლო ათწლეულში აშშ-ში შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, დიდ ბრიტანეთში 10 პროცენტით, იტალიაში კი 5 პროცენტით დაეცა. ამასთან, მსოფლიო ბანკის რეიტინგში Doing Business – 2011-ში, რომელიც ასახავს ამა თუ იმ ქვეყნის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მიმზიდველობას, იტალია 87-ე ადგილზე გავიდა და ჩამორჩა ნამიბიას, ზამბიას და მონღოლეთს.
მოკლედ, იტალია შავ დღეშია და, ანალიტიკოსთა აზრით, მთავრობის შეცვლა მას ვერ უშველის და დეფოლტის გამოცხადება გარდაუვალია. უფრო პესიმისტები თვლიან, რომ ამის შემდეგ კრიზისი საფრანგეთს შეეხება და ბოლოს საბანკო სისტემის გავლით ამერიკამდე მიაღწევს. თუმცა, თითზე ჩამოსათვლელი ოპტიმისტები ამბობენ, რომ სტაბილურობის დაბრუნების შანსი არსებობს და იტალიის ბიუჯეტის დადებით სალდოზე მიუთითებენ.
აგრეთვე, იტალიის ახალი პრემიერის, ეკონომიკის პროფესორის მარიო მონტის იმედი აქვთ. ცხადია, სილვიო ბერლუსკონი ნამდვილად არის ქვეყნის დამაქცევარი, მაგრამ პასუხისმგებლობის მხოლოდ მასზე დაკისრებაც არ იქნება სამართლიანი. არაერთ მიმომხილველს აღუნიშნავს, რომ დამნაშავე სრულიად იტალიელი ერია, რომელზეც არსებობს ერთი სახალისო გამონათქვამი: “იტალიელები დაღლილები დაიბადნენ და იმისთვის ცხოვრობენ, რომ დაისვენონ”.
ასეა თუ ისე, ბერლუსკონის ეპოქის შემდეგ გამოფხიზლებული იტალიელები კარგს ვერაფერს დაინახავენ. მათი ქვეყნის მომავალი ერთობ ავისმომასწავებელი ბურუსითაა მოცული.
872
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85