ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობას სპეციალური მიმართვით მიულოცავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიმართვა 26 მაისს, 12:00 საათზე ყველა ქართული ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება.
თბილისში, ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.
"ვარდების მოედანზე" და თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლთან, წარმოდგენილი იქნება თავდაცვის სამინისტროს ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა;
"იმელის" შენობის წინ, მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა. ამავე ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენები, კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები.
თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.
ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალაქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.