საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თბილისსა და საქართველოს 26 ქალაქში სამხედრო-საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. 12:00 საათზე თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცის მიღების ცერემონიალი მოეწყობა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი დაესწრებიან. ისინი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას მიულოცავენ.
ფიცის დადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საპატიო ყარაულის საჩვენებელი გამოსვლაა დაგეგმილი.
12:30-დან 13:00 საათამდე, თავისუფლების მოედნიდან საპატიო ყარაულის მედროშეთა და საჩვენებელი კოლოფები და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი საზეიმო მარშით რუსთაველის გამზირზე ჩაივლიან. საზეიმო სვლა ვარდების მოედანზე დასრულდება.
12:40 საათი - ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართება ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ. ქართული ჯარის ახალ წევრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე მიულოცავენ.
10:00-დან 16:00 საათამდე, ქართული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები მოეწყობა საქართველოს 11 ქალაქში: თბილისი (ვარდების მოედანი, გლდანის პარკი, ვარკეთილის IV მ/რ პოლიციის შენობის წინ), თელავი, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ამბროლაური, ახალციხე, საჩხერე და სენაკი.
14:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია "ქართული იარაღ-საჭურველის" გამოფენას გახსნის.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აღნიშვნა ფოიერვერკებით დასრულდება.
ამასთან, დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 12.00 საათზე სატელევიზიო მიმართვით მიულოცავს.