commersant.ge–ს მკითხველთა 45%–ის აზრით, ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს ეფექტურად ვერ ასრულებს

commersant.ge–ს მკითხველთა 45%–ის აზრით, ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს ეფექტურად ვერ ასრულებს

ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების მხრივ, მნიშვნელოვანი პროგრესი არცერთი მიმართულებით არ შეიმჩნევა – ასე ფიქრობს commersant.ge–ს მკითხველთა 45%, დანარჩენ მკითხველებს შორის კი უმრავლესობა ხელისუფლების მიერ ყველაზე ეფექტურად შესრულებულ წინასაარჩევნო დაპირებად ბიზნესის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას ასახელებს.

„რომელ წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს ხელისუფლება ყველაზე ეფექტურად?“ - ამ კითხვაზე commersant.ge–ს მკითხველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ბიზნესის გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან - 23%;

სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის ამოქმედება - 14%;

უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა 10%;

რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა 4%;

ენერგოტარიფებისა და საწვავის ფასის შემცირება 2%;

პენსიების და შემწეობების ზრდა 1%;

მედიკამენტების გაიაფება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა– 0%;

პრობლემური კრედიტების საკითხი – 0%;

მნიშვნელოვანი პროგრესი არცერთი მიმართულებით არ შეიმჩნევა 45%.

შედეგების შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს ვთხოვეთ. გიგლა აგულაშვილის აზრით, commersant.ge–ს იმ მომხმარებელთა მაღალი მაჩვენებელი, რომლებმაც ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ იგრძნეს, მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეების ნაკლები „პიარითაა“ გამოწვეული. აგულაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება წინამორბედისგან განსხვავებით ცდილობს საქმე აკეთოს და ნაკლები ისაუბროს უკვე მიღწეულ შედეგებზე.

„ჩვენ გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლება დიდ დროს უთმობდა არა გაკეთებული, არამედ გასაკეთებელი საქმეების ან ვირტუალურ სამყაროში მიღწეული წარმატებების შესახებ საუბარს. ჩვენი ხელისუფლება კი მეტს აკეთებს, ვიდრე ლაპარაკობს. ჩემი აზრით, ეს 45% სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც არსათანადოდ არიან ინფორმირებულნი ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებზე ან უბრალოდ, მეტი მოლოდინი აქვს, ვიდრე უკვე გაკეთდა,“ – აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

რაც შეეხება იმ 23%–ს, რომელიც ბიზნესის გათავისუფლებას აღნიშნავს, პარლამენტარის თქმით, ესაა ახალი ხელისუფლების პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგის დაფიქსირება.

„ეს უკვე შედეგია, რისთვისაც მხოლოდ ხელისუფლების ნება იყო საჭირო. სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები კი ის მიმართულებებია, სადაც შედეგის მიღებას დრო სჭირდება, თუმცა პროცესი უკვე დაიწყო და ჩვენთვის ნამდვილად პატივია, რომ commersant.ge–ს გამოკითხვაში სოფლის მეურნეობაში მიღწეული წარმატება მკითხველთა 14%–მა აღნიშნა. ეს იმას ადასტურებს, რომ ადამიანებმა პირველი შედეგები იგრძნეს და პერსპექტივებიც დაინახეს,“ – აცხადებს აგულაშვილი.