"პროკურატურას უფლება აქვს სასულიერო პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ არ მოითხოვოს"

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, “პროკურატურას უფლება აქვს სასულიერო პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს საერთოდ არ მიმართოს”.

ამის შესახებ "პირWელს" პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა.

"პროკურატურას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. ეს გამოძიების პრეროგატივაა, მიმართოს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორი სასულიერო პირი დაკავებული არაა, პროკურატურას უფლება აქვს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით საერთოდ არ მიმართოს", - განაცხადა პაიჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისის მოვლენებში მონაწილე ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე და თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 23 მაისს წაუყენეს.