გათავისუფლებული პოლიციელები პროკურატურას თამაზ თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით მათზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

გათავისუფლებული პოლიციელები პროკურატურას თამაზ თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით მათზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჭაია და შსს-დან გათავისუფლებული 15 პოლიციელი მთავარ პროკურატურას თამაზ თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით მათზე ზეწოლაში ადანაშაულებს. 

როგორც ზაზა ჭაიამ ყოფილ პოლიციელებთან ერთად პროკურატურასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უწყებამ მათ გუშინ 24-საათიანი ვადა მისცა, იმისთვის, რომ თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავების საკითხი თავის თავზე აიღონ.

"დაახლოებით, 6-7 თვის წინ, პოლიტიკური ნიშნით შსს-დან გაათავისუფლეს 15 თანამშრომელი, რომელთაც აიძულეს სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები პირადი სურვილის საფუძველზე დაეწერათ. ამის შემდეგ, დაიწყო ამ პოლიციელთა უკანონო მოსმენები და არა მარტო მათი, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვისთანაც მათ ჰქონდათ კონტაქტი. მათ აუკრძალეს საზღვარგარეთ წასვლა. დაბლოკეს მათი ნებისმიერ საჯარო სამსახურში დასაქმება და შეუქმნეს მძიმე სოციალური პირობები მაშინ როცა, ზოგიერთი მათგანი სამი და ოთხი შვილის მამაა. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი იყო გუშინ, როცა პროკურატურაში 10-12 მათგანი დაიბარეს და ულტიმატუმი წაუყენეს, 24-საათიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით არარსებული დანაშაული, რომელიმე მათგანმა დაიბრალოს", - განაცხადა ზაზა ჭაიამ.

ერთ-ერთი ყოფილი სამართალდამცველის გრიგოლ კვინიკაძის განცხადებით, პროკურატურაში მათ ისიც განუმარტეს, რომ იმ შემთხვევაში თუ დანაშაულს რომელიმე მათგანი თავის თავზე არ აიღებს, თამაზ თამაზაშვილის დაკავების საქმეში მონაწილე ყველა პოლიციელს დაიჭერენ.

"ჩვენ გუშინ დაბარებულები ვიყავით პროკურატურაში რასთან დაკავშირებითაც დღეს უწყებამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჩვენი დაკითხვა მოწმის სახით მოხდა. მინდა ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე, რადგან ეს არ ყოფილა დაკითხვა. ჩვენ უბრალოდ გვითხრეს, რომ გვაძლევენ 24- საათიან ვადას, რათა აღნიშნული დანაშაული რომელიმე ჩვენთაგანმა ჩვენს თავზე ავიღოთ. გვითხრეს, რომ თამაზაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაკავება, ვინმემ თავის თავზე უნდა აიღოს, რადგან ეს საქმე უნდა გაიხსნას", - აღნიშნა გრიგოლ კვინიკაძემ.

მან უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა პროკურატურის გამომძიებლების ვინაობა, რომლისგანაც აღნიშნული ულტიმატუმი მოისმინეს.

ამასთან, კვინიკაძე ამტკიცებს, რომ თამაზ თამაზაშვილს, რომელიც მათმა სამმართველომ დააკავა, ავტომანქანის ჩხრეკისას ავტომატური იარაღი აღმოაჩნდა, ასევე იარაღები იქნა აღმოჩენილი კახეთში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისასაც.