ვლადიმერ ხიხაძე, "ბანკები და ფინანსები"
საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ფონდებმა საქართველოში მცირე მეწარმეების დასახმარებლად ათეულობით მილიონი ლარი დახარჯეს, თუმცა ბიზნესის ეს სექტორი, განვითარების ნაცვლად, ყოველწლიურად მცირდება. მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქართული ბიზნესის მთლიან მოცულობაში, გასული წლების მსგავსად, კვლავ არ აღემატება 15%-ს. შემცირებულია საშუალო ზომის საწარმოების რიცხვი, ამ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასი. საქართველოს ეკონომიკაში როგორც ბრუნვის, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლების 60%-ზე მეტი მსხვილ საწარმოებზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი საწარმოების წილი რეგისტრირებულ სუბიექტებში მხოლოდ 7%-ია.
მთავრობამ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მოტივით, საგადასახადო კოდექსში მიკრო და მცირე ბიზნესების ცნებები განსაზღვრა. მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ფიზიკურ პირს, რომლის წლიური ბრუნვა 30 ათას ლარამდეა. ასეთი მეწარმე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება. მცირე ბიზნესის კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ბიზნესმენები, რომელთა ბრუნვა 30 ათასიდან 100 ათასამდეა. აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოებს ჰქონდათ შემდეგი განმარტება: მცირე საწარმო - დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 20 კაცს და წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს; საშუალო საწარმო - დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 100 ათას კაცს და წლიური ბრუნვა არ აღემატება მილიონ 500 ათას ლარს. მსხვილი საწარმო - დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა აღემატება 100 კაცს და წლიური ბრუნვა აღემატება მილიონ 500 ათას ლარს. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიკრობიზნესის სტატუსის შემოღებაში რევოლუციური არაფერია, რადგან ამ კატეგორიის ბიზნესმენები გადასახადებს ძველი კანონმდებლობის მიხედვითაც არ იხდიდნენ.
მთავრობის ძალისხმევით, ქვეყანაში ბიზნესის დარეგისტრირების პროცედურა გამარტივდა. კომპანიის დარეგისტრირებისთვის საჭირო ვადები შემცირდა და ამჟამად შეადგენს 5-6 დღეს. 2011 წლის იანვრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 3 932 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 98.2 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 1.8 პროცენტი - არასამეწარმეო სუბიექტი. ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა ინდივიდუალური მეწარმის (2 762 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 70.2 პროცენტი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 092 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 27.8 პროცენტი) სახით დარეგისტრირდა.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოების ბიზნესგარემო გამოიკვლიეს. მეწარმეებმა ძირითად პრობლემად კანონმდებლობის ხშირი ცვლილება დაასახელეს. გამოკითხულთა უმრავლესობის (73 პროცენტი) აზრით, ბიზნესგარემო საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების დაახლოებით 70-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა ბიზნესის წარმართვისას ინვესტიციების მოძიება იყო. მათგან, ვინც კაპიტალური ინვესტიციები განახორციელა, 77 პროცენტმა აღნიშნა, რომ ეს მათ გაუნაწილებელი მოგებიდან და საკუთარი დანაზოგებიდან სახსრების მობილიზებით მოახერხეს. მაღალი საგირავნო მოთხოვნა და საპროცენტო განაკვეთები იმ ძირითად პრობლემად დასახელდა, რიც გამოც საწარმოები საბანკო სესხებით არ სარგებლობენ, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყნის მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, რაც სრულფასოვანი ბიზნესგეგმების შედგენას და მოვლენების განვითარების პროგნოზირებას ძალიან ართულებს, ამას ემატება ბაზრის თითქმის ყველა სეგმენტის მონოპოლიზაციის მაღალი დონე, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ბაზრიდან წვრილი მოთამაშეების გამოდევნისა.
მცირე და საშუალო ბიზნესის შევიწროებას სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც უწყობს ხელს. მაგალითად, ცვლილება სათამაშო ბიზნესის რეგულირების კანონში, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ამ საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზიის მოქმედების ვადა და იგი ერთის ნაცვლად, ხუთწლიანი გახდა, რაც იმას ნიშნავს რომ 5 წლიანი ლიცენზია ამ ბიზნესით დაკავებულებს 5-ჯერ მეტი დაუჯდებათ. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევდნენ რომ დაგეგმილი ცვლილება სათამაშო ბიზნესის ხელშეწყობისა და უფრო მეტი სამართლებრივი გარანტიების შექმნისთვის იყო.
თუმცა ამ საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ, მართალია 5 წლიანი ლიცენზია უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა, თუმცა ამგვარი უპირატესობის მოპოვება ბაზრის მონაწილეებისათვის ძვირი ფუფუნება გახდა. ვინაიდან გაიზარდა ლიცენზიის ვადები, ლოგიკურია, რომ გაიზარა მისი ღირებულებაც, შესაბამისად, გაზრდილი საფასურის გადახდა ბაზრის შედარებით წვრილ მოთამაშეს გაუჭირდათ და იძულებულები გახდნენ ბაზრიდან გასულიყვნენ, სამწუხაროდ ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.
აღსანიშნავია სამარშრუტო ტენდერიც, რომელში მონაწილეობის მიღება თითქოს თავისუფალი იყო და ყველას შეეძლო, რეალურად კი სავალდებულო საბანკო გარანტია 5 მილიონი ლარი იყო, რადგანაც ამ თანხის მოძიება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ფაქტიურად წარმოუდგენელია, ამიტომ გვაქვს დღეს ერთი ფირმის მიერ მთლიანად მონოპოლიზებული სატრანსპორტო ქსელი.
თბილისის მერიის ინიციატივა, ქალაქში 1000 ახალი ჯიხურის ჩადგმის შესახებ, სადაც ჯიხურის ჩასადგმელი მიწის ფასი 100 ლარიდან იწყებოდა და 5 წლიანი იჯარით გაიცემოდა, როგორც მოსალოდნელი იყო მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს კონკურენციაში შესვლა გაცილებით უფრო ძლიერი ფინანსური შესაძლებლობების ჯგუფებთან მოუწია აქედან გამომდინარე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გამოცხადებულ პირველ აუქციონში მსხვილმა ფინანსურმა ჯგუფმა ,,ნუგეშმა” გაიმარჯვა.
მცირე ბიზნესის სავალალო მდგომარეობა ქართული ეკონომიკის სერიოზული ნაკლი და სოციალური სტაბილურობის მთავარი საფრთხეა. ვითარების გამოსწორებას ესაჭიროება ხელისუფლების პოლიტიკური ნება, მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკის არსებობა და ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორის გააქტიურება, ბიზნეს-ინკუბატორების მოწყობა, რეალურად დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის წახალისება საერთაშორისო ფონდების მიერ.
1931
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85