გიგი უგულავა - ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია

გიგი უგულავა - ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია

დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას შეფასებით, ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. გადაცემა "აქცენტებში" საუბრისას უგულავამ საკუთარი შეხედულება მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების არგუმენტით დაასაბუთა.

"დიახ, ვანო მერაბიშვილი დღეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და შევეცდები ავხსნა რატომ _ ჯერ ერთი, ის რიტორიკა, რომელსაც უმრავლესობის მხრიდან ვისმენთ, ფაქტების მანიპულაციას ეყრდნობა. ჩვენ არსად არ გვითქვამს, რომ თუ სადმე შეკითხვები არსებობს, არ იქნას გამოძიებული, პირიქით, ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული. მნიშვნელობა არ აქვს, ვენდობით თუ არა დღევანდელ პროკურატურას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა წარმოებდეს გამოძიება, თუ დანაშაულის ნიშნები არსებობს. ამიტომ, რიტორიკა, რომ ჩვენ ყველაფერს "ვაპოლიტიკურებთ" და რადგან პოლიტიკური ოპონენტის დაკავება მოხდა, მის მიმართ გამოძიების დაწყება ავტომატურად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ეს არის ყურით მოთრეული არგუმენტი.

პოლიტიკურობის ხასიათი ამ წუთას არის სხვა და ძალიან მარტივი – არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მომხდარიყო. ვანო მერაბიშვილი სწორედ იმიტომაა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მოხდა მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვება. იმ სიტუაციაში, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდში დაშვებულ ხარვეზსს და როცა ვანო მერაბიშვილი იყო პირდაპირი კონკურენტი ბიძინა ივანიშვილის, რადგან ორივე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახლდათ, ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ სახეზე გვაქვს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და მეტი არაფერი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, თბილისის მერის განმარტებით, მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მით უფრო გასაკვირია, რამდენადაც აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა სასამართლოს მისთვისაც კი არ შეუფარდებია, რომელიც მოქმედი თანამდებობის პირია და გამოძიებაზე გავლენის მოხდენის მეტი საშუალება გააჩნია.

"მე უფრო მეტი შესაძლებლობა მქონდა გამოძიებაზე გავლენა მომეხდინა", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე შეფასებით, იმ ტიპის საქმეზე, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის აყვანა მოხდა, აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა "მაქსიმუმ სამ ქვეყანას შეიძლება გამოეყენებინა".

"წინასწარ პატიმრობას ასეთი ტიპის საქმეზე თურქმეთი, რუსეთი და ბელორუსი _ მაქსიმუმ ეს სამი ქვეყანა უყენებს. სამწუხარო სწორედ ისაა, რომ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით, რაც შურისძიებას უფრო ნიშნავს, ვემსგავსებით ასეთ ქვეყნებს", - განაცხადა თბილისის მერმა.