გიგი უგულავა - საუბარია იმაზეც, რომ გელა ხვედელიძე ქვეყნიდან გაიყვანეს

გიგი უგულავა - საუბარია იმაზეც, რომ გელა ხვედელიძე ქვეყნიდან გაიყვანეს

დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები არსებობს.
როგორც უგულავამ გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა, ის, რომ ხვედელიძე არც სასამართლო პროცესზე, არც ციხეში შესული და არც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსული უნახავს ვინმეს, კითხვებს ბადებს.

თბილისის მერის ინფორმაციით, საუბარია იმაზეც, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი პირველი მოადგილე "ქვეყნიდანაც გაიყვანეს".

"გელა ხვედელიძის საქმე ბევრ კითხვებს წარმოშობს. სხვათა შორის, როცა გავიგე, რომ ის დაიჭირეს, პირველი რეაქცია რაც მქონდა, ვთქვი, ალბათ, ერთ კვირაში მერაბიშვილს დაიჭერენ-თქო. ეს შემდეგ დაადასტურა ღარიბაშვილმა თავის ინტერვიუში, როდესაც მერაბიშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ნახევარი ინტერვიუ სწორედ ხვედელიძეზე საუბარს დაუთმო. ეს ცალკე თემაა, თუმცა უშუალოდ ხვედელიძესთან დაკავშირებით ძალიან გაუგებარი გარემოებებია - ის არც სასამართლოზე უნახავს ვინმეს, არც ციხეში და მითუმეტეს, არც ციხიდან გამოსული. საერთოდ საუბარია, თითქოს ის ქვეყნიდანაც გაიყვანეს. ასე რომ, ნუ მოვიყვანთ კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად ხვედელიძის საქმეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის მერის თქმით, ხვედელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მისი დაკავების თაობაზე შს მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება და ფიქრობს, რომ "ეს სწორი და ადეკვატური ნაბიჯი იყო".

"მიუხედავად ამ საეჭვო გარემოებებისა, მე ხვედელიძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მივესალმები და ვფიქრობ, რომ სწორი და ადეკვატური ნაბიჯი იყო, თუმცა კითხვები არსებობს და ამის გამო მივიჩნევ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო და ივანიშვილმა იმოქმედა "თხა დაკლეს მე მიმაკლეს" პრინციპით", - აღნიშნა თბილისის მერმა.

გიგი უგულავას შეფასებით, სამართლიანობის აღდგენა ივანიშვილისეულ კონტექსტში უბრალოდ ამჟამინდელი უმრავლესობის უმცირესობაზე რევანშს ნიშნავს.