არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს დღევანდელ მუშაობას პოზიტიურად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს დღევანდელ მუშაობას პოზიტიურად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ მუშაობას პოზიტიურად აფასებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ განუცხადა, შსს-ს დღევანდელი მუშაობა პოზიტიურად უნდა შეფასდეს. მისივე თქმით, კარგია, რომ ორივე მოწინააღმდეგე მხარეს მიეცა აქციის გამართვის შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი ფორმით შეკრებილიყვნენ და თავიანთი პოზიციები გამოეხატათ. 

"ვხედავდით, რომ შსს-მ გაითვალისწინა ის კრიტიკა, რაც მის მიმართ იყო და დღეს ბევრად უფრო მობილიზებულები ჩანან. ალბათ ამის გამოც არის, რომ მშვიდობიანი ფორმით დასრულდა ორივე საპროტესტო აქცია", - აღნიშნა ფოფხაძემ.

არასამთავრობო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი ნინო ლომჯარია კი რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს იმ გარემოებას, რომ დღეს მხარეებს შორის არანაირი ინციდენტი და დაპირისპირება არ მომხდარა. მისი აზრით, პოლიცია დღეს უფრო მეტად იყო მობილიზებული, ვიდრე წინა აქციის დროს. ამასთან, დღევანდელ აქციაზე გაცილებით მეტი სამართალდამცველი იყო მობილიზებული, ვიდრე 17 მაისის აქციის დროს.

დედაენის ბაღში დღევანდელი აქცია "არა თეოკრატიას!" ინციდენტების გარეშე დასრულდა. არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია დედაენის ბაღში დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა.

აქციაში როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ და 17 მაისს, ლგბტ-ების წინააღმდეგ მიმართული აქციის დროს მომხდარ ძალადობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ქვყანაში შეიმჩნევა თეოკრატიის ნიშნები, რაც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ თეოკრატიის საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატები და რამდენიმე სასულიერო პირის კარიკატურა. აქციაზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ასეულობით თანამშრომელი. მათ გადაკეტილი ჰქონდათ დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები, ასევე, ბაღში შესასვლელები და არ უშვებდნენ "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლებს, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას აპროტესტებდნენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დედაენის ბაღი უკვე დატოვეს. ასევე, ტერიტორიას ტოვებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე აქციის ბოლომდე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილეებთან ერთად, რომლებიც სიტუაციას პირადად აკონტროლებდნენ.

რაც შეეხება დედაენის ბაღის გარე პერიმეტრზე პარალელურ რეჟიმში გამართულ აქციას, ტერიტორია უკვე "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლებმაც დატოვეს. როგორც აქციის დასრულების შემდეგ უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ განაცხადა, დღეს მათ დააფიქსირეს თავისი პროტესტი იმ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსა ლგბტ პირები და მათი მხარდამჭერები ეწევიან. "ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პროტესტი, ეს ყველაფერი გავაკეთეთ მშვიდობიანად, ახლა კი ყველას მოვუწოდებთ დაიშალონ და მშვიდობიანად წავიდნენ სახლში. ასვე, მოვუწოდებთ ყველას, რომ თუ სადმე გადაეყრებათ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც დღეს ჩვენ აქცია გავმართეთ, ყურადღება არ მიაქციონ", – აღნიშნა გაბედავამ.

როგორც "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა ევგენი მიქელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს პოლიციამ დაარღვია მათი უფლებები, რადგან ისინი დედაენის ბაღში არ შეუშვა. "დღეს მოხდა უპრეცედენტო, სამარცხვინო ფაქტი პოლიციის მხრიდან. მათ არ მოგვცეს საშუალება, რომ ჩაგვეტარებინა აქცია დედაენის ბაღში და ამის საშუალება მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც არცხვენენ ქვყანას და ისინი არიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. ჩვენ შევიკრიბებით ყოველთვის, როცა ისინი რაიმე ღონისძიებას დაგეგმავენ", – აღნიშნა მიქელაძემ.

მისივე თქმით, "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლები ხვალ მივლენ პროკურატურასთანაც, რადგან, აქვს ინფორმაცია, რომ თეოკრატიის მოწინააღმდეგეები ხვალ პროკურატურასთანაც იკრიბებიან. თუმცა, ევგენი მიქელაძე ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა მიზნით და რომელ საათზე იკრიბებიან აღნიშნული პირები, პროკურატურასთან.