დედაენის ბაღში და მის გარეთ გამართული ორივე აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა

დედაენის ბაღში და მის გარეთ გამართული ორივე აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა

დედაენის ბაღში აქცია "არა თეოკრატიას!" ინციდენტების გარეშე დასრულდა. არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია დედაენის ბაღში დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. აქციაში როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ და 17 მაისს, ლგბტ-ების წინააღმდეგ მიმართული აქციის დროს მომხდარ ძალადობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ქვყანაში შეიმჩნევა თეოკრატიის ნიშნები, რაც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. 

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ თეოკრატიის საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატები და რამდენიმე სასულიერო პირის კარიკატურა. აქციაზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ასეულობით თანამშრომელი. მათ გადაკეტილი ჰქონდათ დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები, ასევე, ბაღში შესასვლელები და არ უშვებდნენ "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლებს, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას აპროტესტებდნენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დედაენის ბაღი უკვე დატოვეს. ასევე, მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე ამ დრომდე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილეებთან ერთად, რომლებიც სიტუაციას პირადად აკონტროლებდნენ.

რაც შეეხება დედაენის ბაღის გარე პერიმეტრზე პარალელურ რეჟიმში გამართულ აქციას, ტერიტორია უკვე "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლებმაც დატოვეს. როგორც აქციის დასრულების შემდეგ უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ განაცხადა, დღეს მათ დააფიქსირეს თავისი პროტესტი იმ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსა ლგბტ პირები და მათი მხარდამჭერები ეწევიან. "ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პროტესტი, ეს ყველაფერი გავაკეთეთ მშვიდობიანად, ახლა კი ყველას მოვუწოდებთ დაიშალონ და მშვიდობიანად წავიდნენ სახლში. ასვე, მოვუწოდებთ ყველას, რომ თუ სადმე გადაეყრებათ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც დღეს ჩვენ აქცია გავმართეთ, ყურადღება არ მიაქციონ", – აღნიშნა გაბედავამ.

როგორც "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა ევგენი მიქელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს პოლიციამ დაარღვია მათი უფლებები, რადგან ისინი დედაენის ბაღში არ შეუშვა. "დღეს მოხდა უპრეცედენტო, სამარცხვინო ფაქტი პოლიციის მხრიდან. მათ არ მოგვცეს საშუალება, რომ ჩაგვეტარებინა აქცია დედაენის ბაღში და ამის საშუალება მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც არცხვენენ ქვყანას და ისინი არიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. ჩვენ შევიკრიბებით ყოველთვის, როცა ისინი რაიმე ღონისძიებას დაგეგმავენ", – აღნიშნა მიქელაძემ.

მისივე თქმით, "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლები ხვალ მივლენ პროკურატურასთანაც, რადგან, აქვს ინფორმაცია, რომ თეოკრატიის მოწინააღმდეგეები ხვალ პროკურატურასთანაც იკრიბებიან. თუმცა, ევგენი მიქელაძე ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა მიზნით და რომელ საათზე იკრიბებიან აღნიშნული პირები, პროკურატურასთან.