"მსჯავრდებულების მიერ სხვა პატიმრებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა 2005-2006 წლებში დასრულდა"

თავდაცის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიას განცხადებით, "მსჯავრდებულების მიერ სხვა პატიმრებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა 2005-2006 წლებში დასრულდა".

სასჯელაღსრულების, შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება ბაჩო ახალაიასა და მისი მეუღლის ანი ნადარეიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, რომლითაც ბაჩო ახალაია ციხეში პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

"მინდა, მწუხარება გამოვთქვა, ორი დღის წინ ციხეში პატიმარ ლევან კორტავას სადისტური მკვლელობის გამო. მსგავსი სახის პრობლემები ე.წ. "რაზბორკები" და პატიმრების მხრიდან სხვა პატიმრებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა 2005-2006 წლებში ჩვენს მიერ გატარებული რეფორმის შედეგად დასრულდა. სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების მინისტრის უნიათობით და უპასუხისმგებლო მიდგომით ამ ურთულესი სისტემის მიმართ, შვიდი წლის შემდეგ დავბრუნდით იმავე რეალობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბაჩო ახალაია ხელისუფლებას მოუწოდებს, "სასწრაფოდ მიიღოს გადამწყვეტი ზომები, გააანალიზოს ციხეებთან მიმართებაში არჩეული არასწორი პოლიტიკა და იგი შეცვალოს".

"იმედს ვიტოვებ ეს წერილი და ეს შემზარავი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება", - აცხადებს ახალაია.