არასამთავრობოები შსს-ს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს აქციას -

არასამთავრობოები შსს-ს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს აქციას - "არა თეოკრატიას"

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დღეს დაგეგმილ აქციას - "არა თეოკრატიას", - ამის შესახებ არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

არასამთავრობოები სამინისტროს რჩევას 17 მაისს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით აძლევენ. "დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენა. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). მივესალმებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიურობას 17 მაისს თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიების პროცესში. გამოვლენილი ძალადობის მასობრივი ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ დამნაშავე პირების დასჯას სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, უპირველესად პრევენციული ფუნქცია აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ დაფიქსირებული ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. ამ პროცესში სასულიერო პირების წინააღმდეგ ბრალდების წარდგენა სახელმწიფოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების შეფასებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილი დანაშაულისთვის რელიგიური კუთვნილებისა და სტატუსის მიუხედავად ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

"17 მაისს განვითარებული მოვლენების უკიდურესად მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს 24 მაისს დაგეგმილ აქციას - "არა თეოკრატიას" და მიიღოს ეფექტური და ადეკვატური ზომები აქციის მონაწილეთა შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან, როგორც დაანონსდა, იმავე ადგილას მოქალაქეთა სხვა ჯგუფი კონტრდემონსტრაციის გამართვას აპირებს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".