"თავიდან უნდა იქნას აცილებული რეალობის იმგვარი აღქმა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან"

აშშ-ის მთავრობის განცხადებით, მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული რეალობის იმგვარი აღქმა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან".

აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

"შეერთებული შტატების მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთა, მათ შორის, ყოფილ პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილის დაკავებასა და დაპატიმრების საქმეებს. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით საქართველოს მთავრობას, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ აღნიშნულ გამოძიებათა და სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, რათა თავიდან იქნას აცილებული რეალობის იმგვარი აღქმა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკურად მგრძნობიარე ისეთ საქმეებში, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება. შევნიშნავთ, რომ ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის საქმის წინასასამართლო, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომები ღიაა. მოვუწოდებთ [მთავრობას], გააგრძელოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. გვჯერა, რომ წინასასამართლო პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ზედმიწევნით დასაბუთებულად და შეესაბამებოდეს საერთაშორისო და ევროპულ სახელმძღვანელო პრინციპებსა და ვალდებულებებს", - ნათქვამია გაცხადებაში.