"პარტიისთვის მერაბიშვილის დაკავება დიდი დარტყმა იყო, თუმცა პოლიტიკურ მოღვაწეობას აქტიურად აგრძელებს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავება დიდი დარტყმა იყო, თუმცა პოლიტიკურ მოღვაწეობას აქტიურად აგრძელებს.

ამის შესახებ პარტიიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას პარტიის სახელით მისმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააცნო.

"ძირითადი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის და ქვეყნის ერთ-ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის ვანო მერაბიშვილის დაკავება ნათლად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების და მისი ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ გამოცხადებულ განზრახვას, ძალის გამოყენებით გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში. ხელისუფლების კამპანია შენიღბულია სამართლიანობის აღდგენით და სინამდვილეში წარმოადგენს ძალადობის გზით პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკურ ნიმუშს. ეს ნაბიჯი ახალ, მძიმე პოლიტიკურ რეალობას ქმნის ქვეყანაში და დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც ცივილიზებული ქვეყნის იმიჯს. სამწუხაროა, რომ მთავრობა უგულვებელყოფს ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, გაიზარდა უმუშევრობა, ჩვენს ქუჩებში კვლავ დაბრუნდა კრიმინალი და ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით იზრუნოს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე, მთავრობა ოპოზიციის ღია დევნით არის დაკავებული. მისი მიზანია, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპონენტების შევიწროება, კამპანიისთვის ხელის შეშლა, ოპოზიციის დეზორეგანიზაცია და დემორალიზაციის სურვილი. გარდა ამისა, დაკავება სიმბოლურ სახესაც ატარებს, აკავებენ პოლიციის მთავარ რეფორმატორს და კრიმინალთან მებრძოლს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ჩვენი ერთერთი გამორჩეული ლიდერის დაკავება ადამიანური თვალსაზრისით ძალიან დიდი დარტმაა, ჩვენ ვაცხადებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არათუ შეწყვეტს ან შეასუსტებს ბრძოლას, არამედ უფრო დიდი შემართებით შეებრძოლება მთავრობის უგუნურ და საქართველოსთვის დამღუპველ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის მზად იყო და მზად იქნება იყოს ეროვნული ღირებულებებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე", - განაცხადა ბაქრაძემ.