"აბსურდია ყველაფერი, რის დამტკიცებასაც პროკურატურა ცდილობს"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას განცხადებით, ის მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. 

როგორც სალაყაიამ დღეს "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ის მეუღლისთვის წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება.

"რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ მის უდანაშაულობაში. ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, ახლობლები მის გვერდით ვართ, მის გვერდით ვიქნებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ქვეყნიდან ნამდვილად ვიყავი წასული, მაგრამ როგორც კი შევიტყვე, მაშინვე დავბრუნდი, აქ ვარ ახლა და შეუძლიათ კიდევ ერთხელ გადაამოწმონ", - განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, აბსურდია ყველაფერი, რის დამტკიცებასაც პროკურატურა ცდილობს.

"თუ გავიქეცი ქვეყნიდან, მაშინ თანხა რატომ დავტოვე სახლში?", - აღნიშნა სალაყაიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის ამჟამად ე.წ. "მატროსოვის" ციხეშია გადაყვანილი.

პროკურატურის ცნობით, ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 7-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.