ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა

ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი შევიდა. როგორც ჩივიაშვილმა დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილთან ისაუბრებს იმ საკითხებზე და იმ სტრატეგიაზე, რასაც სამომავლოდ გააკეთებენ. 

"მოვინახულებ ვანო მერაბიშვილს, გვექნება კონსულტაციები რას ვაკეთებთ, რა სტრატეგიით მივიდივართ, შევთანხმდებით იმ საკითხებზე რა პოზიციებითაც ვაპირებთ გასაჩივრებას. ისევ იმ პოზიციაზე ვართ და მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შესაბამისად, გვაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სრულიად სხვა გადაწყვეტილებას და გააუქმებს მას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე აპელირებას მოახდენს იმაზე, რომ მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი არასდროს არ დამალვია გამოძიებას.

"მათ ამ პერიოდში რამდენჯერმე გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი, თუმცა გამოცხადნენ ყოველთვის იქ, სადაც გამოძიება იბარებდა. ბრალდებას შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის და განჩინება აეღო დაკავების შესახებ, მაგრამ მათ სამწუხაროდ, ეს არ გააკეთეს, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს იმისას, რომ ძალიან მოკლებულია არგუმენტაცია იმისა, რომ ეს ადამიანი იყოს დაპატიმრებული", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება იმ დაწესებულებას, სადაც მერაბიშვილი არის მოთავსებული, როგორც ჩივიაშვილი განმარტავს, მთავარია მერაბიშვილის უსაფრთხოება იყოს დაცული.

"ამ საკითხს წყვეტს სასჯელაღსრულების სამინისტრო, თუ რომელ სასჯელაღსრულების დაწესეეულებაში იქნება მერაბიშვილი გადაყვანილი, მთავარია მისი უსაფრთხოება იყოს დაცული", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადა დაცვის მხარეს ხვალ დღის ბოლომდე აქვს და სარჩელს მას შემდეგ შეიტანენ როდესაც სრულად იქნებიან მზად.