რუსთავში მომხდარ ტრაგედიაზე ჩვილის ბებია და ბაბუა საუბრობენ

რუსთავში მომხდარ ტრაგედიაზე ჩვილის ბებია და ბაბუა საუბრობენ

რუსთავის მე-17 მიკრორაიონში დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრები მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული გივი ჩიქობავას დედამ, ციალა ჩიქობავამ აღნიშნა, მის შვილს ფსიქოტროპული აშლილობა და შიზოფრენია აწუხებს. მისივე ინფორმაციით, დილით მისმა შვილმა თვენახევრის ახალშობილი მეორე სართულიდან გადააგდო, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ბავშვი უფალს შესწირა.

ციალა ჩიქობავას განცხადებით, მამას შვილისადმი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და აქამდე ცუდი არაფერი შეუნიშნავს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ფსიქოტროპული აშლილობა აწუხებს მის რძალსაც, დაღუპული ახალშობილის დედას თეონა ჟამურელს. იგი ამ დროისთვის სახლში იმყოფება, თუმცა კონტაქტში არავისთან შედის.

ამასთან, ჩვილის ბაბუის, ზურაბ ჟამურელის ინფორმაციით, მისი შვილი და სიძე 4 წელია, ერთად ცხოვრობენ და ისინი ორ შვილს ზრდიდნენ. მათი უფროსი გოგონა 3 წლის არის და ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა ერთმანეთი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაიცნო და მოგვიანებით მათ ორი შვილი ეყოლათ.

მათივე ინფორმაციით, ბავშვებს მშობლებთან ერთად ბებია ციალა ჩიქობავა ზრდიდა.

თვენახევრის ჩვილის მამა გივი ჩიქობავა შვილის განზრახ მკვლელობისთვის უკვე დაკავებულია. დედამისი ციალა ჩიქობავა რუსთავის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ციალა ჩიქობავას თქმით, სამი წლის შვილიშვილს, რომელიც ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდა, თავად გაზრდის.