ზაქარეიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, ვიდრე პროცესები არ დასრულდება, ქულების დაწერას ნუ მოისურვებს

ზაქარეიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, ვიდრე პროცესები არ დასრულდება, ქულების დაწერას ნუ მოისურვებს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, ვიდრე პროცესები არ დასრულდება, ქულების დაწერას ნუ მოისურვებს. 

ასე გამოეხმაურა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვანუატუს აფხაზეთის აღიარება უკან არ წაუღია.

"ამიტომაა, რომ საუბედუროდ, სააკაშვილი წინ ასწრებს მოვლენების განვითარებას და ეს შემაშფოთებელია, მარტში უკვე მქონდა კონკრეტული ინფორმაცია და საპარლამენტო მოსმენისას ვთქვი რომ, არსებობს გარკვეული მუშაობა სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის აღიარების უკან წაღებასთან დაკავშირებით და ყველას ვთხოვთ, რომ დროზე ადრე არ ისაუბრონ. სააკაშვილი კი მოახტა თვითმფრინვს და გარკვეული ღონისძიებები განახორციელა. აღიარების უკანწაღება ახალი მთავრობის დროს ხდება და არა სააკაშვილის მთავრობის დროს, როცა მოხდა ოკუპაციაც და აღიარებებიც. ასე, რომ, ვისი დამსახურებაც არ უნდა იყოს ეს, იქნება საქართველოს წარმატება. მე სააკაშვილს ვთხოვ და ვურჩევ, ვიდრე პროცესები არ დასრულდება, მანამდე ნუ მოინდომებს ქულების დაწერას, მერე მივუწერთ მასაც ქულას თუ ასე სჭირდება, თორემ ახლა ჩავა იაპონიაში და მერე იტყვის, რომ მზის ამომავალ ქვეყანაში საქმე ჩააწყო და საქართველოში ყოველთვის დროულად ამოვა მზე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის მტკიცებით, "ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის უკანწაღება სააკაშვილის ფანტაზიაა".

"ვანუატუს ხელისუფლებაში ნამდვილად არსებობს სხვადასხვა მოსაზრება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ.

მისივე თქმით, ის, რაც ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილთან საუბარში განაცხადა, პრემიერის პირადი მოსაზრებაა და ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ გამოხატავს.

ხინთბას მტკიცებით, ვანუატუ დღეს დიდი ზეწოლის ქვეშაა მათგან, ვინც მისი აფხაზეთთან ურთიერთობის წინააღმდეგია.

"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაძლებლობის ფარგლებაში პოლიტიკურ-დიპლომატიური პროვოკაციების დაუშვებლობის თვალსაზრისით ყველა აუცილებელ ქმედებას განახორციელებს", - აღნიშნა მან.