ზურაბ ჭიაბერაშვილი მისი დაკავებისას დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს

ზურაბ ჭიაბერაშვილი მისი დაკავებისას დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს

კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი მისი დაკავებისას დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მისი აყვანა, როგორ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მხოლოდ იუსტიციის მინისტრს შეეძლო.

ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა, რის კონტექსტშიც, მისი და ვანო მერაბიშვილის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.

"მე სიცოცხლის ბოლომდე მაქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი და ჩემი დაკავება უნდა განეხორციელებინა მხოლოდ იუსტიციის მინისტრს, როგორც საქართველოს ნომერ პირველ პროკურორს, რაც არ იქნა შესრულებული. რაც შეეხება ბრალდებას, ის არის აბსურდული. ქვეყანაში, სადაც ძირითადი პრობლემა დასაქმებაა, ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მიმართ დევნის, ახალი სამუშაო ადგილის შექმნისთვის, დაწყება აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. სამართლიანი სასამართლოს პირობებში დავამტკიცებთ სიმართლეს, რომ ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად კეთილ განზრახვას ჰქონდა ადგილი - ქვეყანაში აღგვერიცხა სამუშაოს ყველა მაძიებელი და თუკი გავიმარჯვებდით საპარლამენტო არჩევნებში, თანდათან გვეზრუნა ყველას დასაქმებაზე", - განუცხადა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება გუშინდელ სასამართლო პროცესს, კახეთის გუბერნატორის შეფასებით, ბრალდების მხარის არგუმენტაცია, თუ რის გამო უნდა მომხდარიყო მისი და ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება, უსუსური იყო.

"საოცრად უსუსური იყო პროკურატურის არგუმენტები, თუ რატომ უნდა ვყოფილიყავით პატიმრობაში. ერთ-ერთი მოტივაცია გახლდათ ის, რომ შეიძლებოდა მივმალულიყავი, რადგან, როგორც დიპლომატს, უცხოეთში მაქვს კონტაქტები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კონტაქტები აბსულუტურად განსხვავებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კონტაქტებისგან, რომელიც მათ აქვთ – ვგულისხმობ, კრიმინალურ სამყაროს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩემი კონტაქტები წარმოადგენენ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითონ დგანან ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. თანაც, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ საჯაროდ, რომ ღია პოლიტიკურ მოღვაწეობას ვაგრძელებთ და არსად დამალვას არ ვაპირებთ", - აღნიშნა გუბერნატორმა.

გარდა ამისა, ჭიაბერაშვილის განმარტებით, ის დაკითხვაზე მისვლისას დარწმუნებული იყო, რომ დააკავებდნენ.

"როცა 13 თებერვლის დაკითხვაზე დამიბარეს, უწყებაში მითითებული იყო, რომ მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და მქონდა უფლება არ წამეყვანა ადვოკატი, როცა პროკურატურამ 20 მაისს ჩამაბარა უწყება, მაში განსხვავებული რამ ეწერა – არ იყო მითითებული, რომ მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და აღნიშნული იყო, რომ მქონდა უფლება ადვოკატით მივსულიყავი. ამან შემიქმნა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მე აუცილებლად დამაკავებდნენ დაკითხვის შემდეგ. სწორედ ამიტომ, დილით, როცა ავდექი, ტანსაცმელი და ყველა საჭირო ნივთი ჩავალაგე, რაც დაკავების შემთხვევაში დამჭირდებოდა, მათ შორის კბილის ჯაგრისიც კი და გამოვცხადდი დაკითხვაზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი დაკავება მოხდებოდა. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არსად გაქცევას არ ვაპირებთ, პირადად მე ცხოვრებაში არასდროს არც ერთი პრობლემისგან არ გავქცეულვარ", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა სასამართლოს მიმართოს მისი დაკავებისას დაფიქსირებული პროცესუალური დარღვევების გამო, კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

ამასთან, ჭიაბერაშვილმა საქართველოს მთავრობასაც მიმართა და მოუწოდა, დაფიქრდეს, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება რამდენად უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

"მართლა სასწაული უნდა ხდებოდეს, რომ იმ პირობებში, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოება გვიყურებს, როცა წინ გველოდება ვილნიუსისი სამიტი, როცა საქართველო აკაკუნებს ნატოს კარზე, ქვეყანას შევუქმნათ ასეთი უარყოფთი იმიჯი და დავაპატიმროთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, განვახორციელოთ დევნა სხვა პირების მიმართ, ეს უარყოფიდან აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე", - განაცხადა პრეზიდენტის რწმუნებულმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ის კახეთის რეგიონში საკუთარ საქმიანობას გააგრძელებს.

"მე გავაგრძელებ ჩემს სამსახურს. გუშინ, სასამართლო პროცესიდანაც გადავძახე გიორგი ღვინიაშვილს, რა ხდება ბაკურციხეშიმეთქი. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და კახელების გვერდზე დგომას", - დასძინა ჭიაბერაშვილმა.