"ივანიშვილს აქვს ფსიქიკა, რომელიც ორიენტირებულია გაქცევაზე"

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს "აქვს ფსიქიკა, რომელიც ორიენტირებულია გაქცევაზე".

ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში დაბრუნებისას განუცხადა.

"1 ოქტომბერს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ძალაუფლება სრულად გადააბარა ახლადარჩეულ, გამარჯვულ პარტიას, ამით საქართველოში შექმნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი იმისა, რომ ხელისუფლება თავისუფალი და კონკურენტული გზით გადაეცა ერთი პარტიიდან მეორეს. ეს იყო ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რატომ ვამბობ ამას: იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც სულ მალე თაფლობის თვე დაუმთავრდება და რეალური კრიზისები დაუდგება წინ, ისევე როგორც ყველა მომდევნო ხელისუფლებას, ეცოდინება რა, რომ სამართლიანი, თავისუფალი ტრანზიციის ანუ ძალაუფლების გადაცემის შემდეგ იქნება სამართლიანობის აღდგენის მსხვერპლი და ამ სამართლიანობის აღდგენას თავში ჩაუდგება ლაშა ნაცვლიშვილი, ნანა კაკაბაძე და ახლა უკვე თენგიზ კიტოვანიც დაემატა, ბუნებრივად მოეპოტინება, ჩაებღაუჭება ძალაუფლებას და შეეცდება, არ გაუშვას ხელიდან. ეს ნიშნავს, ჩვენ შევალთ იმ სპირალში, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ამიტომ ამ კუთხით უნდა დაფიქრდეს მთავრობა, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანას დიდ საფრთხეს აყენებს", - განაცხადა უგულავამ.

დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამსაც გამოეხმაურა.

"ამ ამბებთან დაკავშირებით გამახსენდა ბატონ ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან ერთი საინტერესო რამ ახსენა, რომ ვისაც ჭკუა ჰქონდა, გაიქცა. მან ასეთი ფრაზა იხმარა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ დღემდე არ დატოვა ბატონმა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა, უფრო სწორედ, შეაჩერა გამოსვლის პროცედურა. რატომღაც არავინ დაინტერესებულა, რატომ არ აიღო საქართველოს მოქალაქეობა, როდესაც ის უკვე 8 თვეა, პრემიერ-მინისტრია. იმიტომ, რომ მაგ ადამიანსაც აქვს ეგ ფსიქიკა, რომელიც ორიენტირებულია გაქცევაზე", - განაცხადა უგულავამ.