"მერაბიშვილის პროცესი ვილნიუსის სამიტამდე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის ბორის იაროშევიჩის განცხადებით, "ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესი ვილნიუსის სამიტამდე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება".

ამის შესახებ იაროშევიჩმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენციის "საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიის მომავალი გამოწვევები" დაწყებამდე განუცხადა.

"ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაწარმოებთ პროცესიის მონიტორინგს. ამაზე მეტყველებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების ქეთრინ ეშთონისა და შტეფან ფულეს გუშინდელი განცხადება. რა თქმა უნდა, ველით, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება. ჩვენ ასევე აქტიურად ვიქნებით ჩართული მონიტორიგნის პროცესში, როგორც სხვა საქმეებთან მიმართებაში. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ ვილნიუსის სამიტია", - განაცხადა იაროშევიჩმა.